ალექსანდრე გრიბოედოვი – „ეპიზოდი”
იმისათვის, რომ სპარსეთის დედაქალაქ თეირანში მოკლული რუსი დიპლომატი, პროზაიკოსი და აღმოსავლეთმცოდნე – ალექსანდრე გრიბოედოვი მთაწმინდაზე არსებულ მამადავითის ეკლესიაში დაეკრძალათ, იმდროინდელმა კავკასიის მთავარმართებელმა – ივანე პასკევიჩმა საქართველოს რუს ეგზარქოსს – მიტროპოლიტ იონას (ვასილევსკი) სპეციალური წერილიც კი გაუგზავნა. (ავტორი გენია.ჯი) ეგზომ მაღალჩინოსანი პერსონის თხოვნის მიუხედავად, ეგზარქოსმა მაინც თავი შეიკავა სამშობლოს ინტერესებს შეწირული თანამემამულის მთაწმინდაზე დაკრძალვისგან. „გრიბოედოვს მთაწმინდის ეკლესიასთან არავითარი კავშირი არა აქვსო”, – განუცხადებია მაშინ იონას. შედეგად, საქმეში ჩაერთო აწგარდაცვლილის ულამაზესი ქართველი ქვრივი – ნინო ჭავჭავაძე, ვინაც ეკლესიის სასარგებლოდ საკმაოდ მნიშვნელოვანი შეწირულობა გაიღო. ესოდენ დიდმა შეწირულობამ როგორც ჩანს, მიტროპოლიტ იონას „გული მოულბო” და სწორედ ამის შემდგომ გასცა უფლება გრიბოედოვის ნეშთი მამადავითის ეკლესიის ეზოში დაეკრძალათ.
მარმარილოსაგან დამზადებული ძეგლი, რომელიც ალექსანდრეს საფლავზე დგას დღემდე, საკუთარ ქმარზე უზომოდ შეყვარებული ქალის შეკვეთით დაამზადა იტალიელმა მოქანდაკემ – სილვიო კამპიონიმ. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, პოპულარული კომედიური თხზულების – „ვაი ჭკუისაგან” ავტორის – ალექსანდრე გრიბოედოვის მშობლები – სერგეი და ანასტასია ერთი გვარისანი იყვნენ.
გრიბოედოვის საფლავი მთაწმინდაზე
ნინო ჭავჭავაძე
საქართველოს ექზარქოსი 1821-1832 წლებში – მიტროპოლიტი იონა (ვასილევსკი)