ჯიბრან ხალილ ჯიბრანის გენიალური ნოველა – „საფლავთა ძახილი”
„ემირმა მართლმსაჯულების სავარძელში მოირთხა ფეხი. ბრძენნი მისი ქვეყნისანი მარჯვნივ და მარცხნივ შემოუსხდნენ. მათ დანაოჭებულ სახეებზე წიგნებისა და მოგზაურობათა კვალი აღბეჭდილიყო. ხმალამოწვდილი და შუბმომარჯვებული ჯარი მათ გარს შემოერტყა, ხოლო ხალხი წინ გაუჩერდა – ცნობისმოყვარეობით მოსული უბრალო მაყურებლიდან დაწყებული, ახლობლის დანაშაულზე განაჩენის მომლოდინე დამკვირვებლის ჩათვლით, ყველანი თავჩაქიდრულნი, მზერაგადახრილნი და სუნთქვაშეკრულნი იდგნენ, თითქოს ემირის გამოხედვაში იყო შიშის მომგვრელი ძალა, ძრწოლას რომ უნერგავდა მათ სულებსა და გულებს. როდესაც საკრებულო სრულად შეიკრიბა და დადგა ჟამი საშინელი სამსჯავროსი, ემირმა ხელი აღმართა და დაიყვირა:
- სათითაოდ მომგვარეთ დამნაშავენი და მომახსენეთ მათი ცოდვები და ბოროტმოქმედებანი!
ციხის კარი გაიხსნა და შიგნიდან შავბნელი კედლები ისე გამოჩნდა, თითქოს გარეულმა მხეცმა დაიღრიალა, ყბები დააფჩინა და ხახა გამოაჩინაო. აქეთ-იქიდან თანდათან გაძლიერდა ბორკილთა და ჯაჭვთა ჟღარუნი, ტუსაღთა კვნესა-გოდებას რომ ერწყმოდა. იქ მყოფებმა მზერა დაძაბეს და კისრები წაიგრძელეს, თითქოს სურდათ, მართლმსაჯულებაზე ადრე დაენახათ ამ სამარის ჯურღმულიდან გამოსული სიკვდილის მსხვერპლი.
ცოტა ხანში ორმა მცველმა გამოიყვანა მკლავებშეკრული ახალგაზრდა კაცი, რომლის მოღუშული სახე და კუშტი ნაკვთები მის სულის სიძლიერესა და გულის მხნეობაზე მეტყველებდა. მცველებმა ახალგაზრდა კაცი სასამართლოს წინაშე წარადგინეს და თვითონ ცოტა უკან გადგნენ. ემირმა მას წამით მზერა მიაპყრო და შემდეგ იკითხა:
- რა დანაშაული მიუძღვის ამ კაცს, ჩემ წინ რომ ასვეტილა და თავი ისე მაღლა უჭირავს, თითქოს სამსჯავროს ხელში კი არ იყოს ჩავარდნილი, საამაყოდ ჰქონდეს საქმე!
თანაშემწეთაგან ერთ-ერთმა უპასუხა:
- ბოროტმოქმედი და მკვლელია. გუშინ ემირის ერთ-ერთ მხედართმთავარს გაუწია წინააღმდეგობა, შეებრძოლა და მოკლა, როცა ის თავისი მისიით სოფლებს ჩამოივლიდა! იგი მაშინ შეიპყრეს, როცა მოკლულის სისხლში გასვრილი ხმალი ჯერ ისევ ხელთ ეპყრა!
ემირი გაბრაზებით შეტოკდა ტახტზე, თვალთაგან რისხვის ისრებმა იელვეს. ხმამაღლა დაიღრიალა:
- ქვესკნელში დააბრუნეთ და სხეულზე მძიმე ბორკილები შეაბით! ხვალ რიჟრაჟზე კი მისივე ხმლით თავი წააგდებინეთ! მისი გვამი უდაბნოში დააგდეთ გარეული ფრინველებისა და მხეცების საჯიჯგნად! დაე, მისი გახრწნილი მძორის სუნს ქარი ცხვირში სცემდეს მის ახლობლებსა და მეგობრებს!
ახალგაზრდა კაცი სატუსაღოში დააბრუნეს. ხალხმა სინანულიანი მზერა და ღრმა ოხვრა გააყოლა, რადგან იგი ახალგაზრდობის გაფურჩქვნის ხანაში იყო, მშვენიერი შესახედაობისა და ძლიერი აღნაგობის!
