თავფიკ ალ-ჰაქიმის მოთხრობიდან – „სამოთხიდან დევნილი”
„ – არ მახსოვს, მიამბნია თუ არა თქვენთვის იმ კეთილისმოქმედი შეიხის შესახებ, ჩვენი თანამემამულენი კურთხევას რომ იღებდნენ მისგან სოფლად. შეიხ ალიშის შესახებ… კაცისა, რომელიც ორი თვალით დაიბადა, მაგრამ ზეცის მეტს ვერაფერს ხედავდა. ასე გვეგონა, რაც დედის მუცლიდან იშვა, შუშის დაბეჭდილ ჭურჭელში მოათავსეს, რომ ადამიანურ ატმოსფეროს არ შეეღწია მასთან და ბოროტების ბაცილა არ შეჰპარვოდა… ეს იყო კაცი, რომელმაც ცოდვა არ იცოდა, ავი საქმე არ იცოდა, შეცდომა არ იცოდა… მხოლოდ ღვთის თაყვანისცემაში ვხედავდით ან მუხლმოყრილს, ან წინ და უკან მოსიარულეს, არც საკუთარი თავისა ესმოდა რამე და არც გარშემომყოფთა. არც კაცი, არც მწერი, არავინ და არაფერი ანაღვლებდა. არც ადამიანისათვის უვნია რამე და თვით ჭიანჭველასთვისაც კი არ დაუბიჯებია ფეხი. ამქვეყნად არაფერი ებადა კრიალოსანისა და იმ სამართებლის, რომლითაც თავს იპარსავდა, თავისი ძველი ჩალმის, ძონძმაძებისა და მოშვებული წვერის გარდა. ცხოვრობდა ასე, პირუტყვივით ბალახ-ბულახით იკვებებოდა. ხანდახან, სულ რომ არ ელოდა, მაშინ, ქველმოქმედთა მიერ მისთვის გაღებულ ლუკმას გალოღნიდა, არავის არაფერს სთხოვდა და მიწას არ ამძიმებდა… იყო ასე, სანამ ერთ დღესაც არ გარდაიცვალა ორმოცს ვერმიღწეული. იმ დროს შემთხვევით სოფელში აღმოვჩნდი და სხვებთან ერთად საკუთარი თვალით ვიხილე თავის სამყოფელში გაშოტილი, მიწაწაყრილი. სოფელი არ დამიტოვებია, სანამ შეიხ ალიშის ცხედრისათვის აკლდამა არ აშენდა. თავადაც ვმონაწილეობდი მის აგებაში. გული თანაგრძნობით მიდუღდა და სული მოწიწებით მქონდა აღვსილი. შემდეგ კაიროში დავბრუნდი. გავიდა დღეები და ერთხელაც, უეცრად, სადაც ვზივარ, სწორედ ამ ადგილიდან ხმაური და ჩოჩქოლი შემომესმა. შემოვბრუნდი და ჩემ უკან მაგიდასთან, ჩამოძონძილი შეიხი დავინახე, რომელსაც აქაური მომსახურე პერსონალი შემოხვეოდა გარს. უხსნიდნენ, რომ აქ მისი ადგილი არ იყო და მისთვისვე იქნებოდა უმჯობესი, თუ აქედან საკუთარი ნებით წავიდოდა. მათ საუბარს ყური მივუგდე, შემდეგ შეიხს დაჟინებით დავაშტერდი და ეს რა საშინელება დავინახე! არა, ეს არც წარმოსახვა იყო, არც სიმთვრალე და არც სიგიჟე! ეს თავად შეიხი ალიში იყო, თავისი სისხლით, ხორცით, თავისი ჩალმით და დაფლეთილი სამოსით, თავისი კრიალოსნითა და სამართებლით! თვალები მოვიფშვნიტე და ფინჯანი ყავა შევუკვეთე, იმედი მქონდა, ის მაინც გამომაფხიზლებდა… სამიკიტნოს პატრონს ვთხოვე, შეემოწმებინა, ჩემს ჭკუაზე ვიყავი თუ არა… მან შემომხედა და აღიარა, რომ საღ გონებაზე, სრულიად ფხიზელი ვიყავი… შეიხ ალიშს წარვუდექი, სამიკიტნოს მომსახურე პერსონალი გავწი-გამოვწიე და ხმის კანკალით ვკითხე:
- რა გქვია შეიხო?
