ბასტილიის ციხესიმაგრე – „ეპიზოდი”

აბსოლუტური მონარქიის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად ქცეული ლეგენდარული - ბასტილიის ციხესიმაგრე, რომლის მშენებლობასაც საფუძველი ჯერ კიდევ 1370 წელს ჩაეყარა საფრანგეთის „ბრძენად” წოდებული მეფის – შარლ V ვალუას მმართველობის ჟამს, XVII საუკუნის დასაწყისში, ანუ ანრი IV დე ბურბონის მეფობის პერიოდში – სამეფო ხაზინის საცავს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) პირველი სახელმწიფო მოხელე, რომელმაც ბასტილია სახელმწიფო ციხედ გარდაქმნა და გამოიყენა, განუზომელი ძალაუფლებით მოსილი – კარდინალი რიშელიე გახლდათ. სწორედ მან შესთავაზა პირველმა საფრანგეთის მეფეს – ლუი XIII დე ბურბონს ბასტილიის ციხესიმაგრის – სახელმწიფო ციხედ გარდაქმნის იდეა. შედეგად, თავის დროზე, პარიზის აღმოსავლეთის დასაცავად აგებულმა კარიბჭემ საკუთარ სარდაფებში ერთობ მაღალი სტატუსის მქონე პერსონების მიღება დაიწყო პატიმრების რანგში.

ბასტილიაში მყოფი ტუსაღები ძირითადად პოლიტიკური და რელიგიური მოტივებით იყვნენ გამომწყვდეულნი. მას ამ მიზნით განსაკუთრებით ხშირად მოიხმარდა „მეფე-მზედ” წოდებული – ლუი XIV. საყურადღებოა ის გარემოება, რომ საფრანგეთის დიდ რევოლუციამდე ბასტილიის ციხეში მყოფ პატიმრებს ერთობ ჰუმანურად ექცეოდნენ. ის კი არადა, რიგი ტუსაღებისა განსაკუთრებული შეღავათებითა და პრივილეგიებითაც სარგებლობდა.

ცნობილია, რომ მეფის ბრძანებით, ბასტილიის ციხის თითოეულ პატიმარს ყოველდღიურად 10 ფრანგული ლივრის ოდენობით შემწეობა დაენიშნა. ეს თანხა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ტუსაღს ერთი დღის განმავლობაში საკუთარი თავი კარგი საკვებითა და ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველეყო. ხშირად პატიმრები, რომლებსაც 5 ლივრიც კარგად ჰყოფნიდათ ყოველივე ზემოხსენებულისთვის, თანხის მეორე ნახევარს ციხის ადმინისტრაციას აბარებდა, რომელსაც შემდგომ დანაგროვები სახით სრულად იღებდნენ ხელზე საპატიმროს დატოვების ჟამს.

ამის თვალსაჩინო მაგალითია XVIII საუკუნის გენიალური ფრანგი განმანათლებელი და ლიტერატორი – ვოლტერი. ფრანსუა-მარი არუეს პირველ ჯერზე ბასტილიის ციხის საკანში ყოფნა 11 თვის განმავლობაში მოუხდა თავისივე სატირული ლექსების გამოისობით. სატირული ლექსებისა, რომლებიც რეგენტსა და მის ქალიშვილს მიუძღვნა დიდმა მოაზროვნემ. „ვოლტერიც” სწორედ იქ დაირქვა პირველად არუემ.

ბასტილიის ციხის ტუსაღად ვოლტერი 31 წლის ასაკშიც იქცა, 1726 წელს. მაშინ ფრანგმა განმანათლებელმა ერთ-ერთ არისტოკრატთან გამართა დუელი, რითაც მეფისა და რიშელიეს ბრძანებას გადავიდა (ისინი კატეგორიულად კრძალავდნენ დუელებს).

მეორე პატიმრობის პერიოდში ვოლტერი მეფის დანიშნული ყოველდღიური 10 ლივრიდან 5 ლივრს საკვებზე მოიხმარდა, დანარჩენ ხუთს კი ციხის ადმინისტრაციას აგროვებინებდა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ის ერთ-ერთ იმ უიშვიათეს ადამიანად იქცა ისტორიაში, ვინაც პირადი საქმეების მოგვარების მოტივით, ერთი დღით ნებაყოფლობით გაიხანგრძლივა პატიმრობის ვადა (იგი წინა დღით უნდა განთავისუფლებულიყო კანონის თანახმად). თავის მხრივ, ეს გარემოება კარგად მეტყველებს იმ დიდ ავტორიტეტზე, რომლითაც ვოლტერი სარგებლობდა ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შორის.

ბასტილიის ციხის შესახებ საშინელმა ისტორიებმა საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომ პერიოდში იწყო გავრცელება, რამაც მის რეპუტაციას ერთხელ და სამუდამოდ შეულახა სახელი საფრანგეთში. – (ავტორი გენია.ჯი)

ვოლტერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>