დონატო ბრამანტე – „ეპიზოდი”
მაღალი აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი არქიტექტორი და მხატვარი – დონატო ბრამანტე (1444-1514 წლები), ვინაც რომის პაპის – იულიუს მეორის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდა, სიამოვნებას თავმიდებული კაცი და დიდი მფლანგველობით გამოირჩეული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ხელოვანს, რომელსაც არასოდეს ჰყოფნიდა პონტიფიკოსის მიერ მისთვის გადახდილი უზარმაზარი ჰონორარები, მუდმივად ცდილობდა, რომ ყოველგვარი მშენებლობისაგან გამორჩენა მიეღო. შედეგად, იგი კედლებს ცუდი მასალით, მათი სიმაღლისა და სივრცისათვის უკმარი სიმტკიცით აშენებინებდა. ამის დამადასტურებლად საკმარისია მოვიგონოთ წმინდა პეტრეს ტაძარი ვატიკანში. კერძოდ კი, აღნიშნული ტაძრის კომპლექსში შემავალი – ბელვედერის დერეფანი, რომელსაც სან პიეტრო ად ვინკულას მონასტრისა და მის მიერ აგებული სხვა ნაგებობების მსგავსად, ახლად დასჭირდათ გამაგრება რკინის კავებითა და საყრდენებით.
ერთადერთი ადამიანი, ვისშიაც დონატო დარწმუნებული იყო, რომ მშენებლობების ჟამს დაშვებულ შეცდომებს აღმოუჩენდა, გენიალური – მიქელანჯელო ბუონაროტი გახლდათ. ამიტომაც იგი ყოველთვის ცდილობდა, რომ საშიში კოლეგა და ამასთანავე საშიში კონკურენტი, რომიდან თავისი დიდი გავლენების საშუალებით – გაერიდებინა. რომის პაპის კეთილგანწყობით მოსარგებლე ბრამანტე, ვისაც შურის გამოისობითაც საშინლად სძულდა მიქელანჯელო, დასახულ მიზანს ხშირად აღწევდა. ზოგჯერ მუქარის გამოყენებითაც კი.
„ბრამანტემ მაფიქრებინა, თუ რომში დავრჩი, ეს ქალაქი უფრო ადრე ჩემი საფლავი გახდება, ვიდრე პაპისა და ეს იყო მიზეზი ჩემი უეცარი წასვლისაო”. – ასე ხსნიდა შემდგომ თანამემამულე კოლეგისაგან დევნილი მიქელანჯელო რომიდან თავისი გაქცევის ეპიზოდს ახლობელთა წრეში. აღნიშნულ მოვლენას ადგილი ჰქონდა 1506 წლის 17 აპრილს. სხვა ვერსიით, ბუონაროტი 17-ში იმიტომ გაეცალა რომს, რომ მას არ სურდა საკუთარი თვალით ეხილა თავისი მტრის ზეიმი. 18-ში ხომ წმინდა პეტრეს ტაძრის საძირკვლის საზეიმო ღონისძიება იყო დაგეგმილი, რომლის პირველი პროექტის ავტორიც – დონატო ბრამანტე გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)
მიქელანჯელო