მისმა ნათქვამმა შემაძრწუნა. მტკიცედ, გარკვევით და სერიოზულად მომიგო:
- ალიში!..
ეს მისი ხმა იყო, მისი კილო! კინაღამ შევიშალე. განვაგრძე გამორკვევა:
- შეიხი ალიში ბრძანდებით! და რომელი სოფლიდან?
სწორედ ის რაიონი და სოფელი დამისახელა, რამაც ეჭვის ნატამალი აღარ დამიტოვა…
- განა იმ აკლდამის მკვიდრი არ ხარ, რომლის აგებაშიც წვლილი მაქვს შეტანილი?
- დიახ.
- და როგორ დატოვე შენი აკლდამა? აქ როგორ მოხვდი? მე ხომ ჩემი თვალით გნახე მკვდარი!..
- დიახ, ნამდვილად გარდავიცვალე და სამოთხეში მინდოდა შესვლა, მაგრამ იქიდან გამომაგდეს!..
- სამოთხეში?! ნუთუ შეიძლება, ადამიანი ამ ზომამდე ცდებოდეს? ღვთისმოშიშო შეიხო, ნუთუ ზეციურ სამოთხესა და იმად ად-დინის ქუჩაზე მდებარე „სამოთხის ბარს” შორის განსხვავებას ვერ ხედავ?
- არა, არაფერი შემშლია! ზეცად ნამდვილად ავედი და სამოთხის კარზეც დავაკაკუნე, მაგრამ მცველმა შესვლის ნება არ მომცა და გამომიცხადა, რომ ჯოჯოხეთის კარზე დამეკაკუნებინა. დავემორჩილე, დამწუხრებულმა და განცვიფრებულმა ჯოჯოხეთის კარს მივუკაკუნე, მაგრამ იქაც მცველი გადამეღობა და არ შემიშვა. გამომიცხადა, რომ მე არც ჯოჯოხეთის მკვიდრი ვიყავი. ცუდ დღეში აღმოვჩნდი, დავიწყე ძახილი, ჩივილი, წყალობის თხოვნა. ჩემი ბედ-იღბლის გადაწყვეტას ვითხოვდი. ბოლოს მიპასუხეს, რომ ზეცად ჩემი ადგილი არ მოიძებნებოდა, რადგან წუთისოფელი ადამიანის სულში მიმდინარე ბრძოლაა ბოროტსა და კეთილს შორის, შერკინება ღირსებასა და უღირსობას შორის. თუ კეთილი გაიმარჯვებს, ადამიანი სიკეთის სამფლობელოში ანუ სამოთხეში შეაბიჯებს და თუ ბოროტი სძლევს, ადამიანი ბოროტების სამფლობელოში ანუ ჯოჯოხეთში შევა. ჩემს სულში კი ბრძოლა არ მომხდარა… ბოროტებას არ დავპირისპირებივარ მის დასაძლევად… მათ თვალში მე მინდვრის თაგვი ვიყავი, ბრძოლის ველიდან გაქცეული. როგორ უნდა დავეჯილდოვებინე ან დავესაჯე, მაშინ როცა ცხოვრებისეული მოვლენები ახლოს არ გამიკარებია. რომ მისი ავი და კარგი ერთმანეთისგან გამერჩია? მათთვის ყალთაბანდი გაიძვერა ვიყავი, იოლი გზით რომ ცდილობდა ჯილდოს მიღებას, განსაცდელის გამოუვლელად! ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ განაჩინეს: გაუქმდეს ჩემი პირველი ცხოვრება და ჩაითვალოს, თითქოს ის არც ყოფილა! გადაწყდა ჩემი გამოძევება ზეციდან, რათა მიწაზე მეორე ცხოვრებით მეცხოვრა – ჩემივე სხეულით და სულით, ჩემი არსებით. და ეს იმიტომ, რომ რთული გამოცდა გამევლო, ბოროტებას დავპირისპირებოდი, მდაბალს წინ აღვდგომოდი და ამის შემდეგ შეეტყოთ, რა გაცხადდა ჩემი საქმიდან და რა დარჩა დაფარული… ასე მიკრეს თავი კვლავ დუნიაზე ჩემივე სამოსითა და გარეგნობით. თავი კაიროში ამოვყავი. ჯერ ისევ ჩემი სასოწარკვეთის ტყვეობაში ვიყავი და შეშლილივით გაუაზრებლად ვიმეორებდი:
- სამოთხე!.. სამოთხე!… – (ავტორი გენია.ჯი)