ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან – “დათა თუთაშხია”

1. “ყველაფერმა,რაც ჩემი სიცოცხლის მანძილზე ვნახე,განვიცადე და აღვიქვი,ისეთი რწმენა შემიქმნა,რომ სახელმწიფო არის ნელ ცეცხლზე მოთუხთუხე,ვეებერთელა სალაფავიანი ქვაბი და მოქალაქე – ქვაბთან ჭიპლარით მიერთებული არსება.დგება დღე,თავს იჩენს სრულიად გაუგებარი საჭიროება,რომ საკვები მილი ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას და, აი,მაშინ… ატაცებულ-აფოფინებული დარბის ათეული მილიონობით ადამიანი,ყოველ მათგანს თავისი ჭიპლარი უჭირავს და ზოგი ძველ ქვაბთან კვლავ მიერთებას ლამობს,ზოგი ახალს დაეძებს,ზოგი მხოლოდ მის წარმოდგენაში არსებულის პოვნას არის გადაგებული… და ეს ორომტრიალი გრძელდება იქამდე,სანამ ვინმე ძველსავე ქვაბს სხვა საღებავით შეალამაზებდეს და ახალ სახელს შეარქმევდეს.მაშინ ჭიპლარები ისევ ტკიპებივით ეკვრიან ქვაბს და “ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე”. (ავტორი გენია.ჯი)

***

2. “წესიერი კაცობა და ნამდვილი აბრაგობა ის კი არაა,ისინი გვდევნენ და ჩვენ კარგად ვემალებოდეთ.პირიქითაა: წესიერი კაცი ცუდი კაცებისგან მოტანილ ზიანს უნდა დევდეს და სარგებლად აქცევდეს,უნდა.ასე თუ არ იქნა,რა ფასი ექნება მაშინ მალვას და გაქცევ-გამოქცევას!”

***

3. “არიან ქალები,რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს თავს და არა დანახვისთანავე”.

***

4. “ღონიერის წინაშე ქედის მოხრა და მორჩილება სიკვდილის შიშის არის”.

***

5. “არაყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს,მისი ენა სიმახინჯისა დადაუნდობლობის ენაა.ღვინით აღგზნებული კაცის გონებაში ნათელი დგება,მისი ენა სილამაზისა და სიყვარულის ენაა.არაყი – მსჯავრია,ღვინო – მიტევება…”

***

6. “ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით.არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი,რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა!..” (ავტორი გენია.ჯი)

***

7. “მცირე ერი სახელმწიფოს ვერ შექმნის,თუ ამით კაცობრიობის ან მისი ერთი ნაწილის წინაშე რაიმე დამსახურება არ აღასრულა.სახელმწიფოს არსებობას საერთაშორისო ფუნქცია,ისტორიული მისია სჭირდება…”

***

8. “მართლა ძნელია ქართველობა,ბატონებო, და სიძნელე მარტო ის კი არაა,ჩაფებით და ჭურებით რომ უნდა სვას ქართველმა.მთავარი სიძნელე იმაშია,რომ უზის სუფრას,საწყალი,დაიწყებენ მის სადღეგრძელოს,აიყვანენ ცაში,გაასწორებენ ღმერთებთან,უნდა უსმინოს მან და იყოს ასე! რას იზამს,საცოდავი,არ აქვს სხვა გზა და გამოსავალი.დიდი მოთმინებაა საჭირო,დიდი! ასე მგონია მე,რომ ქართველი კაცი მოთმინებას სუფრაზე სწავლობს,სწორედ.არ არის მთლად დასაძრახისი ეს ჩვეულება.სხვაგან სულ ერთმანეთის დაცინვაში და ლანძღვაში ვატარებთ დროს.სადმე ხომ უნდა გვიყვარდეს და ვაქოთ ერთმანეთი? ამისთვის სუფრა გვაქვს მოგონილი და კარგია ეს”.