ორმა სხვა მცველმა ციხიდან ლამაზი სახის, თხელი ტანის ახალგაზრდა ქალი გამოიყვანა. სასოწარკვეთილებისა და უიმედობისაგან ფერმიხდილს თვალები ცრემლით ჩაწითლებოდა, სინანულითა და ნაღველით თავი ჩაექინდრა.
ემირმა შეხედა და იკითხა:
- რა დააშავა ამ უღონო ქალმა, სინამდვილის აჩრდილივით რომ დგას ჩვენ წინ?
- ის მრუშია. ქმარმა ღამით საყვარლის მკლავებში წაასწრო და ჩაფარ-იასაულებს მას შემდეგ გადასცა, როცა მისი საყვარელი გაექცა.
ემირი სირცხვილით დადუმებულ ქალს დაჟინებით მიაჩერდა და უხეშად, სასტიკად ამოთქვა:
- ქვესკნელში დააბრუნეთ და ეკლიან ნარზე გააწვინეთ, იქნებ ის სარეცელი გაიხსენოს, რომელიც წაბილწა! კოლოკვინტის ნაყენში გაზავებული ძმარი ასვით, ეგებ აკრძალული კოცნის გემო მოაგონდეს! განთიადის დადგომისას კი ქალაქგარეთ შიშველი წაათრიეთ და ქვით ჩაქოლეთ! მისი გვამი იქვე დააგდეთ, რომ მისი ხორცით მგლებმა ისიამოვნონ, ძვლები კი ჭია-მატლმა და ქვეწარმავლებმა გამოხრან!
ახალგაზრდა ქალი საპყრობილის ჯურღმულში თვალს მიეფარა. დამსწრენი მას მისჩერებოდნენ – ზოგი ემირის სამართლიანობით აღტაცებული და ზოგიც წუხილით და დანანებით – ქალის ლამაზი მწუხარე სახისა და ნაზი, სევდიანი გამოხედვის გამო.
გამოჩნდა მცველთა მესამე წყვილი, ასაკოვან, დაუძლურებულ კაცს რომ მოუძღვოდა, რომელიც მოცახცახე მუხლებს ისე მოათრევდა, როგორც ჩამოძონძილი სამოსის ბოლოების ორ ნაფლეთს, აქეთ-იქით შეშინებული აცეცებდა თვალებს და მისი ტკივილიანი გამოხედვიდან, სიდუხჭირისა და უბედურების ჩრდილები გამოკრთოდა.
ემირმა მისკენ გაიხედა და ზიზღის კილოთი იკითხა:
- რა ბრალი მიუძღვის ამ ბინძურს, ისე რომ ჩამომდგარა, როგორც მკვდარი ცოცხალთა შორის?
ერთ-ერთმა მცველმა უპასუხა:
- ის ქურდია, მპარავი! ღამით მონასტერში შეიპარა და ღვთისმოშიშმა ბერებმა შეიპყრეს, სამოსის ნაკეცებში საკურთხევლის წმინდა ჭურჭელი უპოვეს!
ემირმა ისე შეხედა, როგორც არწივი შეხედავდა ფრთებმომტვრეულ ბეღურას და დაიღრიალა:
- ჯურღმულის ხაროში ჩააგდეთ და რკინის ჯაჭვები შეაბით! განთიადზე კი წაათრიეთ და მაღალ ხეზე სელის თოკით ჩამოკიდეთ! მისი სხეული ცასა და მიწას შორის გამოკიდებული დატოვეთ, რომ ცოდვილი თითები დასძვრეს და ქარებმა დაფლითონ მისი კიდურები!
ქურდი საპყრობილეში მიაბრუნეს, ხალხი კი ერთმანეთს ყურში ეჩურჩულებოდა:
- როგორ გაბედა ამ უბადრუკმა უღმერთომ მონასტრის წმინდა ჭურჭლის მითვისება!
ემირი მართლმსაჯულების სავარძლიდან ჩამოვიდა, მას მიჰყვნენ ბრძენნი და კანონმდებლები, წინ და უკან ჯარით გარშემორტყმულნი. მაყურებლები გაიფანტნენ და ის ადგილიც მოცარიელდა, მხოლოდ კედლებს შერჩენოდა მოჩვენებად დათრგუნვილ და მობარბაცე მსჯავრდებულთა გმინვა და კვნესა-გოდება.
