ბალდუინ IV კეთროვანის შესახებ…
„ჯვაროსნული ლაშქრობების” შედეგად ახლო აღმოსავლეთში ევროპელმა რაინდებმა რამდენიმე სახელმწიფო დააარსეს. მათ შორის ფრანგების მიერ ჩამოყალიბებული იქნა – იერუსალიმის სამეფო, რომელსაც თავის მხრივ, უამრავი მორწმუნე აწყდებოდა რიგი ევროპული ქვეყნებიდან. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, რომ XII საუკუნე განსაკუთრებით ჰქონდა მოცული სხვადასხვა საშინელ დაავადებებს. ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ სენს კი მაშინ „ფინიკიურ დაავადებად” წოდებული – „კეთრი” წარმოადგენდა, რომლის განკურნებაც იმ პერიოდის მედიცინას არ ძალუძდა. ის კი არადა, ეკლესია კეთროვანებს ფორმალურად – გარდაცვლილებადაც აცხადებდა. იმის გამო, რომ კეთროვანს სხვათათვისაც არ გადაედო თავისი ავადმყოფობა, მას ეგრეთ წოდებულ – „ლეპროზორიუმებში” გზავნიდნენ (კეთროვანთათვის განკუთვნილი იზოლირებული სპეციალური სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები).
კეთრმა არც იერუსალიმი დაინდო. სწორედ მაშინ მოევლინა ქვეყნიერებას იერუსალიმის მეფის – ამორი I-ისა და დედოფალ – აგნეს დე კურტენეს ვაჟიშვილი, ვინაც შემდგომში – ბალდუინ IV იერუსალიმელის (1161-1185 წლები) სახელით იწოდა. ბალდუინი მონარქის ერთადერთი მემკვიდრე გახლდათ და შესაბამისად, ტახტის დაკავების ერთადერთი პრეტენდენტიც. პატარა პრინცით იმთავითვე ყველა მოხიბლული იყო. იგი მამაცურად იტანდა ტკივილს, არ ტიროდა და არასოდეს ჩიოდა ცხენიდან გადმოვარდნის გამო. თუმცა, ტვიროსის არქიეპისკოპოსი – ვილჰელმ ტვიროსელისათვის ცხადი შეიქნა, რომ ამ შემთხვევაში საქმე ბალდუინის სიმამაცესთან არ იყო დაკავშირებული – პატარა პრინცს ტკივილის გრძნობა არ გააჩნდა, რაც სამწუხაროდ, კეთრის დაავადების პირველ ნიშანს წარმოადგენდა.
აღნიშნულმა გარემოებამ იერუსალიმის სამეფო კარზე სკანდალი წარმოშვა. კეთროვანი, თუნდაც იგი ტახტის მომავალი პრეტენდენტი ყოფილიყო, ადამიანებისაგან იზოლირებას ექვემდებარებოდა უცილობლად. ერთადერთი ვაჟიშვილის ლეპროზორიუმში გაგზავნის კატეგორიულად შეეწინააღმდეგა ბალდუინის მამა. (ავტორი გენია.ჯი) მეფემ თავის მხარეზე გადაიბირა წმინდა ლაზარეს ორდენის ყველაზე გავლენიანი წევრები, რომლებმაც შესძლეს და კეთრით დაავადებული პრინცის იერუსალიმში დატოვებას მიაღწიეს.
საეკლესიო სასამართლომ რამდენიმე წინაპირობით დატოვა ბალდუინი წმინდა ქალაქში და რამდენივე პირობით სცნო კეთრით დაავადებული პრინცი ტახტის მემკვიდრედ – ბალდუინს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უნდა ეტარებინა სპეციალური ნიღაბი, მჭიდრო და გაუმტარი ტანისამოსი ხელთათმანებითურთ და დაეცვა დისტანცია ქვეშევრდომებთან, რათა მათთვის არ გადაედო თავისი ავი სენი. აქვე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბალდუინისაგან მართლაც რომ არასოდეს არავის გადასდებია კეთრი, რადგან იგი უმკაცრესად იცავდა საეკლესიო სასამართლოს მიერ წაყენებულ პირობებს.
ბალდუნი IV იერუსალიმელი სამეფო ტახტზე სულ რაღაც ცამეტიოდე წლის ასაკში ავიდა. იმის გამო, რომ იგი მუდმივად ატარებდა ნიღაბს, ხალხმა მას – „მეფე სახის გარეშე” შეარქვა. მიუხედავად საშინელი დაავადებისა (ამასთანავე ვერ ხმარობდა ცალ ხელსაც), ეს უმამაცესი მონარქი მაინც პირადად მიუძღოდა თავის ლაშქარს ბრძოლებში. საყოველთაოდ ცნობილმა ისტორიულმა პიროვნებამ, ეგვიპტის ქურთული წარმომავლობის მქონე სულთანმა – სალადინმა, ვისთან ბრძოლაშიც აქტიურად იყო ჩართული ბალდუინი, 1177 წელს გამართული სისხლისმღვრელი დაპირისპირების შემდეგ 16 წლის ასაკში მყოფი მოწინააღმდეგის სიმამაცე ღირსეულად შეაფასა ერთმნიშვნელოვანი სიტყვით – „სანამ ეს ბიჭუნა იერუსალიმს მართავს, ჩვენ მას ვერ ავიღებთო!”. – (ავტორი გენია.ჯი)