ტანგო – „ეპიზოდი”
იყო დრო, როდესაც „იუნესკოს” მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტანგოს სამეჯლისო ცეკვას, რომელიც „ქუჩის ცეკვად” გახლდათ მიჩნეული დიდი ხნის განმავლობაში, მშობლები საკუთარ ქალიშვილებს კატეგორიულად უკრძალავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც იყო, რომ ერთობ პიკანტურ ცეკვად მიჩნეულ ტანგოს თავდაპირველ ეტაპზე მამაკაცები მხოლოდ როსკიპ ქალებთან ცეკვავდნენ. იმ მიზნით, რომ მამაკაცებს პარტნიორ ქალებთან ერთად ეცეკვათ ტანგო, ისინი მეძავებს სპეციალურადაც კი ქირაობდნენ საროსკიპოებიდან. მაშინ როდესაც თვით ვალსის უწყინარი ცეკვაც აკრძალვას დაექვემდებარა თავის დროზე, გასაკვირი არ იქნება, რომ უხამს ცეკვად მიჩნეული ტანგოც აკრძალულ ცეკვათა ნუსხაში შეეტანათ. ასე მაგალითად: ტანგოს წინააღმდეგ გაილაშქრა და იგი აკრძალა რომის რიგით 257-ე პაპმა – პიუს X-მ. მალევე ვერსალის ეპისკოპოსმა არგენტინული ცეკვა ოფიციალურად გამოაცხადა – „გარყვნილ ცეკვად”, რომელიც ხელ უწყობდა ახალგაზრდებს ამორალური ქმედებების ჩადენაში; ტანგო თავ-თავიანთ ქვეყნებში აკრძალეს იტალიის მეფემ და ბავარიის უკანასკნელმა მეფემ – ლუდვიგ მესამემ; ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ავსტრიის ხელისუფლებამაც იმ განსხვავებით, რომ ამ ევროპულ ქვეყანაში ტანგოს ცეკვა მხოლოდ სამხედრო ოფიცრებს აუკრძალეს.
მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობებისა, XX საუკუნის დასაწყისში ევროპა ტანგომანიამ მაინც მოიცვა! – (ავტორი გენია.ჯი)