ყველა წავიდ-წამოვიდა,მე კი ვიდექი სარკესავით, რომლის წინაც აჩრდილები ჩაივლიან და ვფიქრობდი კანონებზე, ადამიანები ადამიანებს რომ უწესებენ. ჩავფიქრდი იმაზე, თუ რას მიიჩნევს ხალხი სამართლიანობად და ყოფიერების არსის ძებნაში ცხოვრების საიდუმლოებებს ჩავუღრმავდი, სანამ აზრი ისე არ გამეფანტა, როგორც ბინდბუნდის ხაზები ეხვევა ბურუსში. მაშინ კი დავტოვე ის ადგილი და თავს ვუთხარი: „ბალახი შეიწოვს ნიადაგის ელემენტებს, ცხვარი კი ბალახს ძოვს. მგელი ცხვარს ფლეთს, მარტორქა კი მგელს კლავს. ლომი მარტორქას მოინადირებს და სიკვდილი ლომსაც მოეწევა. მაგრამ განა არსებობს ძალა, რომელიც სიკვდილს მოერევა და ამ უსამართლობათა ჯაჭვს სამარადისო სამართლიანობად აქცევს?! არის ძალა, რომელიც ყველა ამ საშინელ მიზეზს კეთილ შედეგად გარდაქმნის?! არსებობს ძალა, რომელიც მუჭში მოიქცევს ცხოვრების ყველა ელემენტს და თავის თავში ისეთი ღიმილით მოიცავს, როგორც ზღვა მოიქცევს ღიღინით ყველა შენაკადს თავის სიღრმეში?! არის ძალა, რომელიც მკვლელს და მოკლულს, სიძვის დიაცს და მის მეუღლეს, ქურდსა და მისგან გაქურდულს უფრო ღირსეული და უფრო მაღალი სამსჯავროს წინაშე დააყენებს, ვიდრე ემირის სასამართლოა?!”
მეორე დღესვე გავედი ქალაქიდან და მინდვრებში გავიარე, სადაც სიჩუმე უმჟღავნებს ადამიანს სულში დაფარულს და სუფთა ჰაერი კი კლავს იმ უიმედობას და სასოწარკვეთის ჩანასახებს, ვიწრო ქუჩები და ჩაბნელებული სახლები რომ შობენ. ხევის განაპირას რომ მივაღწიე, უეცრად შევნიშნე, რომ გუნდ-გუნდი არწივებისა, ქორ-შევარდენთა და ყვავ-ყორნებისა ჰაერში ტრიალებდნენ და ფრთების ტლაშუნს ჰაერი აევსო. ცოტა წინ წავიწიე, რომ გამეგო, რა ხდებოდა და ჩემ წინ ჯერ მაღალ ხეზე ჩამოკიდებული მამაკაცის გვამი დავინახე, მერე შიშველი ქალის უსულო სხეული, იმ ქვებში რომ ეგდო, რომლითაც ჩაექოლათ; ასევე – მიწას შერეული სისხლით მოსვრილი თავმოკვეთილი ახალგაზრდა კაცის გვამი.
გავჩერდი. საშინელმა სცენამ თვალთ სქელი ლიბრი გადამაფარა და დამიბნელა. ვიყურებოდი და მხოლოდ სიკვდილის აჩრდილს ვხედავდი, სისხლით მოსვრილ გვამთა შორის რომ აღმართულიყო. ვაყურადებდი და მხოლოდ უმყოფობის კვნესა მესმოდა, ადამიანთა კანონების მსხვერპლთა გვამებზე მოტრიალე ყვავ-ყორანთა ყრანტალში არეული.
ამ სამი ადამიანისთვის ჯერ კიდევ გუშინ სიცოცხლეს ჰქონდა მკლავები მოხვეული, დღეს კი სიკვდილის მარწუხებში არიან მოქცეულნი.
ამ სამმა შელახა კანონის ადამიანური გაგება და კანონის ბრმა ხელიც სასტიკად გაუსწორდა მათ!
სიბნელემ და უმეცრებამ ეს სამი ადამიანი ბოროტმოქმედებად აქცია, რადგან ისინი სუსტნი იყვნენ და კანონმა დახოცა, რადგან კანონი ძლიერია!
ერთმა კაცმა მოკლა მეორე და ხალხმა თქვა მასზე, რომ ის ბოროტმოქმედი მკვლელია, ხოლო როდესაც ემირმა მოაკვდინა იგი, ხალხმა თქვა: „ემირი სამართლიანია!
კაცი შეეცადა, გაეძარცვა მონასტერი და ხალხმა თქვა მასზე, რომ ის ბოროტმოქმედი ქურდია, ხოლო როდესაც ემირმა წაართვა სიცოცხლე, ხალხმა თქვა: „ემირი ღირსეულია!”
