ვარვარა ლუტოვინა – „ეპიზოდი”
ყველასდა გასაკვირად, გამოჩენილი რუსი ლიტერატორის – ივანე ტურგენევის მამამ, სიმპათიური გარეგნობის მქონე რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკმა – სერგეი ტურგენევმა ისე იქორწინა ერთობ შეუხედავ ქალზე – ვარვარა ლუტოვინაზე (1787-1850 წლები), რომ მის მიმართ სიყვარულის სანეტარო გრძნობას დიდად არ განიცდიდა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა იმისა, რომ პატარძალი ნეფეზე 6 წლით იყო უფროსი (ქორწინების ჟამს სერგეი 22 წლის, ხოლო ვარვარა 28 წლის ასაკში იმყოფებოდნენ), არასასიამოვნო გარეგნობის მქონე ლუტოვინა მამაკაცური მანერებითაც გამოირჩეოდა. სერგეი მექალთანეობით გამორჩეული პიროვნება გახლდათ და დროის უმეტეს ნაწილსაც მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა გარემოცვაში ატარებდა. ის კი არადა, ამ ალფონსმა და აღვირახსნილმა კაცმა, რაოდენ ამაზრზენიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ სასიყვარულო რომანი თავისი ვაჟის პირველ შეყვარებულ გოგონასთან – ეკატერინე შახოვსკაიასთანაც გააბა.
საკუთარი ცოლის მიმართ სრულიად გულგრილმა ქმარმა 1830 წელს ოჯახი მიატოვა და მალევე თავისი აღსასრულიც ჰპოვა. ვარვარა იმდენად განაწყენებული გახლდათ სერგეის საქციელით, რომ იგი ყოფილი ქმრის პანაშვიდზე არ მისულა და არც უკანასკნელ გზაზე გაუცილებია იგი. არ დაუდგამს მის საფლავზე არც საფლავის ქვა.
შვილების აღზრდას ქმრისაგან მიტოვებული ქალი თავად შეუდგა. თუმცა კი, ერთობ დესპოტური მეთოდებით. ვარვარას დაუნდობელი და რკინის ხელი ხვდებოდა ყველას – შვილებსა და მის მფლობელობაში არსებულ ყმებს. ამიტომაც მოიხენიებდა ივანე ტურგენევი დედას – „სადისტად”, რომლის სახეც ლიტერატორმა თავის ცნობილ ნაწარმოებში – „მუმუ” წარმოადგინა სასტიკი ქალბატონის სახით. – (ავტორი გენია.ჯი)
ვარვარა სიბერის ჟამს
სერგეი ტურგენევი
ივანე ტურგენევი