ბენვენუტო ჩელინი – „ეპიზოდი”
რენესანსის ეპოქაში მოღვაწე ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მოქანდაკე და იუველირი – ბენვენუტო ჩელინი (1500-1571 წლები), ვისი განუმეორებელი ნიჭითაც თავის დროზე აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ისეთი სახელოვანი პერსონები, როგორებიც იყვნენ – საფრანგეთის მეფე – ფრანსუა I ვალუა, ტოსკანის დიდი ჰერცოგი – კოზიმო I მედიჩი და რომის რამდენიმე პაპი, ერთობ ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა საზოგადოებაში. (ავტორი გენია.ჯი) თავქარიანი, არაპროგნოზირებადი, არაორდინალური და მოძალადე – ასე ხასიათთებოდა იგი მისი თანამედროვეების მიერ.
სკანდალური გამოხდომების მქონე დიდი ხელოვანი ხშირად იყო ჩართული ხელდახელ ჩხუბებში ერთობ უმნიშვნელო და ბანალური წვირლმანების გამოისობით. ჩელინი სულ რაღაც თექვსმეტიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა, როდესაც პირველად აღმოჩნდა გარეული სერიოზულ უსიამოვნებაში: დაუნდობელი ჩხუბის შედეგად რამდენიმე ადამიანმა მძიმე ფიზიკური ტრამვა მიიღო, რის გამოც ბენვენუტო მშობლიური ფლორენციიდან 6 თვის ვადით გადაასახლეს. იძულებითი მოგზაურობის პერიოდში იგი მრავალ ცნობილ ადამიანიანს დაუახლოვდა. მათ შორის იმყოფებოდა თავისი სასტიკი ბუნებით გამორჩეული იტალიელი მოქანდაკე – პიეტრო ტორიჯანო, ვის მიერ დარტყმულმა მუშტმაც მიქელანჯელო ბუონაროტის სამარადჟამოდ დაუმახინჯა ცხვირი თავის დროზე.
ხელჩართული ჩხუბები ხელჩართულ ჩხუბებად და, ცნობილია ისიც, რომ ერთხელ ამ უკიდურესად ემოციურმა და ფიცხმა კაცმა რამდენიმე ადამიანის სისხლიც დაღვარა. ერთ-ერთი მათგანი ჩელინის იუველირი კოლეგა – პომპეო გახლდათ, ვინაც შეურაცხყოფის მიყენებისთვის- დაშნით იმსხვერპლა მან.
გარდა მრავალრიცხოვანი დავი-დარაბებისა, ჩელინის სოდომიის საშინელ ცოდვაშიც არაერთხელ დასდეს ბრალი არა მხოლოდ ქალებთან, არამედ მამაკაცებთანაც კი. იგი რამდენჯერმე ციხის საკანშიც იქნა გამოკეტილი ამის გამო, თუმცა გარდაუვალი სასჯელებისაგან ჩელინი თავისივე ჯადოსნური ხელოვნების გავლენიანმა თაყვანისმცემლებმა იხსნეს. ასე მაგალითად: ბენვენუტო მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ – ფერნანდო დი ჯოვანი დი მოლტეპუნჩანომ სოდომიაში დაადანაშაულა. შედეგად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, დამნაშავისათვის 4 წლის ვადით აღეკვეთა თავისუფლება, მაგრამ საქმეში ჩაერთო მედიჩების გავლენიანი ოჯახი, რომელმაც შესძლო და გენიალური შემოქმედისათვის გამოსატან მკაცრ განაჩენში მართლმსაჯულებას ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეატანინა: 4 წლიანი ციხის ნაცვლად ბენვენუტო 4 წლიანი შინა-პატიმრობით დაისაჯა.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ მიუხედავად ეგზომ სკანდალური რეპუტაციისა, ბენვენუტო ჩელინი მაინც საკადრისი და დიდი პატივით მიაბარა ფლორენიის მიწას მშობლიური ქალაქის მოსახლეობამ. – (ავტორი გენია.ჯი)