ქალმა უღალატა მეუღლეს და ხალხმა თქვა მასზე, რომ ის მრუშია, ხოლო როდესაც ემირმა გაშიშვლებული ატარებინა იგი და საქვეყნოდ ჩააქოლინა, ხალხმა თქვა: „ემირი პატიოსანია!”
სისხლის დაღვრა აკრძალულია, მაგრამ ვინ გახადა იგი ნებადართული ემირისთვის?!
ქონების წართმევა დანაშაულია, მაგრამ ვინ გახადა სიცოცხლის წართმევა ღირსეული?!
ქალთა ღალატი უგვანობა და სიმდაბლეა, მაგრამ ქვით ჩაქოლვა ვინ მიიჩნია კეთილშობილურად?!
ნუთუ ბოროტებას უფრო დიდ ბოროტებას ვუპირისპირებთ და ამას ვეძახით სამართალს?! ნუთუ ავიმქმნელს უფრო ბრმა უზნეობით შევებრძოლებით და ამას კანონს ვარქმევთ?! დამნაშავეს უფრო დიდი დანაშაულით ვუსწორდებით და ამას სამართალს ვეძახით?!
განა ემირს თავისი ცხოვრების მანძილზე არ შეუმუსრავს მტრები, არ წაურთმევია ფული და ქონება თავისი სუსტი ქვეშევრდომებისათვის, არ შეუცდენია ლამაზი ქალი?! განა აუკრძალავს ვინმეს ეს უკანონობანი მაშინ, როცა ნებადართულია მისთვის მკვლელის მოკვდინება, ქურდის ჩამოხრჩობა და მრუში ქალის ქვით ჩაქოლვა?!
ან ისინი ვინ არიან, ვინც ეს ქურდი ხეზე ჩამოკიდა – ციდან ჩამოსული ანგელოზები თუ მოძალადენი, რომლებიც იპარავენ იმას, რაზეც ხელი მიუწვდებათ?!
ან ვინ მოჰკვეთა თავი მკვლელს? ზეციდან დაშვებულმა წინასწარმეტყველებმა თუ ჯარისკაცებმა, რომლებიც კლავენ და სისხლს ღვრიან, სადაც კი გაჩერდებიან?!
ვინ ჩაქოლა ქვით მრუში ქალი? სენაკებიდან გამოსულმა განწმენდილმა განდეგილებმა თუ ხალხმა, რომელიც ცოდვებსა და სამარცხვინო საქმეებს სჩადის სიბნელის ფარდას თავშეფარებული?!
კანონი კი, – რა არის კანონი?! ვინ ნახა იგი მზის სხივთან ერთად მაღალ ზეციდან ძირს ჩამოსული?! კაცთაგან რომელს ჩაუხედავს უფლის გულში და შეუტყვია, რა სურს მას კაცთათვის?! კაცთა რომელ მოდგმაში ჩამოსულან ანგელოზნი კაცთა შორის და უთქვამთ: „მოუსწრაფეთ სუსტებს სიცოცხლე! ალესისი ხმლით გაუსწორდით ძირს დაცემულთ! ცოდვილთ რკინის ქუსლებით შესდექით ზედ!”
ჩემს გონებასა და გრძნობებს ეს ფიქრები მოსჯარვოდა, როცა იქვე ახლოს ფეხის ხმა გავიგონე. გავიხედე და უეცრად ახალგაზრდა ქალი დავინახე, ხეეებს შორის რომ გაიელვა და სიფრთხილით მიუახლოვდა სამ გვამს, თან შიშით იყურებოდა აქეთ-იქით. როგორც კი დაინახა ახალგაზრდა კაცის მოკვეთილი თავი, მწარედ იყვირა და მის გვერდით მუხლებზე დაეცა, მოცახცახე მკლავები შემოხვია და თვალებიდან ცრემლი ღვარად წასკდა. მის ხუჭუჭა თმას თითის წვერებით ეხებოდა და გულის სიღრმიდან წამოსული ხმით გოდებდა. როცა ტირილმა ძალა გამოაცალა, მწუხარებისგან განადგურებულმა ხელით დაიწყო მიწის სწრაფად თხრა, სანამ ფართო სამარე არ გათხარა. მოკლული ახალგაზრდა კაცი იქამდე მიათრია და ნელა ჩაასვენა შიგ. სისხლით მოსვრილი თავი მხრებზე მიადო და სამარე მიწით ამოავსო, მერე კი ხმალი, რომლითაც თავი წააგდებინეს, წვერით საფლავზე დაარჭო. წასვლა რომ დააპირა, მისკენ გავემართე. შეკრთა და შიშით აცახცახდა, მზერა დახარა და ცხარე ცრემლი წვიმად წასკდა თვალებიდან. ღრმად ამოიოხრა და მითხრა: „თუ გინდა, ემირთან მიჩივლე. სიკვდილი მიჯობს. იმას მაინც მივეწევი, ვინც სირცხვილისგან მიხსნა, მის სხეულს კი ყვავ-ყორნებს საკორტნად და მხეცებს საჯიჯგნად ვერ დავუტოვებდი!” მივუგე: „ნუ გეშინია, საბრალოვ! ამ შენი ყმაწვილის ხვედრი შენზე უწინ დავიტირე! შენ ის მომიყევი, როგორ გადაგარჩინა სირცხვილისგან!”
