პავლე III – „ეპიზოდი”
შესაშური დიპლომატიური შესაძლებლობით დაჯილდოვეული რენესანსის ეპოქის უკანასკნელი რომის პაპი – პავლე III (1468-1549 წლები), ვისაც „რისხვით აღსავსე ადამიანად” მოიხსენიებდნენ მისი თანემდროვეები, ერთობ პატივმოყვარე, მედიდური, გამბედავი და ცბიერი ბუნებით მოსილ პონტიფიკოსს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე, ერისკაცობაში – ალესანდრე ფარნეზე ნეპოტიზმითაც გამორჩეული პიროვნება იყო. ამის დასტურად მარტო ის რად ღირს, რომ მან რომის პაპის გვარდიის მეთაურად საკუთარი ვაჟიშვილი – პიეტრო ლუიჯი განამწესა, ხოლო თავისი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი შვილიშვილები 14 და 16 წლის ასაკებში დანიშნა კარინალთა კოლეგიის წევრებად. ყოველივე ამის მიუხედავად, პავლე III ისტორიულ ქრონიკებში მაინც მოხსენიებულია, როგორც – „მეთექვსმეტე საუკუნის დიდი პაპი-აღმაშენებელი”. და მართლაც, მის სახელთან ასოცირდება რომის საფორტიფიკაციო ნაგებობების აგება, რომლის მშენებლობასაც ცნობისთვის, გენიალური მიქელანჯელოს ერთ-ერთი მოძულე კონკურენტი, იტალიელი არქიტექტორი – ანტონიო და სანგალო ხელმძღვანელობდა. პავლეს სახელთან ასევე დაკავშირებულია რომში კაპიტოლიუმის აგება; ლეგენდად ქცეული რომაელი იმპერატორის – მარკუს ავრელიუსის ქანდაკების აღმართვა „მარადიული ქალაქის” ცენტრში; „პაოლას გზის” გაკეთება; რეჯიას დარბაზისა და კაპელა პაოლინის აგება ვატიკანში; კაფარელისა და სპადას სასახლეების, მედიჩების ვილის აშენება და სხვა. – (ავტორი გენია.ჯი)