ფრიდრიხ II შტაუფენი – „ეპიზოდი”
შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი საღვთო რომის იმპერატორი – ფრიდრიხ II შტაუფენი (1194-1250 წლები) განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით გამორჩეული ის მონარქი გახლდათ, ვისაც ძალიან უყვარდა თავის ქვეშევრდომებზე რიგი ექსპერიმენტების ჩატარება. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: ერთხელ ფრიდრიხის ბრძანებით ორი ქვეშევრდომი ერთობ მსუყედ გამოკვებეს, რის შემდგომაც ერთი მათგანი დასაძინებლად გაუშვეს, მეორე კი კარგ გამაძღარზე აიძულეს – კურდღლებზე სანადიროდ წასულიყო. მეორე დღისით ფრიდრიხი პირად ექიმთან ერთად საგულდაგულოდ იკვლევდა, კარგი დანაყრების მერე ადამიანისათვის ძილი სჯობდა თუ ენერგიის დახარჯვა. ორივე „საკვლევი ობიექტის” შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტრაპეზის შემდგომ ძილი გაცილებით ხელსაყრელი საშუალება გახლდათ ახლად დაპურებული ადამიანისთვის.
თუმცა ამით ფრიდრიხის უცნაური ექსპერიმენტები არ ამოწურულა. მისი ბრძანებით ერთი უბედური ქვეშევრდომი ხის მასიურ ყუთში ჩასვეს და ყოველგვარი საჭმელისა და სასმელის მიწოდება შეუწყვიტეს. ყუთს ერთადერთი პატარა ნახვრეტი გააჩნდა. მონარქი იმედოვნებდა, რომ შიმშილისა და წყურვილისაგან გარდაცვლილის სულს სწორედ რომ იმ ერთადერთი ხვრელიდან ამომავალს დაინახავდა, რომელიც დატანებული ჰქონდა ხის ყუთს. მისი ვარაუდი არ გამართლდა, რის შედეგადაც ფრიდრიხმა დაასკვნა, რომ სულიც ხის ყუთის ტყვესთან ერთად აღესრულა.
ერთხელ ცნობისმოყვარე მონარქი შეეცადა დაედგინა, რა ენაზე საუბრობდნენ თავის დროზე ადამი და ევა. ამისათვის მან რამდენიმე ახალშობილი ყრმა სპეციალურად აყვანილ ძიძებს მიაბარა, რომელთაც ბავშვების წინაშე ყოველგვარი საუბარი აუკრძალა. სამწუხაროდ, ჩვილებმა ექსპერიმენტის ბოლომდე სიცოცხლე ვერ შეინარჩუნეს. შესაბამისად, ფრიდრიხმა ვერც ის დაადგინა, თუ რა ენაზე საუბრობდნენ კაცობრიობის პირველი წინაპრები – ადამი და ევა. – (ავტორი გენია.ჯი)