“დონ კიხოტის” შესახებ…
მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური ნაწარმოები – “მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი”,თავდაპირველად გამოიცა ორ წიგნად 1605-1615 წლებში.1605 წლიდან გასული საუკუნის მიწურულამდე,მარტო ესპანეთში,ეს უდიდესი ნაწარმოები ოთხასჯერ იქნა გამოცემული.ინგლისურ ენაზე გამოცემულ იქნა 200-ჯერ,ფრანგულად 170-ჯერ,იტალიურად 100-ჯერ,პორტუგალიურად 80-ჯერ,გერმანულად 70-ჯერ,შვედურ ენაზე 15-ჯერ.1900-იანი წლების დამდეგს მსოფლიოს ყველა ენაზე ითვლებოდა რომანის 1000-მდე გამოცემა. (ავტორი გენია.ჯი) დღემდე,რაც მისი მიბაძვით უწერიათ,სცენისათვის დრამად,ოპერად,ბალეტად და კინოსცენარად ან ბავშვებისათვის საკითხავად გადაუკეთებიათ,ამის სრული აღრიცხვა შეუძლებელია.ქართულ ენაზე “დონ კიხოტი” მთლიანად თარგმნა რუსულიდან,ცნობილმა ქართველმა მთარგმნელმა,ჟურნალისტმა და თეატრალურმა მოღვაწემ – ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილმა(1844-1929 წლები).”დონ კიხოტის” პირველი 32 თავი იბეჭდებოდა ჟურნალ “მნათობში” 1869-1871 წლებში.პირველი ნაწილის იგივე თარგმანი,ცნობილი ქართველი მწერლის,პუბლიცისტის,კრიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის – ალექსანდრე სარაჯიშვილისაგან (1851-1914 წლები),ვიარდოს ფრანგულ თარგმანთან შეთანხმებული,ცალკე დაიბეჭდა “წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობის გამოცემის” მიერ 1906 წელს.”მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშთა” სერიაში ცნობილი ქართველი პედაგოგისა და კრიტიკოსის – მიხეილ ვლადიმერისძე აბრამიშვილისა (1892-1939 წლები) და ვ.გაგუას რედაქციით 1929 წელს გამოვიდა 85 გვერდად შემოკლებული ორივე ნაწილი “დონ კიხოტისა”.ხოლო ნიკოლოზ ავალიშვილის მიერ სრულყოფილად ტარგმნილი “დონ კიხოტი” მთლიანად გამოსცა “საბლიტგამმა” – პირველი ნაწილი 1951 წელს,ხოლო მეორე ნაწილი კი 1953 წელს. (ავტორი გენია.ჯი) გამომცემლობა “მერანმა” 1968-1969 წლებში გამოსცა სერვანტესის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეული,რომელშიც შესულია: “დონ კიხოტის” (I და II წიგნი,ნიკოლოზ ავალიშვილის თარგმანი) და “პერსილესისა და სიგიზმუნდის ყარიბობა” (თარგმანი ქართველი მწერლისა და მთარგმნელის – ნიკოლოზ დიმიტრის ძე აგიაშვილის).პირველი ეკრანიზაცია ნაწარმოებისა განხორციელდა ფრანგი რეჟისორების – ლუსენ ნორგეს (1868-1920 წლები) და ფერნან ზეკას (1864-1947 წლები) მიერ 1903 წელს,ფილმა რაღა თქმა უნდა “დონ კიხოტი” ერქვა.ამ უდიდესი ნაწარმოების ეკრანიზაციის დროს ყოფილა შემთხვევა,როდესაც იგი სამჯერ იქნა ერთი და იმავე რეჟისორის მიერ გადაღებული – ფრანგულ,ინგლისურ და გერმანულ ენებზე.რეჟისორი კი ამ მოვლენისა გახლდათ ავსტრიელი კინორეჟისორი – გეორგ ვილჰელმ პაბსტი (1885-1967 წლები).მის მიერ გადაღებული სამი ფილმიდან,გერმანულ ენაზე გადაღებული ვერსია “დონ კიხოტი” დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.აღსანიშნავია,რომ “დონ კიხოტის” ერთ-ერთი პერსონაჟის – დულსინია ტობოსელის სახელი 1905 წელს უწოდეს ასტეროიდს (571-ს).გენიალური მიგელ დე სერვანტესის სიტყვები კი ალბათ მთელი მის შემოქმედების ხასგასმაა,რაც კაცობრიობას დაგვიტოვა:
“ბედნიერი იქნება ის დრო და ბედნიერი იქნება ის საუკუნე,როცა საქვეყნოდ აშკარად დაინახავენ ჩემ მიერ ჩადენილ სახელოვან საქმეებს,რომელნიც ღირსნი არიან ბრინჯაოზე აღსაბეჭდათ,მარმარილოზე გამოსაქანდაკებლად და ტილოზე დასახატავად მომავალ თაობათა სამახსოვროდ”. (ავტორი გენია.ჯი)