ფრანსუა დე მონმორანსი-ბუტვილი – „ეპიზოდი”
XVII საუკუნეში საფრანგეთის მეფემ – ლუი XIII დე ბურბონმა კარდინალ რიშელიესთან ერთად გამოსცა კანონი, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კრძალავდა იმ პერიოდისათვის ერთობ გავრცელებული საშინელი ტრადიციის – დუელების გამართვას. დუელებისა, რომელთაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კანონი ვრცელდებოდა ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე. მათ შორის – ფრანგ დიდებულებზეც. იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელიდან რომელიმე მათგანი გარისკავდა დუელის გამართვას, დამნაშავე მინიმუმ ისჯებოდა დიდებულის საპატიო ტიტულის ჩამორთმევით, მაქსიმუმ – ეშაფოტზე ასვლით.
სწორედ მაშინ მოუხდა უთანხმოება დე-ლიუსის სუვერენულ გრაფს – ფრანსუა დე მორმორანს-ბუტვილს დე-ბევრონის გრაფთან – გი დ’არკურთან. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთი დუელში გაიწვიეს, მაგრამ, რადგანაც ლუისა და რიშელიეს განაწყენებას მოერიდნენ, დუელის გასამართად ისინი ესპანეთის ნიდერლანდებში გაემგზავრნენ (ჰაბსბურგების ნიდერლანდების ერთ-ერთი სახელი, რომელსაც მართავდა ჰაბსბურგების ესპანეთის დინასტია 1556 წლიდან 1714 წლამდე). ორი სახელოვანი სტუმარი ფრანგი დიდებულის გეგმა მალევე ცნობილი გახდა ესპანეთის ნიდერლანდების დედოფალი-რეგენტის – ელიზაბეტ დე ბურბონისთვის, რომელმაც მათ დუელის ჩატარების უფლება აღუკვეთა. რამდენიმე ხანში, ფრანსუამ ლუის ელიზაბეტის საშუალებით თხოვნით მიმართა, რათა მისთვის სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცა. საპასუხოდ ფრანგმა დიდებულმა მეფისაგან უარი მიიღო, რამაც ფრანსუა უკიდურესად განარისხა. ამიტომაც გადაწყვიტა მან თავისებურად ეძია შური მონარქზე.
სამშობლოში, კერძოდ კი პარიზში, ორივე დუელიანტი სხვისი გვარ-სახელებით შეიპარნენ. შეიპარნენ და მალევე მეფეზე გამწყრალმა დუელიანტებმა ყველასდა გასაკვირად სწორედ რომ სამეფო მოედანზე (ფაქტობრივად მეფისა და რიშელიეს თვალწინ) გამართეს დუელი. ამ უკიდურესად თავხედური საქციელით შურისძიების გრძნობით ანთებულმა დუელიანტებმა საჯაროდ გამოხატეს თავიანთი უპატივცემულობა მეფისა და კარდინალ რიშელიეს მიმართ. ფრანსუასა და გი დ’არკურს თავიდანვე კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული, რა შედეგი მოჰყვებოდა მათ მიერ ჩადენილ გამაოგნებელ ქმედებას. შედეგიც სწორედ ისეთი დადგა, როგორსაც ვარაუდობდნენ – 1627 წლის 22 ივნისს ორივე ფრანგ დიდებულს – ეშაფოტზე თავები დააყრევინეს შეურაცხყოფილი მეფისა და რიშელიეს უშუალო ბრძანებით. – (ავტორი გენია.ჯი)