ჰიპოკრატე – „ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეული „მედიცინის მამად” წოდებული ძველ ბერძენი მედიკოსის – ჰიპოკრატეს (ძვ.წ.აღ-ით 460-370 წლები) პიროვნულ რეპუტაციას ერთობ დიდ ჩრდილს აყენებს ადრეული ეპოქების რიგი ავტორების გადმოცემები. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: რომში მოღვაწე ძველ ბერძენი მედიკოსი – სორანუს ეფესოელი ირწმუნებოდა, რომ ძველ ბერძნული მედიცინის რეფორმატორი – ნარცისიზმით შეპყრობილი უკიდურესად ეგოისტი ადამიანი იყო. ამის დასტურად კი, რამდენიმე გარემოებას ასახელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ჰიპოკრატემ ასკლეპიოსისადმი მიძღვნილი მედიცინის ტაძარი, რომელიც ერთბაშად სამლოცველოს, საავადმყოფოს, ბიბლიოთეკისა და აფთიაქის კომბინაციას წარმოადგენდა, მხოლოდ იმიტომ გადაწვა, რომ იგი კონკურენტ მედიკოსებს ეკუთვნოდათ. ამავე ვერსიას ადასტურებდა „დოგმატიკების სკოლის” ცნობილი წარმომადგენელი, ძველ ბერძენი ექიმი – ანდრეა კარისტოელიც.
საკუთარ თავზე გადაჭარბებულად სიყვარულსა და ეგოიზმში ჰიპოკრატეს ბრალს ასევე სდებდა სახელგანთქმული ბიზანტიელი ისტორიკოსი – იოანე ცეცა. თუმცა იგი ზემოთ მოყვანილი ვერსიისაგან განხვავებულ ვერსიას გვთავაზობს. იოანეს გადმოცემით, ჰიპოკრატემ ცეცხლს მისცა არა კონკურენტების, არამედ კუნძულ კოსზე არსებული საკუთარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელშიაც სხვა უამრავი დიდებული ავტორის ნაშრომთან ერთად თავისი ნაშრომებიც იყო დაცული. ბიზანტიელი ისტორიკოსის მტკიცებით, ასეთი ბარბაროსულის აქტის ჩადენა „მედიცინის მამად” წოდებული მედიკოსის მიერ, სწორედ რომ ეგოიზმით იყო ნაკარნახევი: ჰიპოკრატემ იმიტომ გადაწვა უნიკალური სამედიცინო ნაშრომები თურმე, რომ მათში მოყვანილი უზარმაზარი ცოდნის თანამოზიარედ სხვების ქცევა არ სურდა. – (ავტორი გენია.ჯი)