მიგელ დე უნამუნოს მოთხრობიდან – „ამბავი ერთი სიყვარულისა”
„დაელოდეთ სიყვარულს! მხოლოდ ის გრძნობს ამას საკუთარ გულსა და გვამში,ვინც ელოდება! ჩვენ გვგონია,რომ ვეხვევით მის ლანდს,მაშინ როცა სიყვარული,უხილავი და უჩინარი,თავად გვეხვევა და გვბოჭავს,როცა გვეჩვენება,რომ იგი მოკვდა ჩვენში,აკი თურმე ჩვენ მოვმკვდარვართ მასში. და მერე იგი გაიღვიძებს და გაიღვიძებს სწორედ იმ დროს,როცა ტკივილი მოუხმობს,რამეთუ ჭეშმარიტი სიყვარულით მანამდე არ შეგვიყვარდება,სანამ შეყვარებულთა გულები ერთად არ დაინაყება ტანჯვის სანაყში.სიყვარული თანაზიარი ვნებაა,ლტოლვაა,თანაგრძნობა,ზიარი ტკივილია.ჩვენ ვერც ვხვდებით,რომ სიყვარული გვაცოცხლებს,ისევე როგორც არასოდეს ვფიქრობთ,ჰაერით თუ ვსუნთავთ,სანამ უჰაერობით სული არ შეგვეხუთება.დაელოდეთ სიყვარულს! დაელოდეთ სიყვარულს,რამეთუ მას მხოლოდ ის უხმობს,ვინც უკვე გრძნობს მას საკუთარ გულში,საკუთარ სისხლში,თუმცა თავად ეგებ ვერც ხვდება. (ავტორი გენია.ჯი) ის იმ წყალსა ჰგავს,მიწის ქვეშ რომ მიედინება და გვალვას სიცოცხლისკენ მოაბრუნებს.ზოგჯერ ისეთ დაუცხრომელ წყურვილს გრძნობ,როგორსაც მინდორი ხვატისაგან გადაბუგული,როცა მწველი სიცხისა და ალმურისაგან მოშუშული ფოთლები მიწას ეფინება,მიწის ქვეშ კი,იმავ მდინარის ქვეშ,სიღრმეში,მომაკვდავი სიმწვანის ქვეშ მიედინება მაცოცხლებელი წყალი,მირაკრაკებს ქვებსა და ლოდებს შორის,უერთდება გამხმარი ფოთლების შრიალს მისი ბუტბუტი და მერე დგება წამი,როცა მოწყურებული,გამომშრალი მიწა გაიპობა და მის ზედაპირზე ამოხეთქავს მანამდე თვალით უნახავი წყალი,ჩუხჩუხით გადაედინება ყოველ მხარეს და სიცოცხლეს დაუბრუნებს მთელ არემარეს.
ასეა სიყვარულიც.
ჩემო დებო და ძმებო,ეს თავკერძობა არ არის განა,შმაგი სიყვარული არ არის განა საკუთარი თავის,თვალებს რომ გვიხვევს და თავგზას გვიბნევს,ოღონდ კი არ დავინახოთ სიყვარული მაშინაც კი,როცა გარს გვივლის,ოღონდ არ ვიგრძნოთ იგი.ჩვენ ხომ სულ იმის ცდაში ვართ,რაიმე დავცინცლოთ მას,მთლიანად კი არ მივეცემით,არ დავყვებით; აკი ის ჩვენგან მარტო ამას ელოდება,რომ მივენდოთ,დავნებდეთ მთლიანად და დაუნანებლად; ჩვენ კი ამ დროს მისი დამორჩილება გვინდა,რომ ჩვენს გიჟურ სურვილებზე იაროს,აჰყვეს ჩვენს სწრაფვასა და სრბოლას დიდებისაკენ.ასეა,სიყვარულს,გაადამიანურებულსა და განსხეულებულს,სურს,მას ვეკუთვნოდეთ მთლიანად და განუყოფლად,მხოლოდ მისი ვიყოთ.მერედა რა მალე დავიხევთ ხოლმე უკან,აღმართის ძირშივე ვჩერდებით! მაგრამ რატომ? ყველაზე უფრო სავალალო მიზეზის გამო! – გვეშინია,ჩემო დებო და ძმებო! შიში გვჯაბნის!.. რა უგუნური,რა თავკერძა და სულმოკლეა ადამიანი!… მომიტევეთ!… (ავტორი გენია.ჯი)