ნიკოლოზ გოგოლი – „ეპიზოდი”
დიდ უკრაინელ მწერალს – ნიკოლოზ გოგოლს (1809-1852 წლები) ხანგრძლივი და ახლო მეგობრობა აკავშირებდა ალექსანდრე პუშკინთან. მათ შორის ხშირი იყო ერთმანეთის დასაჩუქრება. ერთ დღესაც პუშკინმა გოგოლს მოპსის ჯიშის ლეკვი უსახსოვრა. (ავტორი გენია.ჯი) „ეს გახლდათ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი პუშკინისგან ჩემთვისო”, – შენიშნავდა ხოლმე ნიკოლოზი შემდგომში. დროთა განმავლობაში, „რუსული პოეზიის მზედ” წოდებული პოეტის მიერ ნაჩუქარი ძაღლი, რომელსაც ახალმა პატრონმა სახელად – „ჯოზი” შეურჩია, გოგოლის უსაყვარლეს მეგობრად იქცა. „არც ერთ ცოცხალ არსებაზე არ ყოფილა იგი მიჯაჭვული ისე, როგორც მასზეო”, – გადმოგვცემენ უკრაინელი ლიტერატორის ახლობლები. სიტყვა-სიტყვით რომ ვთქვათ, ამ პირქუში, უტყვი და დეპრესიისადმი მიდრეკილი კაცისთვის ჯოზი ყველაფერს წარმოადგენდა. ამის ფონზე საკვირველია, რომ გოგოლს ძალიან, ძალიან ხშირად ავიწყდებოდა თავისი საყვარელი მეგობრის გამოკვება. მწერლის თანამედროვეების გადმოცემით, ნიკოლოზისათვის დამახასიათებელი თვისება გახლდათ ღრმა დეპრესიაში ჩავარდნა. ამას თან ერთვოდა მისი ფსიქიკური პრობლემებიც – იგი მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მატარებელი გახლდათ. შედეგად, უკიდურესად დათრგუნულ გოგოლს სრულიად ავიწყდებოდა ჯოზის არსებობა. რამდენიმეჯერ საყვარელი არსება პატრონს კვირების განმავლობაშიც კი არ გახსენებია და შესაბამისად, არც უჭმევია მისთვის. როგორც ცნობილია, მოპსები ისედაც არ გამოირჩევიან კარგი ჯანმრთელობით… ასეთმა დაუდევარმა მოპყრობამ მწერლის საყვარელი არსების ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია.
ჯოზის სიკვდილმა დეპრესიული ნიკოლოზი კიდევ უფრო ღრმა დეპრესიაში გადააგდო და კიდევ უფრო უტყვი, გულჩათხრობილი გახადაო, – გვამცნობენ უკრაინელი ლიტერატორის ახლობლები. – (ავტორი გენია.ჯი)