Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„მთავარი უბედურება ისაა, თავად რომ არის ადამიანი ყველაფერში დამნაშავე, თავად არის საკუთარი თავის მტერი, იმიტომ რომ, მთელი სიცოცხლე გაორებულია, გაორებული კი არ არის, ყველაფერი ორი აქვს მომადლებული ბუნებისგან, არა მარტო ფეხი, ხელი, თვალი თუ ყური – ფიქრიც, მიზანიც, თვალსაზრისიც, სურვილიც… მდინარესავით ორ ნაპირს შორის მიედინება სულ, გაჩენის დღიდან, და აქამდე არ იცის, ვერ დაუდგენია, რომელ ნაპირს მიეტმასნოს უფრო მეტად, რომელს მიეხეთქოს მთელი ძალით, რომელს მიეფეროს და რომელს გაულაწუნოს მღვრიე ტალღა სილასავით. მთელი სიცოცხლე ირჩევს, მაგრამ ალბათ ისე შეუერთდება ზღვას (ალბათ კი არა, შეუერთდა და ეგაა!), ანუ ისე დაიკარგება, გაითქვიფება, გაქრება უსასრულობაში, არარაობაში, სიკვდილში – არჩევანს ვერ მოასწრებს, საშოვარზე წამოსული, ხელცარიელი დაუბრუნდება გამჩენს. მიწა ხარ და მიწად იქეციო, ანდა წყალი იყავ და წყლად წადიო – მიაძახებს მისი მარადიული მერყეობით გულგაწყალებული ჭირისუფალი”.