დრაკონის კანონები – „ეპიზოდი”
ათენის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას საფუძველი ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით XIII საუკუნეში ჩაუყარა ლეგენდად ქცეული ათენის მეფის – თეზევსის მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა. სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად გაერთიანდა 12 ძველ ბერძნული დასახლება ერთ დიდ პოლისად, რომლის ცენტრადაც იმთავითვე ათენი განისაზღვრა. (ავტორი გენია.ჯი) მასვე მიეწერება ათენის ყველა თავისუფალი მოქალაქის სამ ჯგუფად დაყოფა – „ევპატრიდები” – თავადაზნაურობა, „გეომორები” – მიწათმოქმედები და „დემიურგები” – ხელოსნები.
ათენის სახელმწიფოს ერთ-ერთ პირველ კანონმდებლად კი მიჩნეულია დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი ძველ ბერძენი კანონმდებელი – დრაკონი (ძვ.წ.აღ-ით 650-600 წლები). ამ პოლიტიკური რეფორმატორის მიერ ძვ.წ.აღ-ით 621 წელს შემუშავებულ და დამკვიდრებულ არქაიკული პერიოდის კანონებს, რომელთაც შემდგომ – „დრაკონის კანონები” უწოდეს, თავისი სისასტიკით, სიმკაცრითა და ოდიოზურობით დღემდე გაოცებაში მოჰყვას საზოგადოება. ამიტომაც შენიშნავდნენ მის შესახებ – „მელნით კი არა, სისხლით არის დაწერილიო”.
პირველი ძველ ბერძნული წერილობითი კანონმდებლობის ავტორი სასიკვდილოდ იმეტებდა არა მხოლოდ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულებს, არამედ უმნიშვნელო დანაშაულში მსჯავრდებულ ადამიანებსაც. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ამა თუ იმ დანაშაულისათვის ისჯებოდნენ არა მხოლოდ ადამიანები და ცხოველები (ისევე როგორც შუა საუკუნეების ევროპაში), არამედ – საგნები და ნივთებიც კი. შედეგად, „დრაკონის კანონების” თანახმად, ქალაქიდან აძევებდნენ როგორც ადამიანებს, ასევე ცხოველებსა და საგნებს.
ამის სამაგალითოდ ისიც კმარა, რომ ერთხელ ათენურმა სასამართლომ გაასამართლა და დასაჯა (ატიკიდან სამუდამოდ გააძევა) თიხის გამომწვარი კრამიტი იმის გამო, რომ იგი შემთხვევით თავში დაეცა გამვლელს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
გარდა სისხლის სამართლებლივი კანონმდებლობისა, „დრაკონის კანონები” ასევე არეგულირებდნენ და აკონტროლებდნენ ათენის მოქალაქეთა ქცევებსაც. ასე მაგალითად: ამ უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქალაქის მოსახლეობა ისჯებოდა უსაქმურობისთვის. – (ავტორი გენია.ჯი)