ცხოველების სასამართლო პროცესები – „ეპიზოდი”
შუა საუკუნეების ევროპულ სახელმწიფოებში უსასტიკესმა ინკვიზიციამ ქრისტიანობას ერთგვარად შესძინა რადიკალური სახე. იმ პერიოდის ლოგიკით, ღვთის ყველა ქმნილებას საკუთარი ადგილი ჰქონდა მიჩენილი ცხოვრებაში თავთავიანთი კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც იყო მიჩნეული ადამიანი და კალია თანაბარუფლებიან არსებებად ზეციერის თვალში. და შედეგად, ადამიანი და კალია ერთნაირი სასჯელით ისჯებოდნენ რაიმე სახის „დანაშაულისა” თუ „ცოდვის” ჩადენის შემთხვევაში. ასე მაგალითად: თუკი ვინმეს თხა მეზობელს კომბოსტოს გაუნადგურებდა, ისჯებოდა არა თხის უყურადღებო მეპატრონე, არამედ უსინდისო ჩლიქოსანი.
იმ „ბნელ საუკუნეებში” ცხოველებს ისევე ასამართლებდნენ, როგორც ადამიანებს. მათი სამსჯავრო არაფრით არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან – იგივე სასამართლო სხდომის დარბაზები, იგივე მოსამართლეები და, თქვენ წარმოიდგინეთ, იგივე ადვოკატებიც კი, რომლებიც თავგამოდებით იცავდნენ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანებისა თუ ცხოველების ღირსებასა და უფლებებს. მაშინდელ სასამართლოებში ორი მოსამართლე წარმართავდა საქმეს. ერთი საერო და ერთი საეკლესიო. პირველ მათგანს თუ მსჯავრი სამოქალაქო კოდექსით გამოჰქონდა მათთვის, მეორე მათგანი მსჯავრდებულებს საეკლესიო სამართლით სჯიდა. მათ შორის, ეკლესიისგან განკვეთითაც.
აი, ცხოველების მიმართ განაჩენის აღსრულების პროცესი ხომ მართლაც რომ სრული აბსურდის თეატრს წარმოადგენდა! „სიკვდილმისჯილ” ცხოველს (მაგალითად ღორს) მოსავდნენ ადამიანის ტანისამოსით (გააჩნდა მსჯავრდებულის სქესს) და ორ ფეხზე იძულებით მდგომი მიჰყავდათ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სადაც თავის მოკვეთის ან ჩამოხრჩობის მეთოდით ასალმებდნენ სიცოცხლეს. მოკლული ცხოველის ხორცს საკვებად არ გამოიყენებდნენ და მათ ისევე აბარებდნენ მიწას, როგორც სიკვდილით დასჯილ ადამიანებს.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდებულს – ღორი წარმოადგენდა, საფრანგეთში იქნა გამართული 1386 წლის 9 იანვარს. მას ბრალი ედებოდა 3 თვის ბავშვზე – იოანა დე ირლანდეზე თავდასხმაში. როგორც აღმოჩნდა, ღორის მიერ ბავშვისათვის მიყენებულმა ნაკბენმა, ამ უკანასკნელის სიცოცხლე შეიწირა. ბრალდებული ღორი ჯერ დააკავეს, შემდეგ ციხის საკანში გამოკეტეს და ბოლოს სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს ჩამოხრჩობის გზით.
ისტორიული დოკუმენტების მტკიცებით, შუა საუკუნეებში ცხოველების წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო პროცესებზე ყველაზე ხშირად ბრალდებულებს – ღორები წარმოადგენდნენ. თუმცა იყო ისეთი ცხოველების გასამართლების შემთხვევებიც, როგორებიც გახლავან – ხარი, ძაღლი, მამალი, თხა, ჩრჩილი და ასე შემდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)