ნოდარ დუმბაძის გენიალური რომანიდან – “მარადისობის კანონი”
” …რევიზია გამომიგზავნა… – გააგრძელა გაწყვეტილი სიტყვა დარახველიძემ, – …ოცი წელია უკვე,მაგ დარგში ვმუშაობ და ჯერ ჩემთვის რევიზია არავის გაუბედავს,ჯერ ხუმრობდა,მეგონა,მერე გავიხედე და მართლა არ მამოწმებენ?!
- რაო რევიზიამ? – ჩაურთო კითხვა ბაჩანამ.
- რაო და,რაც პაპიროსი მოწეულა აფხაზეთში და საქართველოში,სულ ბიჩოკ-ბიჩოკ იანგარიშა შობელძაღლმა.მერე ისიც თქვეს,ამ წელს სამას ტონა თუთუნში ასი ტონა ხმელი ბალახი გაგირევიათო… კაბინეტიდან ცხვირი არ გამოუყვია გარეთ,ისიც არ იცის,რომ ის თუთუნი სოფელში მოყავთ,მინდორში, და ცოტა ბალახი გაერევა აბა,რას იზამს? მერედა ეს ბალახი კაცს კლავს,თუ რაშია საქმე? სად არის აქ მავნებლობა? რაც გაჩნდა ძროხა,იმის შემდეგ სულ ბალახს არ ჭამს მაგი? აჭამე აბა,ძროხას თუთუნი?.. მავნებლობა ისაა,ნიკოტინს რომ აქაჩვინებენ ხალხს და კლავენ,თქვენი არ იყოს,ეს არაფერი კიდევ,ახლა ის ბალახი თუთუნის ფასში გადაყავთ და მილიონები გროვდებაო.ბალახი ერთი ტონა თუმანი ღირს და მაგი რომ თუთუნში გადაიყვანო,სად წაგვიყვანს? თუ მაინცდამაინც უნდათ,მის ფასში იანგარიშონ.ამას ის მიუმატეთ კიდევ,რომ სველ თუთუნს ყიდითო და ორი ამდენი გამოვიდა… (ავტორი გენია.ჯი)
- სულ რამდენი მილიონია? – დაინტერესდა ბაჩანა.
- გაფლანგვა თუ გასაღება? – ჰკითხა დარახველიძემ
- ორივე!
- ბევრი მილიონია ძალიან.
- მაინც
- რომ გითხრათ,შეგეშინდებათ, – არ გაამხილა დარახველიძემ შემოსავალი.
- კიდევ რაო კომისიამ?
- ახლა შინ მომადგნენ და სახლის შემოწმება დამიწყეს.ორსართულიანი სახლი რატომ გაქვსო,თვითონ რომ ჰკითხო ჩვენს მთავრობას,დღე და ღამე კარგი კომპოზიტორივით ნოტებს უგზავნის ამერიკას,ჩემს შინაურ საქმეებში ნუ ერევიო და მე მთლად სახლში შემომივარდნენ.ორი სართული რა არის? სართულის ნორმა ორ მეტრ-ნახევარია.ჩემი პირველი სართული კი ორი მეტრი და ორმოცდარვა სანტიმეტრია…
- ორ სანტიმეტრს რა მნიშვნელობა აქვს? – გაეცინა ბაჩანას.
- როგორ გეკადრებათ,ბატონო ბაჩანა,ორი სანტიმეტრია ტყვია და კამეჩს აქცევს მაგი,ორი სანტიმეტრი არ იყო ის ტყვია,გვარს არ დავასახელებ და, ერთი რაიკომის მდივანი რომ გააგორა შარშან? მაგას ნუ ეტყვით თქვენს მეგობარს,ისე გამახსენდა,სიტყვაზე… ახლა ზევით რვა ოთახი დამითვალეს,ქართველი კაცი ისე რომ დაწვრილმანდება ზალას ოთახად ჩაგითვლის,იმას რა უნდა ელაპარაკო,კიდევ კარგი,ლოჯი და საბილიარდო რომ არ მიათვალეს.მაგაზეც მადლობელი ვარ… ბატონო ბაჩანა,კრისტალი ვარ და ნუ გამწირავს,თქვენი სიტყვა კანონია მაგისთვის.ორი სიტყვა… ჩემი გაფუჭება თქვენი შეურაცხყოფაა. (ავტორი გენია.ჯი)
- ჩემი რატომ? – თვალი გაახილა ბაჩანამ.
