ფსევდო-ლონგინეს ფილოსოფიიდან…
“ჩემო ძვირფასო მეგობარო,კაცთათვის უკვე ჩვევად იქცა თავიანთი თანამედროვეებისა და თანამედროვეობის განუსჯელად გმობა.მაგრამ დაფიქრდი: მშვიდობის დღევანდელი საყოველთაო სუფევა ხომ არ არის მაღლად მხედთა აშკარა უკმარისობის მიზეზი,ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ,მშვიდობის სუფევა კი არა,იმ მარადიული ომის გრიგალი,რომელიც მოსვენებას არ აძლევს,გამუდმებით ამღვრევს და აბორგებს ჩვენს სურვილებს თუ ქვენა გრძნობებს? ან,იქნებ,ამის მიზეზი,ვფიცავ ზევსს,ჩვენი მდაბალი ვნებებია,რომლებიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვითვალთვალებენ,მახეს გვიგებენ,გვატყვევებენ და გვიმონებენ.ვერცხლის მოყვარეობამ და განცხრომისაკენ დაუოკებელმა ლტოლვამ შერყვნეს,შებილწეს ჩვენი სიწმინდე და ბიწიერების უფსკრულში გადაისროლეს იგი.რადგან არ არსებობს უფრო ბილწი ვნება,ვიდრე ანგარებაა და უფრო სამარცხვინო,ვიდრე განცხრომის შმაგი წყურვილი.
მე ვერ წარმომიდგენია,როგორ შეძლებს ის,ვინც ქედს იხრის სიმდიდრის წინაშე,ან,უფრო სწორად,თავის კერპად სახავს,აღმერთებს და თაყვანს სცემს მას,თავი მოიზღუდოს მორჭმულების თანმხლებ ბილწ ვნებათაგან.ვინაიდან უზომო და ულევ სიმდიდრეს ყოველთვის თანს სდევს მისი ასევე უზომო ხარჯვა,მფლანგველობა და ხელგაშლილობა.როგორც კი სიმდიდრე ქალაქის ბჭესა და სახლის კარს შეაღებს,მასთან ერთად ხელგაშლილობაც შეიპარება შიგ და სამუდამოდ იქ დასახლდება.ცოტა ხნის შემდეგ ეს ღირსეული წყვილი,ბრძენკაცთა სიტყვით რომ ვთქვათ,ბუდეს იკეთებს და სულ მალე ბარტყებსაც ჩეკს; და, აჰა,უბადრუკ ნაბუშრებად კი არა,მათ კანონიერ მემკვიდრეებად გვევლინებიან ცუდმედიდობა,ქედმაღლობა და ფუფუნება.ვაი მას,ვინც თავისუფლად ზრდის ნებას მისცემს მორჭმულების ამ უძღებ შვილებს: ისინი მოწიფულობისთანავე იწყებენ გამრავლებას და კიდევ უფრო ხარბსა და სასტიკ დესპოტებს შობენ კაცის სულში – ძალმომრეობას,უტიფრობას,უკანონობას.
ეს პროცესი ჭეშმარიტად გარდუვალია; კაცნი,რომელთაც შეიზიზღეს სიქველე,ვეღარასოდეს დაიბრუნებენ თავიანთ დაკარგულ დიდებას და კეთილ სახელს.მათი სულიერი სიდიადე თანდათანობით კნინდება,ჭკნება და ქრება,ხოლო მათი ბიწიერი ცხოვრების წრე საბოლოოდ შეიკვრება სიკვდილის მსახვრალი ხელით.უკუსაქცევი გზა საბოლოოდ მოჭრილია მათთვის,ვინაიდან ისინი ისე ჩამყაყდნენ თავიანთ სიბილწეში,ისე დაემონენ ხორციელ ვნებებს,რომ აღარ ძალუძთ თავი მიუძღვნან და მისდიონ მას,რაც უკვდავებას აზიარებს მოკვდავ ბუნებას.
თუნდაც ერთხელ მოსყიდული და მოქრთამული მსაჯული ვერასოდეს ვეღარ შეძლებს საქმის მიუკერძოებლად გარჩევას,ვეღარ შეძლებს თამამად და თავისუფლად დაიჭიროს სამართლიანობისა და პატიოსნების მხარე,ვინაიდან ყოველი მექრთამე სამარათლიანად და პატიოსნად მიიჩნევს მხოლოდ იმას,ვისგანაც რაიმე სარგებელს გამოელის.ჩვენს დაწყევლილ დროში ყველას ქრთამზე უჭირავს თვალი,ყველა მზაკვრობისა და ცბიერების ქსელს ხლართავს,ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს,როგორ უმუხთლოს მისსავე მოყვასს,ანდა როგორ დაეუფლოს სხვის ანდერძს თუ ავლადიდებას.ჩვენ ყველანი მონებივით ვემსახურებით ჩვენს ანგარებას და მზად ვართ მისი გულისათვის დავაგირაოთ და არა მარტო დავაგირაოთ,გავყიდოთ კიდეც ჩვენი სულები.
და რაკი რაც ვართ,ესა ვართ მხოლოდ,ათასწილ გვიჯობს მონებად დავრჩეთ და ზურგი ვაქციოთ თავისუფლებას.აბა,სცადე და თავისუფლება მიანიჭე ჩვენს მდაბალ ვნებებს! რკინის გალიიდან თავდაღწეული მხეცებივით ეძგერებიან ისინი ჩვენსავე მოყვასთ და მთელი სამყარო დაინთქმება გამძვინვარებული ვნებების ალში”. (ავტორი გენია.ჯი)