ვიქტორ ჰიუგო – „ეპიზოდი”
20 წლიანი შრომატევადი მუშაობის შემდეგ, ვიქტორ ჰიუგომ თავის უკვდავ ლიტერატურულ ქმნილებაზე – „საბრალონი”, მუშაობა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ყოფნის ჟამს დაასრულა. იმისათვის, რომ სამუშაო დრო როგორმე გაეხანგრძილვებინა, რამდენიმე თვის განმავლობაში ავტორი დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა საკვებს… დილით – 9 საათზე. (ავტორი გენია.ჯი) გასათვალისწინებელია, რომ „საბრალონი”-ზე მუშაობას მაშინ მორჩა ნაპოლეონ III ბონაპარტის დიქტატურის მიერ დევნილი სახელოვანი ფრანგი მწერალი, როდესაც მისი ნაწარმოებების გამოქვეყნება საშიშროებასთან იყო დაკავშირებული მკაცრი ცენზურის გამო. მიუხედავად ამისა, ვიქტორის ახალი ლიტერატურული ქმნილების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ (1861 წელს) მაინც დიდი ინტერესი გამოიწვია გამომცემლებში. ისინი მზად იყვნენ, დიდი ფული გაეღოთ, ოღონდ კი პირველებს თავად გამოეცათ ბუმბერაზი ფრანგი მწერლის ახალი ნაწარმოები. ერთ -ერთმა საგამომცემლო სახლმა ავტორს იმ პერიოდისათვის მართლაც რომ შთამბეჭდავი ოდენობის ჰონორარი შეაძლია ამისათვის – 150 000 ფრანკი, თუმცა ჰიუგომ შეთავაზებულზე უარი ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვებით განაცხადა – „გრანდიოზულ რომანს გრანდიოზულივე ჰონორარი შეესატყვისებაო”.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა ასპარეზზე ვიქტორის შემოქმედებაზე ფანატიკურად შეყვარებული ბელგიელი ტიპოგრაფი – ალბერტ ლაკრუა (ცნობისათვის, ეს ის პიროვნებაა, რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა ემილ ზოლასა და ძმები გონკურების ლიტერატურული ქმნილებები). 28 წლის ასაკის მქონე დამწყებმა ტიპოგრაფმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ჰიუგოსაგან „საბრალონი”-ს გამოქვეყნების უფლება მაინც მოეპოვებინა. ამისათვის კი მოგეხსენებათ, რომ „გრანდიოზული” თანხა იყო საჭირო. შედეგად, ალბერტმა ბანკიდან აიღო 300 000 ფრანკის ოდენობის კრედიტი (თანამედროვე ექვივალენტით – 3 მილიონ 800 ათასი დოლარი). საყურადღებოა, რომ ეს გახლდათ ისტორიაში პირველი სესხი, რომელიც ბანკმა წიგნის გამოცემაზე გასცა.
„გრანდიოზულმა” ჰონორარმა ჰიუგო დააკმაყოფილა და ალბერტს შეთანხმების ნიშნად ხელიც ჩამოართვა.
დანახარჯი ბელგიელმა გამომცემელმა მალევე აინაზღაურა. რამდენიმე ხანში კი კარგ მოგებაზეც გავიდა.
ჰიუგოს ახალმა რომანმა მკითხველი ძალიან მოხიბლა. თუმცა იყვნენ კრიტიკოსებიც. ასე მაგალითად: მისით უკმაყოფილება გამოხატა დიდმა ფრანგმა მწერალმა – გუსტავ ფლობერმა. „საბრალონი” – მხოლოდ სულელ კათოლიკე-სოციალისტებს თუ მოეწონებათო”, – ამბობდა იგი. ამ დროს კი, გუსტავის ნაწარმოები – „სალამბო” მთელი 6 თვის განბმავლობაში არ გამოქვეყნებულა იმ მიზეზით, რომ მკითხველთა ყურადღება ჰიუგოს „საბრალონი”-სკენ იყო მხოლოდ მიპყრობილი. – (ავტორი გენია.ჯი)