მუმთაზ-მაჰალის შესახებ…
საყოვლთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ XVII საუკუნეში მოგოლთა იმპერიის მე-5 იმპერატორმა – შაჰ-ჯაჰანმა, თავისი უსაყვარლესი მეუღლის – მუმთაზ მაჰალის ხსოვნის უკვდავსაყოფად, „თაჯ-მაჰალის” უნიკალური მავზოლეუმი ააგო. მარმარილოს თეთრგუმბათიანი უზარმაზარი მავზოლეუმი, რომელმაც „მსოფლიოს შვიდ საოცრებათა შორის” დაიდო საპატიო ადგილი.
არჯუმან ბანო ბეგუმი (ასეთ სახელს ატარებდა იგი ქალიშვილობაში) წარჩინებული სპარსული ოჯახიდან გახლდათ გამოსული. შაჰ-ჯაჰანი სულ რაღაც თხუთმეტიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა, როდესაც 14 წლის მუმთაზზე დაინიშნა. თუმცა წყვილმა ოფიციალურად ნიშნობიდან მხოლოდ 5 წლის გასვლის შემდგომ იქორწინა (1612 წლის 30 იანვარი). მიუხედავად ესოდენ მოკრძალებული ასაკისა, აღნიშნული ქორწინება შაჰ-ჯაჰანისათვის რიგით მეორე იყო. მომავალი იმპერატორის პირველი ქორწინება უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, ისევე როგორც მისი მესამე ქორწინება.
მუმთაზი ძალიან განათლებული და კულტურული ქალი იყო. იგი შესანიშნავად ფლობდა არაბულ და სპარსულ ენებს. უყვარდა ლიტერატურა, ხელოვნება და პოეზია. წერდა ლექსებსაც. გააჩნდა ერთობ მოკრძალებული, გულწრფელი, გულღია, თუმცა კი, თავშეკავებული და თავდაჯერებული მანდილოსნის რეპუტაცია. ამასთან ერთად, დიდი რუდუნებით ატარებდა და უფრთხილდებოდა საკუთარ ღირსებას. ღირსებას, რომლითაც ასე იხიბლებოდა მუმთაზის მონარქი მეუღლე.
მიუხედავად ხშირი ორსულობისა, მუმთაზი მაინც არ ტოვებდა თავის ქმარს და ყოველთვის თან ახლდა ლაშქრობების ჟამს. მათ შორის მაშინაც, როდესაც შაჰ-ჯაჰანმა თავისი აჯანყებული სიმამრის წინააღმდეგ გაილაშქრა. და რადგანაც იგი განუზომელი ნდობით სარგებლობდა იმპერატორში, მუდმივი თანამგზავრობის პრივილეგიითაც სარგებლობდა.
საერთო ჯამში, წყვილს თანაცხოვრებაში 14 შვილი გაუჩნდა (8 ვაჟი და 6 გოგონა), რომელთაგანაც 7 მათგანი ყრმა ასაკშივე გამოეცალათ ხელიდან.
შაჰ-ჯაჰანი მოგოლთა საიმპერატორო ტახტზე 1628 წელს ავიდა. იმ დროისათვის მუმთაზზე 16 წლის დაქორწინებული გახლდათ უკვე. ძალაუფლების ხელში აღებისთანავე მონარქმა ქმარმა თავის საყვარელ მეუღლეს სამი ტიტული – „მსოფლიოს მბრძანებლის”, „ეპოქის მბრძანებლისა” და „ინდუსტანის მბრძანებლის” მიანიჭა. ისტოიკოსთა მტკიცებით, არც ერთ დედოფალს არ ღირსებია თურმე ისეთ ღრმა ფუფუნებაში ცხოვრება, როგორშიაც შაჰ-ჯაჰანმა აცხოვრა მუმთაზ-მაჰალი.
დედოფლის რეზიდენცია – „ჰას-მაჰალი” სუფთა ოქროთი ყოფილა მოვარაყებული. იმ შადრევნებიდან კი, რომლებიც მრავლად იყო წარმოდგენილი მუმთაზის რეზიდენციაში, ვარდის წყლები გადმოედინებოდა.
