იაკობ ფუგერი – „ეპიზოდი”
„მას არ გააჩნდა საკუთარი სახელმწიფო, თუმცა თავისუფლად შეეძლო შეეძინა იგი, თუკი მოსურვებდაო”. – ასე ამბობდა თავისი დროის ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, აუგსბურგელი ბანკირისა და ინვესტორის – იაკობ ფუგერის (1459-1525 წლები) ფინანსური შესაძლებლობების შესახებ ხალხი. იმ იაკობისა, ვინაც პირველმა აწარმოა სავაჭრო-ფინანსური ოპერაციები მთელი ევროპის მასშტაბით. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, სწორედ მან დანერგა ბუღალტერიაში პირველმა – ორმაგი აღრიცხვის სისტემაც.
ფუგერისაგან ფულს კრედიტის სახით სესხულობდნენ ისეთი ძლიერნი ამა ქვეყნისანი, როგორებიც გახლავან მეფეები და რომის პაპები. მაგალითად, საღვთო რომის იმპერატორები – მაქსიმილიან I და კარლ V ჰაბსბურგი, საფრანგეთის მეფე – ფრანსუა I ვალუა და სხვანი და სხვანი.
ფინანსური საქმიანობა ფინანსურ საქმიანობად და, მაღაროების მონოპოლისტად ქცეული ეს უმდიდრესი გერმანელი ბანკირი ერთობ ღრმად მორწმუნე კათოლიკეს წარმოადგენდა. მისი უშუალო ინიციატივითა და ფინანსებით აუგსბურგის ერთ-ერთ კვარტალში აგებული იქნა 52 ახალი საცხოვრებელი სახლი, რომლებშიაც უსახლკარო თანამოქალაქეები შეასახლა. სხვათა შორის, სწორედ ეს გახლდათ ერთ-ერთი პირველი სოციალური საბინაო პროექტი კაცობრიობის ისტორიაში. ერთადერთი, რასაც ყოველწლიურად იხდიდნენ იაკობისაგან გაბედნიერებული ღარიბ-ღატაკი ახალმოსახლეები არენდის სახით, სიმბოლური, ერთობ უმნიშვნელო თანხა იყო გულდენებში. თუმცა აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყოველივე ამის სანაცვლოდ, მათ დღეში სამჯერ უნდა აღევლინათ ლოცვა თავიანთი კეთილისმყოფელი იაკობის სახელზე. – (ავტორი გენია.ჯი)