დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
საფრანგეთის ლეგენდად ქცეული მხედართმთავარი – ნაპოლეონ ბონაპარტი, თავისი ცხოვრების განმავლობაში, მშვენიერი გარეგნობის მქონე მრავალ ქალს ეტრფოდა. ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, მექალთანე იმპერატორს სასიყვარულო რომანი პირველად თავისი უფროსი ძმის – ჟოზეფ ბონაპარტის ცოლის დასთან, უმშვენიერეს ფრანგ არისტოკრატ გოგონასთან – დეზიდერია კლარისთან გაუბამს. მას შემდეგ ბევრმა წყალს ჩაიარა…
ნაპოლეონი ოფიციალურ ქორწინებაში ორჯერ იმყოფებოდა. ამასთან ერთად, ჰყავდა ერთობ მრავალრიცხოვანი საყვარლების მთელი დასი. თუმცა, ყველა იმ ქალთაგან, რომელთანაც კი ოდესმე მას ურთიერთობა ჰქონია, (მიუხედავად რიგი არასასიამოვნო გარემოებებისა) „ერთ მათგანს” მაინც განსაკუთრებით აღმერთებდა. ფრანგი მხედარმთავრის დამოკიდებულება „მის” მიმართ, შესანიშნავად ჩანს ბონაპარტის ერთ მრავლისმეტყველ გამონათქვამში – „საფრანგეთმა რომ იცოდეს ამ ქალის ყველა ღირსება, იგი მის წინაშე მუხლებზე დაემხობოდაო”.
დაასახელეთ, „რომელ ქალბატონს” მიუძღვნა ეს უკვდავი სიტყვები დიდმა ფრანგმა მხედართმთავარმა. – (ავტორი გენია.ჯი)