ლეოპოლდ II – „ეპიზოდი”
„ყასაბად” წოდებული ბელგიის სასტიკი მეფე – ლეოპოლდ II (1835-1909 წლები), ვინაც კოლონიად ქცეულ აფრიკულ კონგოში სისხლის მდინარეები ადინა ადგილობრივ მოსახლეობას, მექალთანეობით გამორჩეულ მონარქს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი მრავალრიცხოვანი სასიყვარულო რომანების შესახებ ხალხში ლეგენდები დადიოდა. და მართლაც, ლეოპოლდის „სატრფოები” იმდენად პრივილიგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რომ ისინი მეფის გერბიანი კარეტებითაც კი გადაადგილდებოდნენ.
ბელგიელ მონარქს, რომელმაც ავტომობილის მართვა 70 წლის ასაკში ისწავლა, მარტო ან რომელიმე ფავორიტ ქალთან ერთად უყვარდა მანქანით სეირნობა. განსაკუთრებით მას მსახიობი ქალები იტაცებდა, რის გამოც ხშირად სტუმრობდა თეატრალურ და საბალეტო წარმოდგენებს. ერთობ მოზრდილი ცხვირის მქონე ლეოპოლდს, ვისზეც ხუმრობდნენ – „მისი უზარმაზარი ცხვირი ათონის მთებსაც კი ჩრდილში ამყოფებსო”, 1896 წელს ერთ-ერთმა ულამაზესმა ფრანგმა მოცეკვავე ქალმა – კლეო დე მეროდმა მართლაც რომ თავგზა აურია. აქვე საყურადღებოა ისიც, რომ ეს ლამაზმანი ბელგიელ მონარქზე 40 წლით უმცროსი გახლდათ. კონგოში საშინელი გენოციდის მომწყობ ლეოპოლდს იმდენად შეუყვარდა დე მეროდი, რომ მასზე დაქორწინებაც კი გადაწყვიტა (შედეგად, ბელგიის პირსისხლიან მმართველს ირონიულად – „კლეოპოლდად” მოიხსენიებდნენ ხოლმე). თუმცა ამ უკანასკნელისაგან უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, მეფის რჩეული ქალი მაინც სამეფო სასახლეში ცხოვრობდა, რაც ძალიან აღიზიანებდა მის ქვეშევრდომებს.
ერთხელ ლეოპოლდთან აღნიშნულ საკითხზე მისივე მოძღვარმა წამოიწყო საუბარი.
„ – ხმები დადის, რომ სამეფო სასახლეში თქვენთან ერთად თქვენი საყვარელიც ცხოვრობს”, – უთხრა უკმაყოფილო სასულიერო პირმა მეფეს.
„ – და თქვენ ეს დაიჯერეთ? როდესაც გუშინ თქვენს შესახებაც ანალოგიური რამ მითხრეს, მე არ დამიჯერებიაო”, – მიუგო საპასუხოდ ლეოპოლდმა თავის მოძღვარს და ამით ზემოაღნიშნულ საკითხზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ შეაწყვეტინა.
ბელგიის ყველაზე არაპოპულარულმა მეფემ, რომელიც ხშირად იმეორებდა, რომ „ცათა სასუფეველს მხოლოდ ფული იმსახურებდა”, თავისი აღსასრული 75 წლის ასაკში ჰპოვა. – (ავტორი გენია.ჯი)
კლეო დე მეროდი