- ემირის სარდალი მოვიდა ჩვენს მინდვრებში გადასახადების ასაკრეფად და სულადობის მოსაკრებლის ასაგროვებლად. ჩემს დანახვაზე შემაშინებელი მოწონებით შემომხედა და საწყალი მამაჩემის მიწას იმხელა გადასახადი დაადო, მდიდარიც ვერ გადაიხდიდა. მერე ხელი დამავლო, რომ ემირის სასახლეში ძალით წავეყვანე ოქროს სანაცვლოდ. ცრემლებით ვევედრებოდი და შეწყალებას ვთხოვდი, მაგრამ ყურად არ იღო. მოხუცი მამაჩემის ჭაღარას ვაფიცებდი, მაგრამ არ შემიბრალა. სოფლის კაცებს ვუხმობდი საშველად და ეს ახალგაზრდა კაცი, ჩემი საქმრო, მოვიდა და მიხსნა მხედართმთავრის სასტიკი ხელისაგან. ის განრისხდა და ჩემი საქმროს მოკვლა დააპირა, მაგრამ ამან დაასწრო, კედელზე დაკიდებულ ძველ ხმალს სწვდა და მხედართმთავარი მოცელა. ასე დაიცვა თავისი სიცოცხლე და ჩემი ღირსება. კი არ გაქცეულა, როგორც დამნაშავე მკვლელი, სულმაღლობის გამო უსამართლო მხედართმთავრის გვამის მახლობლად დარჩა, სანამ ჯარი არ მოვიდა და საპყრობილეში არ წაიყვანა ბორკილდადებული.
ახალგაზრდა ქალმა ეს ყველაფერი მითხრა, გულისმომკვლელად, მწუხარების აღმძვრელი მზერით შემომხედა და სწრაფად გაბრუნდა უკან, მისი ტკივილიანი ხმის გამოძახილი კი კვლავ ათრთოლებდა ჰაერის ტალღებს.
ცოტა ხანში გავიხედე და ძალზე ახალგაზრდა კაცი დავინახე, მოდიოდა და სახეს სამოსით იფარავდა. როგორც კი მრუში ქალის ცხედარს მიუახლოვდა, გაჩერდა, მოსასხამი გაიხადა და მის შიშველ სხეულს შემოახვია, შემდეგ ხანჯალი ამოიღო და მიწის თხრა დაიწყო, ქალის სხეული ნელა ასწია და მიწას მიაბარა. ყოველი პეშვი მიწის მიყრაზე კურცხალი ცრემლი სცვიოდა თვალებიდან. როცა საქმეს მორჩა, იქვე ამოსული რამდენიმე ყვავილი მოწყვიტა და თავჩაქინდრულმა და მზერადახრილმა საფლავზე დააწყო. წასვლა რომ დააპირა, შევაჩერე და ვკითხე: „ეს დაცემული ქალი შენ რად გერგება, მისი ჩაქოლილი სხეულის მტაცებელი ფრინველებისგან დასაცავად ემირის ბრძანების წინააღმდეგ რომ მიდიხარ და შენს სიცოცხლეს საფრთხეში აგდებ?!”
ტირილითა და უძილობით ჩაწითლებული თვალებით შემომხედა, მის დიდ მწუხარებასა და ტანჯვას რომ ამხელდა და ხრინწიანი ხმით, დროდადრო ღრმა,ტკივილიანი ოხვრა რომ სდევდა, მითხრა:
- მე ის უბედური კაცი ვარ, ვის გამოც ეს ჩაქოლეს. პატარაობიდან შეგვიყვარდა ერთმანეთი, ერთად რომ ვთამაშობდით, იმ დროიდან. ვიზრდებოდით და ჩვენი სიყვარულიც ჩვენთან ერთად იზრდებოდა, სანამ ჩვენს გულებსა და გრძნობებზე ძლიერ არ გაბატონდა, ჩვენ კი მის მსახურებად არ ვიქეცით! ის თავისკენ გვიზიდავდა და ჩვენც, გულის სიღრმეში, მოწიწებას და შიშს ვგრძნობდით მის წინაშე. ამ სიყვარულმა მოგვიცვა და გულში ჩაგვიკრა.
