ჯოზეფ უოლტერ ჯექსონი – „ეპიზოდი”

ლეგენდად ქცეული ამერიკელი მუსიკოსის – მაიკლ ჯექსონის სიმკაცრით გამორჩეული მამა – ჯოზეფ უოლტერ ჯექსონი (1928-2018 წლები), ვინაც თავდაპირველად პროფესიონალ მოკრივედ აპირებდა შედგომას, თუმცა-კი, საბოლო ჯამში, ჯექსონების მუსიკალური ოჯახის ერთგვარ „პატრიარქად” იქცა, სანამ კეტრინ ესთერ სკრიუსზე ოფიციალურად დაქორწინდებოდა, ორი მნიშვნელოვანი დილემის წინაშე იდგა. პირველი – იგი ქორწინებაში იმყოფებოდა და მეორეც – მისი რჩეული ქალი მცირეწლოვანი გახლდათ (17 წლის ასაკის). მიუხედავად ამისა, ჯოზეფმა ორივე დილემა დაძლია და 1949 წელს კეტრინზე მაინც დაქორწინდა. დროთა განმავლობაში ჯექსონების წყვილს შვილები გაუჩნდა, რომელთა აღზრდაც მამამ სასტიკი მეთოდებით დაიწყო. იგი შვილებისაგან მოითხოვდა, რომ მკაცრად დაეცვათ დისციპლინა. ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც ჯოზეფმა მოგვიანებით მისცა ჟურნალისტს, აღიარა, რომ შვილებს ხშირად ქამრით სცემდა, თუმცა ამას არ ნანობდა, რადგან სწორედ ამ გზით აარიდა ისინი ეგზომ მომრავლებულ ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებში გაწევრიანებას.

მამის გადამეტებული სიმკაცრის შესახებ თავად მაიკლიც საუბრობდა ხოლმე. მისი გადმოცემით, ჯოზეფი შვილებს არა მხოლოდ ფიზიკურად უსწორდებოდა, არამედ უკიდურესად ამცირებდა კიდეც. თანაც არა მხოლოდ ბავშვობის ჟამს, არამედ მოზრდილობაშიც კი. განსაკუთრებით ხშირად ჯექსონები მაინც რეპეტიციების ჟამს ხდებოდნენ მამის მსხვერპლი თურმე. „რეპეტიციის მიმდინარეობისას მამაჩემი სავარძელში იჯდა ქამრით ხელში და ელოდებოდა, რომელი მათგანი დავუშვებდით შეცდომასო”, – იგონებდა „პოპის მეფედ” წოდებული დიდი ამერიკელი მუსიკოსი. თავის მხრივ, სკოლიდან სახლში დაბრუნებული ჯექსონები ვალდებულები იყვნენ ხუთსაათიანი დამღლელი რეპეტიციები გაევლოთ ყოველდღიურად.

გარდა ამისა, ჯოზეფი აქტიურად ერეოდა შვილების პირად ცხოვრებაშიც. იგი მკაცრად აკონტროლებდა თავისი მემკვიდრეების მოქმედებებს ყველანაირ ასპექტში: შვილებს ვინმესთან დამეგობრების უფლებას არ აძლევდა და სახლიდანაც აუცილებლობის გარეშე არასოდეს არ უშვებდა. – (ავტორი გენია.ჯი)

მაიკლ ჯექსონი

კეტრინ ჯექსონი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>