***

9. “არავინა თქვას,ისეთი ორი ქალი მინახავს,ვისაც ერთმანეთი გულწრფელი სიყვარულით უყვარდაო.ორი ქალის ურთიერთობაში ყალბი ბევრად სჭარბობს ალალს,გულმართალს და ეს ყოველთვის,ყველა შემთხვევაში ასეა”.

***

10. “ბოროტი კაცი ერის მტერია,მისი განმარღვეველი,დამაკნინებელი ძალაა.კეთილი კაცი ერის შემწეა,მისი აღმაზევებელი,გამამთლიანებელი ძალაა.უკეთურისგან ერისა და სამშობლოს სიყვარულს ნუ მოელი.მისი გული ხარბია და სრული თავკერძი.მაღალი ზნეობის კაცი ერისა,სამშობლოსი და მოყვასისათვის იღვაწებს უპირველესად და, თუ საჭირო გახდა,მსხვერპლადაც მივა”.

***

11. “დათა თუთაშხია ნოეს დროინდელი ზნეობის დონეზე რომ მდგარიყო,ღმერთი მას დანარჩენი კაცობრიობის ხვედრს მიაგებდა.იგი მაშინაც ანაქრონიზმს წარმოადგენდა,მაგრამ მარადის საჭიროს და აუცილებელს”.

***

12. “თავისუფლება,ბიძიკო,თვითონ უნდა მიცეს ადამიანმა თავის თავს.

- ეგ როგორ? – გამოელაპარაკა მეზობელი.

- სხვას ნუ შეაწუხებ,ერს ზარალს ნუ მიაყენებ და ისე,იყავი,როგორც გინდოდეს და იცხოვრე,როგორც მოგეხასიათოს. – მიუგო დათა თუთაშხიამ”.

***

13. “უმაღლეს თანამდებობაზე კეთილი განზრახვებით გასული ბევრია და სიკეთეშენარჩუნებული არავინ”.

* * *

14. “იმ გზაზე თუ დადგა კაცი,რომ აუარება ცუდი საქმიდან ცოტა მაინც გადააკეთოს კარგ საქმედ,მაშინ ცუდი კაცების მტრად მიჩნევა არ გამოდგება და გეტყვი,რატომ.ის ცუდი კაცები მთელი ქვეყანაა,თითქმის.მტრად თუ ჩათვალე – აქეთ შენ დარჩები და იქით ყველა ისინი ერთად და გაჯობებენ უეჭველად.ეს – ერთი.მეორე ის,რომ თვითონ კაცს რომ ებრძოლო,ათს აჯობე,თუ გინდა – ეს ცხოვრება კრუხივით ჩეკავს ცუდ კაცებს და ათივეს მაგიერ მოიძებნება სხვა ცუდი კაცები უცბად; გამოვა,რომ ამრავლებ და კი არ ამცირებ სიგლახეს.მესამეა კიდევ: როგორიც გინდა იყოს საქმე,სიყვარულით თუ არ მიუდექი – ვერ მოერევი.კაცი მტრად თუ ჩათვალე,შეგძულდება და მისი მოტანილი ზიანის კარგ საქმედ გადაკეთებაში სიძულვილი ვერ გამოგადგება ამხანაგად.მიტომაა,მტრად რომ არ უნდა ჩათვალო ცუდი კაცები,მან ჩაგთვალოს მტრად,გდიოს,გებრძოლოს,ის მდევარი იყოს,შენ – დევნილი და ხალხი შენს საქციელს მიბაძავს,შენს მხარეს დაიჭერს მაშინ.ცუდ კაცს ნურც მტრად ჩათვლი,ნურც მოყვარედ.მის გაფუჭებულ საქმეს და მის მოტანილ ზიანს უნდა ხედავდე – არაფერს სხვას.ამას უნდა დევდე და კარგ საქმედ აქცევდე.სხვები დაინახავენ,კარგმა გლახას აჯობაო,მოგბაძავენ თვითონაც,უკეთესი გახდებიან,ვიდრე იყვნენ.გამრავლდება ასეთი ხალხი და გაუჭირდება ავ საქმეს.ესაა აბრაგის ვალი და ყველა კაცის ვალი.ასეა ეს”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>