ცნობილი ფაქტია, რომ იმპერატორის ცოლები ყოველთვიურად საკმაოდ მაღალ შემწეობას იღებდნენ. თუმცა მოგოლთა იმპერიის ისტორიაში, ყველაზე მაღალი შემწეობა სწორედ რომ შაჰ-ჯაჰანის საყვარელ მეუღლეზე გაიცემოდა – 1 მილიონი რუპია ყოველწლიურად.
ცოლის მიმართ იმდენად დიდი ნდობა გააჩნდა მოგოლთა მბრძანებელს, რომ ეს უკანასკნელი ხშირად ბჭობდა მუმთაზ-მაჰალთან საქვეყნო-საიდუმლო საქმეებზე. გარდა ამისა, ანდობდა სახელმწიფო ბეჭედს, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში თავისუფლად შეეძლო ესარგებლა დედოფალს. თუმცა, მუმთაზი პოლიტიკური ძალაუფლების გაძლიერებას არ ესწრაფვოდა და არც სარგებლობდა ქმრისგან მინიჭებული ესოდენ დიდი პრივილეგიით.
ნდობა ნდობად და, იმპერატორს თავისი მეუღლის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა, ხათრი და რიდიც ჰქონია. მისი მოკრძალებული სიტყვა და თხოვნა ხშირად კანონი იყო შაჰ-ჯაჰანისათვის. მისი თხოვნის შედეგად არაერთი ადამიანი გადაურჩა იმპერატორისაგან დასჯას. მათ შორის, შაჰ-ჯაჰანის დაუძინებელი მტრებიც კი. რამდენჯერმე დედოფლის ჩარევამ სიკვდილმისჯილებს სასჯელები შეუმსუბუქა, რითაც მათი სიცოცხლე იხსნა ძალადობრივი მოკვდინებისგან.
პოლიტიკური საკითხებისაგან განსხვავებით, მუმთაზი გაცილებით დიდ ინტერესსა და ყურადღებას იჩენდა გაჭირვებული ადამიანების მიმართ. ეს ქველმოქმედი ქალი ხშირად უმართავდა მათ ხელს. მისი მზრუნველობის ქვეშ ასევე მოქცეულნი იყვნენ პოეტები, სწავლულები, ხელოვანები და ზოგადად, ნიჭიერი ადამიანები. ცნობილია, რომ მუმთაზი ყოველთვის უხდიდა სწავლის საფასურს ღარიბი და ღვთისმოსავი ოჯახების ნიჭიერ შვილებს. მათ შორის – გოგონებსაც.
1631 წლის 17 ივნისს შაჰ-ჯაჰანს საშინელი ტრაგედია დაატყდა თავზე. მე-14 შვილზე მშობიარობას ემსხვერპლა მისთვის ეგზომ სათაყვანებელი ქალი – მუმთაზ-მაჰალი. გართულებულ მშობიარობის პროცესს, რომელიც სრული 30 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
იმპერატორი საყვარელი ცოლის სიკვდილმა უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. შედეგად მან მთელი ერთი წლის მანძილზე განმარტოვდა და სათანადოდ გამოიგლოვა მეუღლე. ხოლო ერთი წლის შემდეგ, როდესაც იგი ქვეშევრდომების წინაშე წარსდგა, ყველა გაოცდა, რადგან იმ ერთ წელიწადში იმპერატორი დარდისაგან სრულიად გაჭაღარავებულიყო. გარდა გაჭაღარავებისა, მოუნელებელ დარდსა და სევდას იმპერატორი წელშიც მოეხარა და სახეც დაენაოჭებინა მისთვის.
შაჰ-ჯაჰანმა მუმთაზის გარდაცვალების შემდეგ 35 წელიწადი იცოცხლა ამქვეყნად და სწორედ დროის ამ მონაკვეთში აუგო ხელთუქმნელი თაჯ-მაჰალის მავზოლეუმი მისთვის ესოდენ საყვარელ და ძვირფას მეუღლეს. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. სამწუხაროდ, მუმთაზ-მაჰალის არც ერთი ისეთი პორტრეტი არ არის შემორჩენილი დღემდე, რომელიც ნატურიდან იქნა დახატული. ასე რომ, როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში შაჰ-ჯაჰანის საყვარელი მეუღლე, არავინ იცის.
შაჰ-ჯაჰანი
თაჯ-მაჰალი