ლუი XIII – „ეპიზოდი”
„სამართლიანად” წოდებული საფრანგეთის მეფე – ლუი XIII დე ბურბონი (1601-1643 წლები), ერთობ ფიცხი და ჩქარი პიროვნება იყო ვისმეზე მსჯავრის გამოტანის დროს. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ მისი მრისხანების ობიექტად სამეფო კარზე მომსახურე ორი მუსიკოსი იქცა. ამ შემთხვევაშიც, გაბრაზებულმა ლუიმ სწრაფად გამოიტანა განაჩენი: მუსიკოსებს ხელფასი გაუნახევრა. რამდენიმე ხანში, მეფის მიერ დასჯილი ორი მუსიკოსი ლუის წინაშე მეტად უცნაური სახით შეუდგა თავიანთი მუსიკალური კომპოზიციების შესრულებას – ერთ მათგანს შარვალი არ ეცვა, მეორეს ზედა სამოსი. ყოველივე ამით გაოცებულმა მონარქმა მუსიკოსებს დაკვრა შეაწყვეტინა და ჰკითხა – „რას ნიშნავს ყოველივე ეს?” – რაზედაც მათგან შემდეგი პასუხი მიიღო – „ეს იმას ნიშნავს, თქვენო უდიდებულესობავ, რომ ადამიანები, რომლებიც თავიანთ გასამრჯელოს მხოლოდ სანახევროდ იღებენ, სანახევროდაც ახერხებენ შემოსვასო”.
მუსიკოსების გონებამახვილმა პასუხმა ლუი იმდენად მოხიბლა, რომ მათ ხელფასები ერთიორად გაუზარდა. – (ავტორი გენია.ჯი)