იმელდა მარკოსი – „ეპიზოდი”
ფილიპინელი ექს-დიქტატორის – ფერდინანდ მარკოსის ფუფუნებისა და ძვირფასეულობის უზომოდ მოყვარული მეუღლე, ქვეყნის „პირველი ლედი” - იმელდა მარკოსი, ვინაც თავის დროზე „მის ფილიპინები”-ს კონკურსის გამარჯვებული გახდა, იმისათვის, რომ თავისი მდიდრული და უზარმაზარი კოლექციები კიდევ უფრო შეევსო, არ ერიდებოდა არც ცილისწამებას, არც შანტაჟსა და არც თაღლითობას. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ როდესაც ქვეყნის დამშეულ მოსახლეობას უკიდურესი სიდუხჭირის ზღვარი უკვე გადალახული ჰქონდა და ყოველდღიურად თითოეული მოქალაქე სულ რაღაც ორიოდე დოლარით კმაყოფილდებოდა, „რკინის პეპლად” წოდებული იმელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კილოგრამობით ოქროსა და ბრილიანტებს ყიდულობდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ძვირფასი ავეჯი, ზღაპრული საიუველირო ნაკეთობები, გენიალური მხატვრების ფერწერული ტილოები, ძვირადღირებული ბრენდული ტანისამოსები… ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც იმელდას კოლექციაში იყო წარმოდგენილი. თუმცა მას განსაკუთრებით ასევე იტაცებდა მოდური ფეხსაცმელები. ერთ-ერთი ვერსიით, „რკინის პეპელას” გარდერობი 3 000 წყვილი ძვირადღირებული ფეხსაცმელისგან შედგებოდა. თავად კი სასამართლო პროცესზე, რომელზედაც იგი დიქტატორი მეუღლის გარდაცვალების შემდგომ წარდგა სახელმწიფო ხაზინის არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებით, განრისხებულს წარმოუთქვამს – „არა 3 000 წყვილი ფეხსაცმელი, არამედ სულრაღაც 1 000-ზე ოდნავ მეტიო”.
ფუფუნების საგნები ფუფუნების საგნებად და, ეს სასტიკი და ვერაგი ქალი, ტუალეტის ქაღალდსაც კი სპეცშეკვეთით ამზადებინებდა. იმელდა მარკოსისათვის განკუთვნილ ექსკლუზიურ ტუალეტის ქაღალდს აბრეშუმის რბილი ქსოვილისაგან ამზადებდნენ და ისიც მხოლოდ და მხოლოდ ხელნაკეთი სახით. თავის მხრივ, აბრეშუმი მოვარაყებული გახლდათ სხვადასხვა სახის ულამაზესი მხატვრული ნიმუშებით.
დღეის მდგომარეობით, ფილიპინელი ექს-დიქტატორის ქვრივი 92 წლის ასაკში იმყოფება და სასამართლოს მიერ კონფისკირებული ქონების გამოისობით, მხოლოდ ადრეული მოგონებებითღა იქცევს თავს. – (ავტორი გენია.ჯი)
ფერდინანდ და იმელდა მარკოსები