ლატარია – „ეპიზოდი”
ისეთი საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ორგანიზებული აზარტული გათამაშება, როგორიც გახლავთ - ლატარია, სათავეს კაცობრიობის ცივილიზაციის უადრეს პერიოდებში იღებს. იგი პირველად ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ მითოლოგიებში იქნა მოხსენიებული. (ავტორი გენია.ჯი) აი, ევროპის კონტინენტის ისტორიაში კი პრაქტიკაში ლატარიის გათამაშება პირველად გამართული იქნა გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერის – იან ვან ეიკის ქვრივის – მარგარეტ ვან ეიკის მიერ და იგი დაკავშირებული გახლდათ ამ უკანასკნელის სახელოვანი მეუღლის გარდაცვალებიდან 25 წლის აღსანიშნავად. მარგარეტმა ლატარიის გათამაშებას ევროპის კონტინენტზე 1466 წლის 24 თებერვალს, ბელგიურ ქალაქ ბრიუგეში ჩაუყარა საფუძველი.
დროთა განმავლობაში, ლატარია სხვა ევროპულ ქვეყნებშიც იქნა გავრცელებული. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა გახლდათ ინგლისი. აღნიშნულ ქვეყანაზე ყურადღება რამდენიმე საინტერესო გარემოების გამო გავამახვილე, რომელიც თავის მხრივ, სწორედ რომ ლატარიის გათამაშებასთან გახლავთ დაკავშირებული.
ევროპის კონტინენტზე პირველი „ეროვნული ლატარია” მოწყობილი იქნა 1567 წელს ინგლისის „ქალწულ-დედოფლად” წოდებული – ელისაბედ I ტიუდორის უშუალო ინიციატივით. ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც ქვეყნის ხაზინა დაცარიელებული იყო. არადა, დედოფლის გეგმა მისი მმართველობის დასაწყისში, უპირველეს ყოვლისა, ფლოტის მოდერნიზებას ისახავდა მიზნად. ძლიერი ფლოტის შექმნას კი, მოგეხსენებათ, დიდი ფული ესაჭიროებოდა.
დედოფალს სულ რაღაც ორიოდე არჩევანი გააჩნდა: ან გადასახადები უნდა გაეზარდა მოსახლეობისთვის, ან კიდევ ლატარიის გათამაშება მოეწყო, ოღონდ საერთოეროვნულ დონეზე. გინიერმა და შორმსჭვრეტელმა მონარქმაც არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა და არც შემცდარა. ერთი ლატარიის ბილეთი – 10 შილინგი ღირდა (ერთი ფუნტი-სტერლინგი – 20 შილინგის ექვივალენტს წარმოადგენდა). აღნიშნული თანხა დაბალი სოციალური ფენის მქონე მოსახლეობისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, რის გამოც ლატარიაში ჩართული იქნენ მხოლოდ და მხოლოდ მდიდარი ინგლისელი მოქალაქეები. პირველი გამარჯვებული – 5 000 გირვანქა-სტერლინგის მფლობელი გახდა, თუმცა მისი სახელი, სამწუხაროდ, ისტორიას არ შემორჩენია. საერთო ჯამში პირველი ეროვნული ლატარიის 400 000 ბილეთი იქნა გაყიდული სახელმწიფოს მიერ.
იმისათვის, რომ ინგლისელები დაეინტერესებინა ლატარიის გათამაშებით ელისაბედს, მან ერთობ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო: ლატარიის ბილეთი მის მფლობელი სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებოდა. ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებულისათვის საკმარისი იყო მოსამართლისათვის წარედგინა ლატარიის ბილეთი, რომ იგი უმალვე თავისუფლდებოდა სასამართლო დარბაზიდან და მაშასადამე, სისხლის სამართლებლივი დევნისაგანაც. თუმცა, ლატარიის ბილეთი ვერ შველოდა ისეთ მძიმე დანაშაულობებს, როგორებიც გახლავთ – მკვლელობა, სამშობლოს ღალატი და მეკობრეობა. – (ავტორი გენია.ჯი)