ერთ დღესაც, ჩემი ქალაქში არყოფნისას, მამამისმა მისი ნების საწინააღმდეგოდ იმ კაცზე გაათხოვა, რომელიც ეჯავრებოდა. როცა დავბრუნდი და ეს ამბავი გავიგე, დღეები გრძელ შავ ღამეებად მექცა, ცხოვრება – განუწყვეტელ, მწარე აგონიად! ჩემს გრძნობებს ვებრძოდი და სულის მისწრაფებების დათრგუნვას ვცდილობდი, მაგრამ გრძნობებმა მძლიეს და ისე წამიძღვნენ, როგორც ბრმას – თვალხილული წინამძღლი. ჩემს საყვარელ ქალთან მალულად მივედი და ყველაზე ბევრი, რაც მსურდა, მისი თვალის სხივის ხილვა და მისი ხმის მელოდიის ყურის მოკვრა იყო. განმარტოებული ვნახე, საკუთარ ბედს მწარედ დასტიროდა და თავის დღეებს გამოიგლოვდა. გვერდით ჩამოვუჯექი. ჩვენი საუბარი დუმილი იყო, ჩვენს შორის მესამე კი უმწიკვლობა. დიდი ხანი არ გასულა და მოულოდნელად მისი ქმარი შემოვიდა. ჩემს დანახვაზე სიბინძურე გაივლო გულში და უხეში ხელებით ცოლს ბროლის ყელში სწვდა, მთელი ხმით ღრიალებდა: „მოდით, ხალხო და ნახეთ მრუში თავის საყვარელთან ერთად!” მეზობლები მოცვივდნენ, შემდეგ ჯარისკაცებიც მოვიდნენ ამბის გასაგებად. ქმარმა ცოლი მათ დაუნდობელ ხელებს გადააბარა და მათაც თმაგაშლილი და ტანსაცმელშემოძარცვული წაიყვანეს, ჩემთვის კი ხელი არავის უხლია სავნებლად, რადგან ბრმა კანონი და დრომოჭმული, გახრწნილი ტრადიციები სჯის ქალს, თუკი ის დაეცა, კაცს კი პატიობს.
ახალგაზრდა კაცი ქალაქისკენ გაბრუნდა სახეზე სამოსმოფარებული, მე კი ჩაფიქრებული, ოხვრით დავრჩი და გარემოს ვაკვირდებოდი. რამდენიც ქარი ხის ტოტებს წამოუბერავდა, ჩამომხრვალი ქურდის გვამი ოდნავ ირწეოდა, თითქოს ამით ზეციურ სულებს შეწყალებას ევედრებოდა, ძირს ჩამოეშვათ და მიწაში ჩაეწვინათ მოკლული ვაჟკაცისა და სიყვარულს შეწირული ქალის გვერდით.
ცოტა ხანში გამოჩნდა გამხდარი, სუსტი აღნაგობის ქალი, ძველ,დაძონძილ ტანსაცმელში გამოწყობილი. ჩამომხრჩვალის გვერდით გაჩერდა და მკერდში ხელი წაიშინა. შემდეგ ხეზე აცოცდა და სელის თოკი კბილებით გადაღრღნა. მიცვალებული მიწაზე ისე დაეცა, როგორც სველი სარეცხი. ქალი დაბლა ჩამოვიდა, იმ ორი საფლავის გვერდით გათხარა სამარე და ჩამომხრჩვალი შიგ ჩააწვინა. მიწა რომ წააყარა, აიღო ორი ხის ტოტი, ჯვარი გააკეთა და საფლავის თავთან ჩაასო. როდესაც პირი იქით იბრუნა, საიდანაც მოვიდა, შევაჩერე და ვკითხე: „რამ აგიბა თვალები, ქალო, რომ ქურდის დასამარხად მოხვედი?!” ჩაცვენილი, მწუხარებისა და უბედურებისაგან ჩაშავებული თვალებით შემომხედა და მითხრა:
- ის ჩემი ქმარია, კეთილისმქმნელი კაცი, მზრუნველი მეგობარი და ჩემი შვილების მამა. ხუთი შვილი შიმშილით მეტანჯება, უფროსი მერვე წელშია და უმცროსი ძუძუთა ბავშვი, ჯერ მკერდიდან არ მომიწყვეტია… ჩემი ქმარი ქურდი კი არა, მიწის მუშა იყო, მონასტრის მიწას ამუშავებდა და ბერებისაგან მხოლოდ ერთი პურის კვერს იღებდა, საღამოს რომ გავინაწილებდით, დილისთვის ლუკმა აღარ გვრჩებოდა…
ახალგაზრდობიდან მონასტრის მინდვრებში ღვრიდა ოფლს და მკლავის ძალას არ იშურებდა მის ბაღებში. როცა დაუძლურდა, მძიმე წლებმა ძალა გამოაცალა და მის სხეულს ავადმყოფობა შემოეჩვია, მონასტრიდან მოიშორეს და უთხრეს: „მონასტერს შენ აღარ სჭირდები! ახლა წადი და შენი შვილები რომ წამოიზრდებიან, გამოუშვი ჩვენთან, მინდორში შენი ადგილი რომ დაიკავონ”.
