მჭედლები – „ეპიზოდი”
მჭედლობა ერთ-ერთ უძველეს პროფესიად არის მიჩნეული მსოფლიოში. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, პირველი, ვინც აღნიშნული პროფესიით დაკავდა, ღვიძლი ძმის მკვლელი, ბიბლიური – კაენი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა კაენისა, მჭედლობით ასევე დაკავებული ყოფილან თვით ღმერთებიც კი – ძველ ბერძნული მითოლოგიის ღვთაება – ჰეფესტოსი, სკანდინავიური მითოლოგიის ღმერთი – თორი, ფინური მითოლოგიის ღვთაება – ილმარინენი და ასე შემდეგ. მათ მსგავსად, ლითონის დამუშავების ოსტატობით გამოირჩეოდნენ რიგი ევროპული ქვეყნების მონარქებიც. მაგალითად, საფრანგეთის მეფეები – შარლ IX, ლუი XIV და რუსეთის იმპერატორი – პეტრე I.
ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ჯადოქრობაში არაერთგზის დადანაშაულებული მჭედლები მოსახლეობისაგან განცალკევებით ცხოვრობდნენ. იმის გამო, რომ მათი საქმიანობა ცეცხლთან იყო დაკავშირებული, ხანძრის გაჩენის დიდი საფრთხე არსებობდა. და რადგანაც მაშინ მრავლად იყო ხის ნაგებობები, უსაფრთხოების მიზნით სამჭედლოებსა და თავიანთ საცხოვრებლებს ისინი ყოველთვის მოსახლეობისაგან მოშორებით აგებდნენ. ძირითადად ისეთ ადგილებში, სადაც ბუნებრივი წყალსაცავები მდებარეობდნენ.
უამრავ ლეგენდასა თუ ზღაპარში მჭედლები ხშირად კოჭლი ადამიანების სახით იყვნენ გამოყვანილნი. ეს უცნაური მოვლენა უკავშირდებოდა იმ მკაცრ მერკანტიულ ტრადიციებს, რომლებიც ისტორიის ამა თუ იმ პერიოდში მოქმედებდა. საქმე იმაშია, რომ თავისი საქმის ოსტატი მჭედლები დიდ ფასეულობას წარმოადგენდნენ იმთავითვე, რის გამოც მათ ხელში ჩასაგდებად ნამდვილი ნადირობა იყო გამოცხადებული. ასე მაგალითად: ერთ-ერთი პირველები, ვინც დამპყრობლებს ტყვედ აჰყავდათ, სწორედ რომ ისინი იყვნენ. იმისათვის, რომ ტყვეობაში ჩავარდნილ მჭედლებს გაქცევა არ შესძლებოდათ და ერთ ადგილს მიჯაჭვოდნენ, მათ სპეციალურად უზიანებდნენ ფეხის მყესებს. შედეგად, მჭედელთა გარკვეული და დიდი ნაწილიც კი, ხელოვნურად დაკოჭლებულ ადამიანებს წარმოადგენდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)