თუკიდიდეს წიგნიდან – “ისტორია”
დიდი ძველბერძენი ისტორიკოსი, სოფისტების მოწაფე და მიმდევარი – თუკიდიდე (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 465-400 წლები), ავტორია ერთ-ერთი ისეთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული წიგნისა, როგორიც გახლავთ ანტიკური ხანის საბერძნეთის შესახებ – “ისტორია”. იგი ავტორის მიერ რვა წიგნად იქნა დაწერილი. პირველი წიგნის შესავალ ნაწილში დიდი ისტორიკოსი წერდა:
“რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ისტორიული კვლევა, დიდად არ შეცდება ის, ვინც ჩათვლის, რომ მოვლენები ძველად დაახლოებით ისე ვითარდებოდა, როგორც მე აღვწერე. ვინც არ დაუჯერებს პოეტებს, რომლებიც ალამაზებენ, აზვიადებენ და უმღერიან მოვლენებს, ვინც არ დაუჯერებს არც ლოგოგრაფოსების უფრო ლამაზ, ვიდრე მართალ ისტორიებს. იმ ფაქტების საფუძველზე, რომელიც მე მაქვს მოყვანილი, მკითხველი შეიძლება დარწმუნდეს იმაში, რომ ესოდენ ძველი ამბების კვლევის შედეგი საკმაოდ სანდოა. მართალია, ადამიანები, ჩვეულებრივ, მიმდინარე ომს აღიქვამენ უმნიშვნელოვანესად, მაგრამ მისი დამთავრების შემდეგ მათ უფრო ძველი ომები აოცებთ. ახლანდელი ომი (მხედველობაში აქვს პელოპონესის ომი, სადაც თავადაც იბრძოდა) კი დაუმტკიცებს ხალხს, რომ ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ადრეული ომები.
რაც შეეხება როგორც ომამდე, ისე მისი მსვლელობებისას წარმოთქმულ სიტყვებს, მათი ზუსტად დამახსოვრება შეუძლებელია – ჩემ მიერ მოსმენილისაც და სხვისი მონაყოლისაც. ჩემს “ისტორიაში” ორატორებს ის ვათქმევინე, რაც, ჩემი აზრით, შეეფერებოდა სიტუაციას. ამასთან, მე შეძლებისდაგვარად მივდევ გამოსვლის ნამდვილ დედააზრს. ომის მსვლელობის გადმოცემისას მე არ მომაქვს პირველი შემხვედრის მონაყოლი ან პირადი მოსაზრებები, არამედ ვცდილობ აღვწერო, ერთი მხრივ, მხოლოდ ის მოვლენები, რომელთა თვითმხილველიც ვიყავი და, მეორე მხრივ, დეტალურად გავარჩიო სხვათა ცნობები. მათი საფუძვლიანი შემოწმება არ იყო იოლი საქმე, რადგანაც მოწმეების შეფასებები დამოკიდებული იყო მათ პოლიტიკურ სიმპათიებსა და მახსოვრობაზე. ზღაპრულ ამბებს მოკლებული ჩემი თხრობა შეიძლება არ მოგეჩვენოთ მიმზიდველად, მაგრამ თუ ვინმე მოინდომებს შეისწავლოს ძველ მოვლენათა სანდოობა და მომავალში მოხდენის შესაძლებლობა – ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, მოვლენები შეიძლება განმეორდეს ამა თუ იმ სახით – მე კმაყოფილი ვიქნები, თუ ის ჩემს შრომას სასარგებლოდ ჩათვლის. ჩემი ნაშრომი შექმნილია სამარადჟამოდ და არა მსმენელთა წუთიერი ტკბობითვის”. (ავტორი გენია.ჯი)