დენ სიაოპინის შესახებ…
დენ სიაოპინი – გახლდათ ის ადამიანი, რომელიც არასოდეს იკავებდა ქვეყნის ხელისუფალის პოსტს და, მიუხედავად ამისა, ჩინეთის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ფაქტიურ გამგებელს 1970 წლიდან 1990 წლის დასაწყისამდე მაინც იგი წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მან შეიმუშავა ეგზომ დღეისათვის წარმატებული პრინციპი, სახელოწდებით – „სოციალიზმი ჩინური პრინციპებით”, რომელმაც ჩინეთი ზესახელმწიფოდ აქცია ყველა სახელმწიფოებრივი კუთხით (ეკონომიკურად, სოციალურად, შეიარაღებული ძალების სიძლიერით და ასე შემდეგ).
სოფლელი ინტელიგენტის ვაჟს დედა სიყმაწვილის ჟამს გარდაეცვალა. მას შემდეგ მამამისმა რამდენიმეჯერ კიდევ იქორწინა, თუმცა ყოველ ჯერზე ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ასეთი საქორწინო ორომტრიალისა, დენ ვენმინი (სიაოპინის მამა) მაინც ახერხებდა საკუთარი ვაჟისათვის კარგი განათლების მიცემას. ამიტომაც მიიყვანა პატარა ვაჟიშვილი ჩუნცინის საუკეთესო სკოლაში სასწავლებლად. 1919 წელს ჩინეთის მომავალი „რუხი კარდინალი” სხვა გამორჩეულად ნიჭიერ და წარმატებულ 80 ჩინელ სტუდენტთან ერთად სასწავლებლად პარიზში გაემგზავრა. საინტერესოა ის გარემოება, რომ იმ პერიოდში დენ სიაოპინის გარდა, საფრანგეთის უმშვენიერეს დედაქალაქში სწავლის კურს გადიოდნენ ისეთი საყოველთაოდ ცნობილი აზიელი რევოლუციონერი პოლიტიკოსები, როგორებიც იყვნენ – ვიეტნამის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი – ხო ში მინი; უკიდურესი სიმხეცით გამორჩეული „წითელი ქმერები”-ს მეთაური და კამბოჯის პირსისხლიანი პრემიერ-მინისტრი – პოლ პოტი; ჩინეთის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პირველი ხელმძღვანელი – ჩჟოუ ენლაი და სხვანი და სხვანი.
მას შემდეგ, რაც იგი ქვეყნის ფაქტიური მმართველი გახდა და უზარმაზარი ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, სხვა აზიელი მმართველებისაგან განსხვავებით, საკუთარი პიროვნების კულტად ქცევას არ შეუდგა. მათგანვე განსხვავებით, დენ სიაოპინი არ იდგამდა ძეგლებს, არ იჯილდოებდა თავს სხვადასხვა ჩინებითა და მრავალრიცხოვანი ორდენებით. ოფიციალურად, სიაოპინს ერთობ მოკრძალებული სახელმწიფო თანამდებობა ეკავა – ცენტრალური სამხედრო საბჭოს მე-3 თავჯდომარე. მისი ბუნებიდან გამომდინარე, საკუთარ თავს არც არასოდეს მიიჩნევდა დიდ სახელმწიფო მოღვაწედ.
მას ასევე გამოარჩევდა ისიც, რომ ვერ იტანდა ქებას, მაამებლობას. მოიხსენიებდნენ უბრალო სახელით – „ამხანაგი დენი”. მიუხედავად უამრავი შესაძლებლობისა, შვებულებაში გასული არც ერთ კურორტზე არ მიდიოდა დასასვენებლად. ერთადერთი ადგილი, სადაც ჩინეთის რეფორმატორი „რუხი კარდინალი” შვებულების გატარებას ამჯობინებდა, მისივე მშობლიური სოფელი იყო.
1989 წელს მან ოფიციალურად დატოვა თავისი მოკრძალებული პოსტი და პოლიტიკას გამოეთხოვა. მიუხედავად ამისა, მან თავისი ხალხის სულიერი ლიდერის ფუნქცია მაინც შეინარჩუნა. დენ სიაოპინი საკუთარ ხალხს ყოველთვის შეახსენებდა, რომ ქვეყნის წარმატების უპირველესი ქვაკუთხედი – ეკონომიკის აღორძინება გახლდათ. „იმუშავეთ, გამოიჩინეთ ინიციატივა, ნუ იჯდებით უსაქმოდ, მოკლედ – დაიჭირეთ თაგვები”. – დენ სიაოპინის ეს ანდერძი დღემდე აქტუალურია ჩინეთში. ქვეყანაში, რომელმაც თავის ძლევამოსილებას სწორედ რომ მის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების წყალობით მიაღწია. – (ავტორი გენია.ჯი)