ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსის რომანიდან – “ნიკოლას ნიკლბი”
“უილიამ შექსპირი თავისი გენიის მაგიური წრისათვის იღებდა ძველ თქმულებებს,ჩანაფიქრის მიხედვით გადააკეთებდა და ნაცნობ ამბებს ისეთ ელვარე თანავარსკვლავედად აქცევდა,რაც საუკუნეების განმავლობაში მთელ ქვეყანას გაანათებს.თქვენ კი,თქვენი სიჩლუნგის მაგიური წრისათვის გამოუსადეგარ სიუჟეტებს ამოათრევთ ხოლმე და იმასაც ამდაბლებთ,მაშინ როცა იგი ამაღლებდა.თქვენ,მაგალითად,ცოცხალ ავტორებს ხელიდან სტაცებთ დაუმთავრებელ,საღებავშეუმშრალ წიგნებს,სჭრით,აქუცმაცებთ,ანაკუწებთ,თქვენი თეატრების შესაძლებლობასა და აქტიორების ნიჭს უფარდებთ,დაუმთავრებელ ნაწარმოებს თვითონვე ამთავრებთ,ამდენ ფაციფუცში ტლანქად აკოწიწებთ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლ იდეებს,რომელთა გამომუშავებაზე ნაწარმოების ავტორებს ვინ იცის რამდენი მშფოთვარე დღე და უძილო ღამე გაუტარებიათ; ტვინს იჭყლეტთ,რათა ცალკეული ეპიზოდები და დიალოგები,თვით უკანასკნელი სიტყვაც კი, – რომელიც,ვინ იცის,ავტორს იქნებ ორი კვირის წინათ დაუწერია, – ერთმანეთს შეურწყათ და ნაწარმოების ჩანაფიქრი წინასწარ ივარაუდოთ, – ამას ყველაფერს ავტორის უნებართვოდ აკეთებთ,მისი სურვილის წინააღმდეგ.ბოლოს კი დაწყებულ საქმეს აგვირგვინებთ უბადრუკი წიგნუკას გამოცემით,რომელშიაც დამახინჯებული ეპიზოდების დომხალია და სხვა არაფერი.ამ წიგნუკას თქვენს გვარს აწერთ და შენიშვნებში კი დიდი რიხით აცხადებთ,ასე ბარე ასჯერ დამირღვევია უფლებაო.ერთი გამაგებინეთ,რა განსხვავებაა ამნაირ ქურდობასა და ქუჩებში წვრილ ჯიბგირობას შორის,გარდა იმისა,რომ კანონმდებლობა ცხვირსახოცების დაცვას კისრულობს,ხოლო ადამიანის გონების დაცვა არავის ენაღვლება – თავდაცვაზე თვითონვე იზრუნოსო (თუკი მთლად არ დაუჩეჩქვეს თავი).მე რომ წიგნების ავტორი ვიყო,თქვენ კი თავგადადებული დრამატურგი,ვამჯობინებ რომელიმე ფუნდუკში მთელი ექვსი თვე ვიხადო თქვენი დანახარჯი,რა დიდიც არ უნდა იყოს,იმას კი არასგზით დავთანხმდები,რომ შთამომავლობამ ექვსი საუკუნის განმავლობაში ჩემს გვართან ერთად დიდების ტაძარზე ამოტვიფრული თქვენი გვარი იკითხოს,თუნდაც სადღაც დაბლა,ჩემი კვარცხლბეკის შეუმჩნეველ კუთხეში”. - (ავტორი გენია.ჯი)