სამურაი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი იაპონელი სამურაები, რომელთა შესახებაც უამრავი რომანტიზმით აღსავსე ლეგენდაა გავრცელებული, თავიანთ მტრებს უმდაბლესი კლასის ადამიანებად მიიჩნევდნენ და ისე ექცეოდნენ, როგორც პირუტყვებს. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე აწამებდნენ უსასტიკესად ტყვედ აყვანილ მოწინააღმდეგეებს. გარდა ამისა, უკიდურესად ამცირებდნენ და შეურაცხყოფდნენ მათ. რიგი ისტორიული წყაროების მტკიცებით, ეს წვრილი მიწათმფლობელი აზნაურები, რომელთა უმთავრეს მოვალეობასაც ბრძოლებში მონაწილეობა წარმოადგენდა, ახალი ხმლების პირების სიმტკიცესა და ვარგისიანობას ტყვედ აყვანილებზე სინჯავდნენ.
სამურაები სხვა უმსგავსო საქციელებითაც გამოირჩეოდნენ. ასე მაგალითად: ისინი ზოგჯერ ერთგვარ ალყას უწყობდნენ თავიანთი მტრების უმწეო ქალებს, რომლებზედაც შემდგომ ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდნენ.
„ბუშიდოს” იერარქიული კოდექსის პატივისმცემელ სამურაებში „სეპუკუ”-ს რიტუალური თვითმკვლელობის პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული. თუმცა ამასაც ისინი მერკანტიული მიზნებით სჩადიოდნენო, ირწმუნება რიგი ავტორებისა. და მართლაც, ჰარაკირის ჩადენის შემთხვევაში, კანონის თანახმად, თვითმკვლელი სამურაის მთელი ქონება მისი ოჯახისა და მემკვიდრეების ხელში გადადიოდა; იმ შემთხვევაში კი, როცა სამურაი ტყვედ ჩაუვარდებოდა ხოლმე საკუთარ მტრებს და დაისჯებოდა როგორც დამნაშავე, მის ავლა-დიდებაზე ოჯახსა და მემკვიდრეებს ხელი აღარ მიუწვდებოდათ.
ზემოაღნიშნული და სხვა მრავალი გარემოების გამო, „ამომავალი მზის” ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს გათავხედებული სამურაების ძალიან ეშინოდა. – (ავტორი გენია.ჯი)