გუსტავ კურბე – „ეპიზოდი”
სახვით ხელოვნებაში რეალიზმის ფუძემდებელმა დიდმა ფრანგმა მხატვარმა - ჟან დეზირე გუსტავ კურბემ, 1853 წელს პარიზის სალონში წარმოადგინა ახლადდასრულებული ერთ-ერთი თავისი ნამუშევარი, სახელწოდებით – „მობანავეები”. დახვეწილი გემოვნების მქონე პარიზელების გაოცება სიშიშვლის დემონსტრირებით შეუძლებელი რამ ჩანდა, თუმცა მაინც მოხერხდა, და იგი სწორედ რომ გუსტავ კურბემ მოახერხა პარიზის სალონში გამოფენილი ზემოაღნიშნული ნამუშევრით. (ავტორი გენია.ჯი) ფრანგი ხელოვანის ნახატმა პუბლიკა შოკში ჩააგდო, რადგან მასზე გამოსახული ქალის სხეულის მეტად უშნო პროპორციები და ბინძური ქუსლები, ქალისა, რომელსაც თეოფილ გოტიემ „ერთგვარი ჰოტენტოტური ვენერა” უწოდა, სრულად ანგრევდა ფრანგულ სახვით ხელოვნებაში გაბატონებულ შეხედულებას მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა მიმართ. შიშველი ქალის ნატურის ხილვას ადამიანში ესთეტიური სიამოვნება უნდა გამოეწვია, ამ შემთხვევაში კი, როგორც კრიტიკოსები შენიშნავდნენ ირონიულად – „თვით ნიანგიც კი მადას დაკარგავდა”.
პირველი, ვინაც საჯაროდ გააკრიტიკა და შეურაცხყო კიდეც გუსტავ კურბეს ნამუშევარი, თავად საფრანგეთის მეფე – ნაპოლეონ III ბონაპარტი გახლდათ. იგი იმდენად უკმაყოფილო დარჩა ფრანგი მხატვრის ნახატით, რომ ტილოს ზედაპირს მათრახიც კი შემოსცხო. ასე რომ ვთქვათ, – გაამათრახა!
თუმცა, ყველაზე სკანდალურად კურბეს წინააღმდეგ მაინც სახელოვანი მამის – ალექსანდრე დიუმას სახელოვანივე ვაჟიშვილი – ალექსანდრე დიუმა (შვილი) გამოვიდა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მან თავისი გამოსვლით მართლაც რომ მიწასთან გაასწორა ფრანგი ხელოვანი. „რომელი ურჩხულისგან… შეიძლებოდა წარმოშობილიყო ეს ნაძირალა, სახელად გუსტავ კურბე? რომელი ჩაჩის ქვეშ, რა ნაგვის გროვაზე იშვა ღვინის, შხამიანი ნერწყვისა და მძაღე სუნიანი ლორწოს ნარევი ეს წვერებიანი გოგრა? ეს არის ის, ვინც თავს ადამიანად და ხელოვანად ასაღებს, ამ დროს კი სრული სისულელის განსახიერებაა”. – აი, ასეთი საშინელი სიტყვები აკადრა მაშინ დიუმა-შვილმა სახვით ხელოვნებაში რეალიზმის ფუძემდებელ ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ ფერმწერს გუსტავ კურბეს. კურბეს, ვისი ნამუშევრებიც დღეისათვის საფრანგეთისა და მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებში არიან დაცულნი. – (ავტორი გენია.ჯი)
გუსტავ კურბე