მიხეილ ვრუბელი – „ეპიზოდი”
პოლონური წარმომავლობის მქონე ერთ-ერთი უდიდესი რუსი მხატვარი - მიხეილ ვრუბელი (1856-1910 წლები), სხვა მრავალ მხატვართაგან განსხვავებით, მუშაობის ერთობ სწრაფი ტემპით გამოირჩეოდა. თუკი მისი კოლეგა ხელოვანები თითოეული ნამუშევრის შექმნას თვეებსა და წლეებსაც კი ანდომებდნენ, ვრუბელს ერთი სურათის დასახატავად სულ რამდენიმე საათი ესაჭიროებოდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მის ამ დადებით შესაძლებლობას ერთგვარად აუფერულებდა თავისივე უკიდურესი უპასუხისმგებლო ხასიათი. იგი იმდენად უპასუხისმგებლო და გულმავიწყი ადამიანი იყო, რომ მნიშვნელოვან შეხვედრებზეც კი აგვიანებდა ხოლმე. თანაც არა მხოლოდ რამდენიმე საათით, არამედ რამდენიმე დღითაც. გარდა ამისა, მხატვარი ხშირად წყვეტდა დადებულ კონტრაქტებს შემკვეთებთან, რის გამოც უმეტესწილად შემოსავლის წყაროს გარეშე რჩებოდა. შედეგად, იგი იძულებული ხდებოდა ფული ახლობელ-მეგობრებისაგან ესესხებინა სხვადასხვა მოტივებით. მათ შორის, ტყუილი მოტივებითაც. ასე მაგალითად: ერთხელ მათგან ფული „მამის დაკრძალვის” ხარჯების დასაფარავად ისესხა. თუმცა, ამ ტრაგიკული ამბიდან რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ სიმართლეს ფარდა აეხადა: მეგობართა წრეში მყოფ ვრუბელს მოულოდნელად მამა ესტუმრა. – (ავტორი გენია.ჯი)