ფრიდრიხ II – „ეპიზოდი”
„ჯარისკაცთა მეფედ” წოდებული პრუსიის მეფე – ფრიდრიხ ვილჰელმ I ჰოენცოლერნი ძალიან უკმაყოფილო გახლდათ იმით, რომ მრავალმხრივი ნიჭით მოსილი თავისი ყმაწვილი ვაჟიშვილი და ტახტის მომავალი მემკვიდრე – ფრიდრიხი (ვისაც შემდგომ ფრიდრიხ II დიდი უწოდა ისტორიამ), ცოდნის შეძენით უფრო იყო დაინტერებული, ვიდრე სამხედრო საქმის შესწავლით. (ავტორი გენია.ჯი) ნიჭიერი პრინცის ოცნებას სამეფო ტახტის დაკავება კი არა, მუსიკოსობა და მწერლობა წარმოადგენდა. შედეგად, იგი დიდ დროსაც უთმობდა წიგნების კითხვასა და ფლეიტაზე დაკვრის შესწავლის ხელოვნებას.
„არა, რადგანაც ასეთი მისწრაფებები აქვს ფრიდრიხს, იგი არაფერში გამოდგება! მას არ უყვარს ჯარისკაცული ცხოვრება, რის გამოც ყველა იმ საქმეს გააფუჭებს, რომლებზედაც მე მის გამო ამდენ ხანს ვშრომობდიო!” – ბრაზობდა პრინცის მონარქი მამა. ეს უკანასკნელი ერთხელ ისე გამოვიდა მოთმინებიდან, რომ ფრიდრიხს თავისი საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტი (ფლეიტა) დაუმტვრია, ხოლო წიგნები – ბუხარში ცეცხლს მისცა. „მე სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე მივედი. მამას სულ გადაავიწყდა, რომ მისი შვილი ვარ და ისე მექცევა, როგორც ყველაზე დაბალი რანგის ადამიანს ქვეყანაზე. დღეს კი საერთოდ ოთახში შემომივარდა და ხელჯოხით მცემა! შედეგად, უკვე ისეთ უკიდურესობამდე ვარ მიყვანილი, რომ ყოველივე ამას ბოლო უნდა მოეღოს!” – ასე შესჩივლა მაშინ მამის დესპოტური საქციელით აღშფოთებულმა ფრიდრიხმა დედამისს, დედოფალ – სოფია დოროთეა ჰანოვერელს.
ის კი არადა, ყმაწვილ პრინცს იმდენად მოაბეზრა თავი მამის უხიაგმა გამოხდომებმა, რომ მან პრუსიიდან ინგლისში გაქცევა გადაწყვიტა. სცადა კიდეც, თუმცა გაქცევის დროს დააკავეს და შემდგომ მამას მიჰგვარეს.
თავისი ვაჟიშვილის საქციელით განრისხებულმა ვილჰელმმა იგი ციხის საკანში გამოკეტა. საკანში, რომელშიც არავითარი ავეჯი და არანაირი კომფორტი არ იყო. ამას გარდა, ფრიდრიხს ღამით საკნის გასანათებლად არ ეძლეოდა არც სანთლები. წიგნებზე და ფლეიტაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია.
რამდენიმე ხანში ფრიდრიხი საკნიდან კი გაანთავისუფლეს, მაგრამ მას მკაცრად აეკრძალა როგორც წიგნების კითხვა, ასევე მუსიკით დაკავებაც. ის 4 000 ეგზემპლარი წიგნი კი, რომლებიც პრუსიის სამეფო ტახტის მომავალი მემკვიდრის ბიბლიოთეკაში იყო წარმოდგენილი, ვილჰელმის ბრძანებით სრულიად იქნა გაყიდული.
დროის დინებამ ფრიდრიხს თავის ყმაწვილურ იდეალებზე, ოცნებებსა და მისწრაფებებზე საბოლოო ჯამში უარი ათქმევინა. იგი მეფედ ეკურთხა და ერთ-ერთ საუკეთესო მონარქადაც იქცა თავისი ქვეყნის ისტორიაში, რადგან გერმანულ სახელმწიფოებრიობას სწორედ რომ „ბებერ ფრიცად” წოდებულმა ფრიდრიხ მეორემ ჩაუყარა საფუძველი. – (ავტორი გენია.ჯი)
ფრიდრიხ ვილჰელმ I