Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ვინც მდგარა დედის ცხედართან, ვისაც მიუპყრია უკანასკნელი მზერა მისი ფერმკრთალი სახისათვის, მისი ძვირფასი, მიმქრალი ნაკვთებისათვის, შეუძლებელია არ ჩარჩენოდა ხსოვნაში ის საშინელი განცდა, მკერდის გასრესას რომ ლამობს. უჩვეულო სინანული იპყრობს ასეთ წუთებში ადამიანს. იგონებს, რამდენი გააკეთა ამ ადამიანმა მისთვის, როგორ ურწევდა აკვანს, უვლიდა, თავს დასტრიალებდა, როგორ მსუბუქად ეჩვენებოდა ყოველგვარი ტვირთი, რაც მისი შვილის სიკეთეს მალამოდ დაედებოდა! და როგორ გადავუხადეთ სამაგიერო? ჩვენ გულგრილი ვიყავით ასეთი სიყვარულის წინაშე. ახლა გვეჩვენება, რომ ზოგჯერ მეტისმეტად უმადურნიც ვყოფილვართ. თუ ყველა ჩვენი სურვილი მყისვე არ გვისრულდებოდა, ვბუზღუნებდით, ვუწყრებოდით მშობელს, მის სიკეთეს ცივ წყალს ვასხამდით და ყურადღებას არ ვაქცევდით ცხარე ცრემლებს, ჩვენგან ფარულად რომ ღვრიდა.
ახლა, როცა ეს მოსიყვარულე თვალები აღარ გვიყურებენ, როცა ეს ყური სამუდამოდ დახშულია, ჩვენს სურვილებს რომ ისმენდა მუდამ, ეს ხელები ჩვენს უკანასკნელ შეხებას რომ აღარ გრძნობენ, ეს კეთილი ხელები, რომლებიც გვაჭმევდნენ და გვაცმევდნენ, – ახლა ერთბაშად გვეუფლება გრძნობა სინანულისა, მადლიერებისა, სიყვარულისა, – ის გრძნობები, რომელთაგან ერთიც იკმარებდა იმისათვის, რომ სიცოცხლეში დედა ბედნიერი გაგვეხადა”.