იტირა და მეც მატირა, ევედრა მათ შეწყალებას სთხოვდა იესოს სახელით, ანგელოზებსა და წმინდანებს აფიცებდა, მაგრამ არ შეიწყალეს, არ შეიბრალეს არც ის, არც მე და არც ჩვენი მშიერ-ტიტველი პატარები. სამუშაოს საძიებლად ქალაქში წავიდა, მაგრამ იქიდანაც გამოაგდეს და უკან დაბრუნდა. სასახლეთა ბინადართ მხოლოდ ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდები უნდოდათ მსახურებად. შემდეგ შარაგზაზე დაჯდა სამათხოვროდ, თუმცა ხალხს მის მიმართ სიკეთე არ გამოუჩენია, ჩაუვლიდნენ და ამბობდნენ: „უსაქმურისა და ზარმაცისთვის მოწყალების მიცემა არ ეგების!
ერთ ღამეს, როცა გასაჭირმა ძალა გამოგვაცალა, როცა ჩვენი შვილები ძირს ეყარნენ და შიმშილისაგან იკლაკნებოდნენ, მათ შორის ძუძუთა ჩვილიც, რადგან რძე გამიშრა, ჩემს ქმარს სახე ეცვალა, ღამის სიბნელეს მისცა თავი, წავიდა და მონასტრის ერთ-ერთ სარდაფში შეიპარა, სადაც ბერები მინდვრებიდან მოწეულ ხორბალსა და ვენახების ღვინოს ინახავდნენ. ფქვილის კალათი მოიგდო ზურგზე და უკან გამობრუნება დააპირა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული, რომ ბერებს გაეღვიძათ, შეიპყრეს, ცემით სიგრძე-სიგანე გაუერთიანეს, დილით კი ჯარისკაცებს გადასცეს და უთხრეს, რომ ის საშიში ბოროტმოქმედია, რომელიც მონასტრის ოქროს ბარძიმის მოსაპარად იყო მისული. ჯარისკაცებმა იგი საპყრობილეში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი სახრჩობელაზე აიყვანეს, რათა მისი სხეულით არწივებმა ამოიყორონ მუცლები. და ეს იმიტომ, რომ შეეცადა, თავისი წვრილ-შვილის მშიერი მუცლები დაეძღო იმ ხორბლის მონარჩენით, თავისი შორმით რომ ჰქონდა მოწეული, როცა მონასტერს ემსახურებოდა.
წავიდა ის გაჭირვებული ქალი და მისმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ მონაყოლმა მწუხარე აჩრდილებად იწყო მაღლა სვლა და ისე სწრაფად მიმოიფანტა აქეთ-იქით, თითქოს კვამლის სვეტებს ქარი ეთამაშებაო.
ვიდექი სამ საფლავს შორის აცახცახებული, მწუხარებისაგან ენადაბმული ჭირისუფალივით, წამსკდარი ცრემლი რომ მეტყველებს მის გრძნობებზე. შევეცადე, ფიქრებს ჩავღრმავებოდი, მაგრამ გული შემეწინააღმდეგა, რადგან მას სიბნელის დადგომამდე ყვავილივით ფურცლები დაეხურა და ღამის აჩრდილებს თავის სუნთქვას არ აგებინებდა.
