ჰენრი VIII ტიუდორი – „ეპიზოდი”
ინგლისის „ცოლთმოძულე” მეფე – ჰენრი VIII ტიუდორი (1491-1547 წლები) იმთავითვე უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა სახელმწიფო ხაზინიდან მდიდრული წვეულებების მოწყობაში (ისტორიული წყაროები ირწმუნებიან, რომ ძალიან უყვარდა მონარქს ხელის ფათური ქვეყნის ბიუჯეტშიო). განსაკუთრებით დიდ თანხებს იგი მაინც თურმე მრავალრიცხოვანი და ძვირფასი გობელენების შესაძენად იღებდა. „ასეთი ხარჯების გაღებისთვის ინგლისის ეკონომიკა უბრალოდ გათვლილი არ ყოფილაო”, – ირწმუნებოდნენ ჰენრის თანამედროვე ავტორები.
სამი უცხო ენის მცოდნე მონარქმა, ვინაც ხშირად ამაყობდა თავისი დიდებული ბიბლიოთეკით, ქვეყნის ბიუჯეტის შევსების ახალ მეთოდს მიაკვლია: ჰენრის უშუალო ინიციატივით ინგლისში შემოღებული იქნა კანონი, რომელიც თანამემამულეებში ყოველგვარი პარაზიტიზმის (უსაქმურობის) გამოვლინებას სჯიდა. მათ შორის, აღნიშნული კანონი შრომისუნარიან მოსახლეობას უკრძალავდა ქალაქის ქუჩებში მოწყალების თხოვნას (უხეშად რომ ვთქვათ, მათხოვრობას). ასეთი სახის დანაშაულები ძირითადად ფულადი ჯარიმებით გამოისყიდებოდა. თუმცა რიგ შემთხვევებში, მრავალგზის დამნაშავეებს (რეციდივისტებს) – სიკვდილითაც სჯიდნენ.
საინტერესოა ის გარემოება, რომ მეფე პირადად ამოწმებდა მის მიერვე შემოღებული კანონის დაცვის ხარისხსა და სტანდარტებს. ამიტომაც იქცა იგი ღამის ლონდონის ქუჩების ხშირ სტუმრად. ასეთ შემთხვევებში, ჰენრი უბრალო მოქალაქის სამოსით იმოსებოდა, თუმცა-კი, თან ყოველთვის ატარებდა ერთგვარ პისტოლეტად ქცეულ რკინის წვეტებიან ხელკეტს, რომლითაც ქალაქის ქუჩებში მოულოდნელი პატრულირებისას აღმოჩენილ უსაქმურებს პირადად უსწორდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჰენრი VIII ტიუდორის უცნაური ხელკეტი