ოტო ფონ ბისმარკი – „ეპიზოდი”
„თითოეული ადამიანისათვის მის ცხოვრებაში განკუთვნილია გარკვეული რაოდენობის ღვინო და თამბაქო. მაგალითად, მე ვესწრაფვი, რომ ჩემთვის განკუთვნილი იყოს 100 000 სიგარა და 5 000 ბოთლი შამპანური”. - ამ სიტყვების ავტორი გახლდათ „რკინის კანცლერად” წოდებული გერმანიის იმპერიის ლეგენდარული რაიხსკანცლერი – ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898 წლები). ულვაშებიანი ჰედონისტი ირწმუნებოდა, რომ დღეში საშუალოდ 15 სიგარას ეწეოდა. მოწევა კი თავის მხრივ, მუშაობის პროცესში უწყობდა ხელს – ამშვიდებდა და აკონტროლებდა მის მოჭარბებულ ტემპერამენტს. (ავტორი გენია.ჯი) გურმანობით გამორჩეული გერმანელი პოლიტიკოსი არც იმას მალავდა, რომ ძალიან უყვარდა კარგი, ნოყიერი კერძები და ალკოჰოლური სასმელები. შედეგად, 1879 წელს მისმა წონამ 124 კილოგრამსაც კი უწია. ჭარბი კვებისა და სპირტიანი სასმელების ჭარბად მოხმარებისაგან კანცლერს საჭმლის მომნელებელი სისტემა დაერღვა. გარდა ამისა, დაავადდა რევმატიზმითა და უძილობით, რის გამოც მედიკოსებმა მკაცრ დიეტაზე დასვეს. მანამდე კი, გეტინგენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მისი ხილვა ლუდის ბარებში უფრო იყო შესაძლებელი, ვიდრე ლექციებზე.
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ათეულობით დუელში მონაწილეობამიღებული ბისმარკი, თავისი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მორფინსაც ხშირად ეტანებოდა, თუმცა მოგვიანებით ამ საშინელ ჩვევაზეც უარი განაცხადა და ჯანმრთელი ცხოვრების წესს მიჰყო ხელი. – (ავტორი გენია.ჯი)