ვიდექი და ამ სამარხების მიწიდან მომჩივანი ძახილი ისე ამოდიოდა მაღლა, როგორც ხეობიდან ნისლები, ყურებში მიხმიანებდა და სათქმელს საიდუმლოდ მეუბნებოდა.
ვიდექი მდუმარე. ხალხს რომ მდუმარების ენა ესმოდეს, ღმერთებთან უფრო ახლოს იქნებოდა. ვიდრე ტყის მხეცებთან!
ვიდექი და ვოხრავდი. ჩემი ოხვრის ალი იმ მინდვრის ხეებს რომ მისწვდომოდა, ხენი დაიძვრებოდნენ, თავიანთ ადგილებს მიატოვებდნენ და მწკრივებად წაიწევდნენ წინ, თავიანთი ტოტებით შეებრძოლებოდნენ ემირსა და მის ჯარს,თავიანთი ფესვებით თავს დააქცევდნენ ბერებს მონასტრის კედლებს!
ვიდექი და ვაკვირდებოდი. ჩემი მზერიდან ამ საფლავზე ტკბილი თანაგრძნობა და მწარე ნაღველი იღვრებოდა – ახალგაზრდა კაცის საფლავზე, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად დაიცვა უმწეო ქალწულის ღირსება და გამხეცებული მგლის კლანჭებიდან იხსნა იგი. გამბედაობის სანაცვლოდ კი თავი წააგდებინეს. იმ გოგონამ მისი ხმალი მის საფლავზე მიყრილ მიწაში ჩაარჭო, რათა დარჩენილიყო სიმბოლოდ, მზისპირეთს რომ მოუთხრობდა ვაჟკაცობის ხვედრს უსამართლობისა და უმეცრების ქვეყანაში; ახალგაზრდა ქალის საფლავზე, რომლის სულსაც სიყვარული იმაზე ადრე შეეხო, ვიდრე მისი სხეულის სურვილები გაიღვიძებდა. ქვით ჩაიქოლა, რადგან მისი გული სიკვდილამდე სიყვარულის ერთგული დარჩა. შეყვარებულმა მინდვრის ყვავილების თაიგული დაადო ქალის უსულო სხეულს, რათა ყვავილების ნელი ჭკნობა და კვდომა ყოფილიყო მაუწყებელი სიყვარულით განსპეტაკებული სულების ხვედრისა მატერიალურით დაბრმავებულ და უმეცრებით დამუნჯებულ ხალხში; გაჭირვებული, ღატაკი კაცის საფლავზე, რომელსაც მონასტრის მინდვრებში ჯაფამ მკლავში ძალა გამოაცალა და ბერებმა სხვა მუშახელით ჩაანაცვლეს. ის საკუთარი შრომით პურს ითხოვდა თავისი წვრილშვილისთვის, მაგრამ ვერ პოვა, შემდეგ მოწყალებას ითხოვდა და ვერ მიიღო, და როცა სასოწარკვეთამ უბიძგა, უკან წაეღო ცოტაოდენი ხორბალი, თავისი ხელით რომ ჰქონდა შეგროვილი და ოფლი – დაღვრილი, შეიპყრეს და მოაკვდინეს. მისმა ქვრივმა ჯვარი დადო მის საფლავზე, რომ ღამის სიჩუმეში ზეციური ვარსკვლავებისთვის დაემოწმებინა ბერთა უსამართლობა, ქრისტიანული მოძღვრება მახვილად რომ აქციეს, რომლითაც თავებს აჭრიან და რომლის ალესილი პირითაც ანაკუწებენ საწყალთა და უღონოთა სხეულებს!
მზე თვალს მიეფარა, ბინდს მიღმა მიიმალა, თითქოს კაცთა საწუხარმა თავი შეაწყინა და მათი უსამართლობა ვეღარ აიტანაო. საღამომ იწყო ჩრდილისა და სიჩუმის ძაფებით თხელი პირბადის ქსოვა, ბუნების სხეულზე მის გადასაფარებლად. თვალები ზეცად აღვაპყრე, ხელები საფლავებისა და მათზე დაწყობილი სიმბოლოების მიმართულებით ფართოდ გავშალე და მთელი ხმით ვიყვირე:
„ეს შენი ხმალია მიწაში ჩარჭობილი, ო, სიმამაცევ! ეს შენი ყვავილებია, თაკარა მზით გადამწვარი, ო, სიყვარულო! ეს კი შენი ჯვარია, ღამის სიბნელით მოცული, იესო ნაზარეველო!” (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ეს ბრწყინვალე ნოველა არაბული ენიდან თარგმნა – დარეჯან გარდავაძემ