„გლამურული დასჯა”
XVIII საუკუნის ინგლისში ბევრად უფრო ადამიანური და ჰუმანური მიდგომები არსებობდა ადამიანების მიმართ, რა სოციალური ფენისაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ვიდრე ევროპის სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. (ავტორი გენია.ჯი) ამის დასტურია ისიც, რომ მოსამსახურეების (ლაქიების) მიმართ სასტიკად მოქცევის უფლება არ გააჩნდათ თვით ყველაზე გავლენიან დიდგვაროვანებსაც კი. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის ჰუმანიზმის ცენტრად ქცეულ ინგლისში, მიუხედავად ჩინისა და მდგომარეობისა, ყველა თანაბრად იღებდა სასჯელს ზღვარდაუშვებელი დანაშაულის ჩადენისთვის. სამშობლოს ღალატი, მკვლელობა და სხვა უმძიმესი დანაშაულები – სიკვდილით დასჯას ექვემდებარებოდნენ. თუმცა, „ნისლიანმა ალბიონელებმა” ამ შემთხვევაში ერთი, მაგრამ მეტად საინტერესო გამონაკლისი დაუშვეს. გამონაკლისი, რომელიც მაინც განასხვავებდა ერთმანეთისგან დიდგვაროვან და „მცირეგვაროვან” სიკვდილმისჯილებს.
„გლამურული დასჯა” – ამ უჩვეულო სახელით მოიხსენიებდა დიდგვაროვანი ინგლისელების სიკვდილით დასჯის საშინელ პროცედურას ხალხი იმ პერიოდის ინგლისში. უბრალო მოკვდავთა ჩამოხრჩობა ჩვეული, ტრადიციული წესით მიმდინარეობდა. აი, „ბრალიანებისა” კი აბსოლუტურად სხვაგვარად. რისთვისაც ეწოდა კიდეც მას ეგზომ სარკაზმული ზედსახელი – „გლამურული დასჯა”.
უპირველეს ყოვლისა შევნიშნოთ, რომ ეშაფოტზე ასულ სიკვდილმისჯილ დიდგვაროვაროვანს ისიც განასხვავებდა მის ბედში მყოფი დაბალი სოციალური ფენის სიკვდილმისჯილიგან, რომ მისთვის განკუთვნილი ჩამოსახრჩობი თოკი – აბრეშუმის ძვირფასი ქსოვილისგან იყო დამზადებული. აბრეშუმი კი მაშინ „ნისლიან ალბიონზე” ერთ-ერთ უძვირეს და უძვირფასეს ქსოვილს წარმოადგენდა.
„გლამურული დასჯის” საუკეთესო მაგალითი 1760 წლის 4 მაისს ლონდონში წარმოგვიდგინა ფერერსის მდიდარმა და გავლენიანმა, თუმცა კი სიკვდილმისჯილმა გრაფმა – ლოურენს შერნიმ. საყურადღებოა, რომ სწორედ იგი იყო უკანასკნელი ადამიანი, ვისი დასჯაც „გლამურული დასჯის” მეთოდით განხორციელდა. მას ბრალი საკუთარი საქმეთა მმართველის მკვლელობაში დაუმტკიცდა. განრისხებულმა ლოურენსმა ეს უკანასკნელი ცეცხლსასროლი იარაღით იმსხვერპლა. ზოგადად, შერნი სკანდალური პიროვნების რეპუტაციით სარგებლობდა. მისი არასასიამოვნო ქცევები ყოველთვის აღიზიანებდა საზოგადოებას. „უღირსად იცხოვრაო” , – შენიშნავდნენ კიდეც მისი თანამედროვეები. საბოლოო ჯამში, ასეთმა ცხოვრების წესმა ლოურენსი მართლმსაჯულების ლუკმად აქცია. მიუხედავად დიდი სიმდიდრისა და დიდი გავლენებისა, გრაფს ლორდთა პალატამ არანაირი შეღავათი არ გაუწია და იგი ჩადენილი მკვლელობისათვის ეშაფოტზე გაგზავნა.
სიკვდილით დასჯის დღეს, ექსცენტრიული გამოხდომებით ცნობილი ლოურენსი ბადრაგმა ეშაფოტთან ძვირფასი ეტლით მიიყვანა. ეტლში 6 უმშვენიერესი არაბული ჯიშის ცხენი იყო გაბმული. ეტლიდან გადმოსულ გრაფს ვერცხლით გაწყობილი მდიდრული ტანისამოსი ემოსა. მის ხელებსა და ყელს კი ძვირფასი თვლებით მოჭედილი სამკაულები ამშვენებდა. ეშაფოტზე ასულმა სიკვდილმისჯილმა ყველა იმ ჯალათს, რომელთაც იგი სიცოცხლისათვის უნდა გამოეთხოვებინათ, ფული ჩამოურიგა. მანამდე კი, აბრეშუმის თოკი, რომლითაც შერნი უნდა ჩამოეხრჩოთ, პირადი სახსრებით შეიძინა.
გრაფი მშვიდად შეგებებია თავის აღსასრულს.
ლოურენსის სიკვდილით დასჯის შემდგომ, ინგლისში აღარავინ ჩამოუხრჩვიათ აბრეშუმის თოკით და არც არავინ მიუბრძანებიათ ეშაფოტზე ეგზომ პომპეზურ ფორმებში. – (ავტორი გენია.ჯი)