ალექსანდრე დიუმა – „ეპიზოდი”
თავისი ჩახლეჩილი ხმით საკუთარ თავზე დიდი ბავშვის თავმოწონებით უყვარდა ხოლმე საუბარი გენიალურ ფრანგ ლიტერატორს – ალექსანდრე დიუმას. (ავტორი გენია.ჯი) ეს გულღია და დიდებული კაცი, ვინაც არასოდეს სვამდა ღვინოს; არც ყავას და არ ეწეოდა თამბაქოს, განსაკუთრებული მექალთანეობით გამოირჩეოდა, რასაც არც მალავდა. ის კი არადა, ტრაბახობდა კიდეც – „მე ბევრი საყვარელი მყავს იმიტომ, რომ ჰუმანური კაცი ვარ. არ მინდა გადავაჭარბო, მაგრამ ხუთასამდე შვილი მაინც მეყოლება მთელს დუნიაზე გაფანტულიო”.
ვალების გასტუმრების მხრივაც, მსოფლიო ლიტერატურის ფრანგი ტიტანი ყოველთვის დიდ უპასუხისმგებლობას იჩენდა. იგი თითქმის არასოდეს არ ისტუმრებდა მათ. ის კი არადა, დიუმას თავისი ქალიშვილისთვის – მარისთვის, დაპირებული მზითვიც კი არ მიუცია (120 000 ფრანკი), რის გამოც ეს უკანაკსნელი ხშირად ჩაუგდია უხერხულ მდგომარეობაში დედამთილს, რადგან იგი გამუდმებით ჩიოდა რძლის სიღარიბეზე.
სახელოვანი მამის უარყოფითი თვისებები არ მოსწონდა დიუმას ვაჟიშვილს – ალექსანდრე დიუმა (უმცროსს). იგი უკმაყოფილო გახლდათ იმითიც, რომ მშობელი მას სათანადო დროს არასოდეს არ უთმობდა. „ძალიან მინდა, ცოტა ნაკლებ ხმაურიანი მამა მყავდეს, რომელსაც უფრო მეტი დრო დარჩება ჩემთვის, და თავისთვისაცო”, – წუხდა ხოლმე იგი.
მამა-შვილს შორის ხშირი იყო კონფლიქტები. შვილი მამას საყვედურობდა, ცუდად აღმზარდეო: „რასაკვირველია, მეც იმას ვაკეთებდი, რასაც ვხედავდი და რასაც შენ აკეთებდი. ისევე ვცხოვრობდი, როგორც შენ მასწავლე ცხოვრება”. გარდა ამისა, დიუმა-შვილი ყოველთვის ჰკიცხავდა მამას უამრავი ვალებისა და მრავალრიცხოვანი საყვარლების გამოც.
ამბობენ, „გრაფ მონტე-კრისტოს” ავტორს არასოდეს შინებია სიკვდილისო. და მართლაც, სიცოცხლის მწუხრის ჟამს ალექსანდრე ხუმრობდა კიდეც – „ღმერთი ჩემ მიმართ მოწყალე იქნება იმიტომ, რომ მე მას საინტერესო ამბებს მოვუყვებიო”.
ალექსანდრე დიუმა 1870 წლის 5 დეკემბერს გამოეთხოვა წუთისოფელს. იგი სამაგალითოდ გამოიგლოვა ფრანგმა ხალხმა. – (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრე დიუმა (შვილი)