ენჰედუანა
ენჰედუანა (ძვ.წ.აღ-ით 2285-2250 წლები) – წარმოადგენდა გონიერებით განთქმულ აქადეველ პრინცესასა და სამხრეთ შუამდინარეთში არსებულ ერთ-ერთ უძველეს შუმერულ ქალაქ-სახელმწიფო – ურში გავრცელებული შუმერო-აქადეური მითოლოგიის მიხედვით მთვარის ღმერთის – ნანნას უმაღლეს ქურუმ ქალს.სამწუხაროდ,მისი ნამდვილი სახელი ჩვენთვის უცნობია,ხოლო ის ზედსახელი – ენჰედუანა,რომლითაც მას ჩვენ ვიცნობთ,სიტყვასიტყვით – “ზეცის სიუხვის ქურუმს” აღნიშნავს.ყველაზე საინტერესო მისი ბიოგრაფიისათვის და ზოგადად მსოფლიო მწერლობისა და პოეზიისათვის გახლავთ ის,რომ სწორედ ენჰედუანა განიხილება ისტორიაში ყველაზე ადრეულ მწერლად და პოეტად.როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან,ენჰედუანას ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით XXIII საუკუნეში ჰქონდა დაწერილი დაუსათაურებელი რელიგიური ჟანრის ნაწარმოებები,რომლებსაც შემდგომ სპეციალისტებმა – “ჰიმნები ინანეზე” უწოდეს.მას მოღვაწეობა მოუწია აქადის იმპერიის რიგით მეორე მეფის – რიმუშის მმართველობის პერიოდში.რიმუშს,ისტორიკოსები ენჰეუდანას ღვიძლ ძმად განიხილავენ.მიუხედავად ამისა,იგი სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ქალაქ ურიდან იქნა გაძევებული,რა დროსაც,დროებით ჩამოერთვა მთვარის ღმერთის უმაღლესი ქურუმის წოდებაც.ენჰედუანამ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თავის ჰიმნში,დახმარებისათვის აქადეური მითოლოგიის მიხედვით ცენტრალურ ქალურ ღვთაებას – ინანას (იშთარის ანალოგი ღვთაება) მიმართა.მას შემდეგ,რაც შუმერები ენჰდუანას ჰიმნს გაეცვნენ,დაიჯერეს რომ ჰიმნში მოყვანილმა მისმა ლოცვებმა აქადეველებს შუმერების წინააღმდეგ ბრძოლაში მრავალი გამარჯვება მოაპოვებინა.ამ გამარჯვებებმა კი,აქადეველთა შემდგომ მეფეს – ნარამსუენს,რომელიც თავის მხრივ ენჰედუანას ნათესავი იყო და სიცოცხლესივე იქნა გაღმერთებული,საშუალება მისცა შუმერების შემოერთებით,იმ პერიოდის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო ჩამოეყალიბებინა.ამ დიადი გამარჯვებების შემდეგ,ენჰედუანას უფლება დართეს მშობლიურ ქალაქს დაბრუნებოდა და დროებით შეჩერებული უმაღლესი ქურუმის მოვალეობა გაეგრძელებინა.ენჰედუანა გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 2250 წელს,მისსავე მშობლიურ ქალაქ ურში.მსოფლიო პოეზიისა და ლიტერატურის ისტორიაში უძველესი ავტორის მიერ დაწერილი ერთ-ერთი ჰიმნი,რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ- “ნინ-მე-სარა” უწოდეს – “წმინდა ტექსტად” იქნა აღიარებული,ხოლო უძველეს ბაბილონურ პერიოდში იგი გამოიყენებოდა მოსწავლეებში,როგორც ერთ-ერთი საგანმანათლებლო ტექსტი. (ავტორი გენია.ჯი)