ფრანსუაზ საგანი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი ფრანგი მწერალი და დრამატურგი ქალი - ფრანსუაზ საგანი (1935-2004 წლები) აზარტული თამაშების მოყვარულ ლიტერატორს წარმოადგენდა. შედეგად, იგი კაზინოების ხშირი სტუმარიც გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, როგორც სხვა უამრავი აზარტომანი, ისიც უმეტესწილად დამარცხებული გამოდიოდა სათამაშო სახლებიდან. ცნობილია ისიც, რომ ლონდონში ყოფნის ჟამს მან 3 მილიონი ფუნტი-სტერლინგიც კი წააგო, მაგრამ მისდა საბედნიეროდ, წაგებული თანხის უდიდესი ნაწილი იმავე დღეს გამოიგო. დროთა განმავლობაში ლიტერატორმა ქალმა კარგად გაათვითცნობიერა, რომ აზარტული თამაშებისადმი გატაცება მისთვის ერთ დღეს კატასტროფად იქცეოდა, რის გამოც გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოეშორებინა ეს მავნე ჩვევა. ამიტომაც მიიღო ფრანსუაზმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ერთი მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: მან წერილობითი თხოვნით მიმართა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მისთვის კაზინოებში შესვლა ოფიციალურად აეკრძალათ. ფრანგი ლიტერატორი ქალის თხოვნა საფრანგეთის შსს-ს მიერ დიდსულოვნად იქნა დაკმაყოფილებული. – (ავტორი გენია.ჯი)