- როგორ? ჩემი ახლო ნათესავი რომ ხართ ახლა თქვენ და ვინმემ გაგაფუჭოთ,ჩემი შეურაცხყოფა არ იქნება მაგი? – შეიცხადა დარახველიძემ.ბაჩანამ ისევ გადაავლო გონების თვალი თავის სანათესაოს და დარახველიძის მსგავსი რომ ვერაფერი იპოვა,გულზე მოეშვა.
- თუმანზე კაცს იჭერს მაგი მამაძაღლი და ჩემს ადგილს მილიონად ჰყიდის? – გაცხარდა უცებ დარახველიძე.
- რამდენად? – გაუკვირდა ბაჩანას.
- ნახევარ მილიონად! – დაუკლო დარახველიძემ.
- ასეთს რას შოულობთ?
- მე რასაც ვშოულობ,ბატონო ბაჩანა,ნახევარი მაგის ამხანაგებს მიაქვთ,ანგელოზებივით რომ ნაბავენ თვალებს რაიკომის ბიუროზე,გაუჩხრიკეთ ერთი ჯიბეები და ნახავთ,თუ არ ექნება მაგენის ფულს ნიკოტინის სუნი,ტყვილია მაგი,ფულს სუნი არ აქვსო,ისეთი სუნი აქვს,ბალიშის ქვეშ რომ ამოიდო მაგი,მაინც სუნი აქვს… – ბაჩანამ ბალიშის ქვეშ შეყო ხელი და კონვერტები მოსინჯა.დარახველიძემ თვალი აარიდა.
- რომ მოვრჩები,მერე ვილაპარაკოთ! – თქვა ბაჩანამ.
- თქვენ რა მოგარჩენთ?! – წამოსცდა დარახველიძეს, – ასე მალე რა მოგარჩენთ,ბატონო ბაჩანა,ზეგ დილით კი ბიუროზე გადის ჩემი საკითხი,შეიძლება პირდაპირ ბიუროზე ამიყვანონ… – დარახველიძეს ისევ გამოჟონა ოფლმა შუბლზე, – ორი სიტყვა თქვენი ხელმოწერილი… – ბაჩანამ კონვერტები ამოიღო სასთუმლის ქვეშიდან და მკერდზე დაიწყო.
- რამდენია აქ? – ჰკითხა უცებ.დარახველიძეს თვალებში მზე ჩაუდგა.
- მილიონ-ნახევარი! – თქვა ხმის კანკალით, – წილის გარეშე!
ბაჩანა ძალიან დიდხანს ფიქრობდა.დარახველიძე სკამზე აწრიალდა.
- ბატონო ნუგზარ,აი აქ,ჩემი საწოლის ქვეშ,ღამის ქოთანია,ძალიან გამიჭირდა,თუ არ შეწუხდებით,მომაწოდეთ, – სთხოვა ფიქრის შემდეგ ბაჩანამ, – დარახველიძე შეყოყმანდა,- ნუ გეშინიათ,სუფთაა, – უთხრა ბაჩანამ.დარახველიძე მორჩილად დაიხარა,ღამის ქოთანი გამოიღო საწოლის ქვეშიდან და ბაჩანას მიაწოდა.ბაჩანამ ღამის ქოთანს მოღერებულ ყელში მოჰკიდა დასუსტებული მარჯვენა.
- ახლა ცოტა უკან დაიწიეთ, – სთხოვა დარახველიძეს.დარახველიძემ სკამიდან დაიჩოჩა უკან.ბაჩანამ თვალით მოზომა მანძილი მასა და დარახველიძეს შორის,მერე,რაც ძალი და ღონე ჰქონდა,მოიქნია ღამის ქოთანი და თავში ჩაუშვა დარახველიძეს.ღამის ქოთანი მარილივი დაიფშვნა დარახველიძის თავზე.თვითონ დარახველიძეს კი უცებ თვალები დაებინდა,სახეზე განცვიფრებული ღიმილი გამოეხატა,სკამიდან დაცურდა და უცებ გულაღმა გაიშხლართა იატაკზე”. (ავტორი გენია.ჯი)