ლევან სანიკიძის გენიალური ნაწარმოებიდან – “დედა ისტორია”
„ყველამ იცოდა,მეფე-დედოფლის შუამდგომლობით უნდა გამოეშვა ნადირ-შაჰს ხორასნის ტყვეობიდან დაბრმავებული ძმები – შანშე და იესე ერისთავები.ძმა გზაზე მოჰკვდომოდა შანშეს.მოდიოდა,კუბოში ჩასვენებული ძმისა და მისი უბედურების თანაზიარი ახლობლების თანხლებით.
გივი ამილახორი იდგა და გაქვავებული მიშტერებოდა გაუბედურებულ მეტოქეს.
გაუბედურებულსო?! თუ ბედნიერს?.. დიახ,ბედნიერს,ბედნიერს…
ვინ არიანო? იკითხა ბრმამ.
გივი ამილახორი მიჰყავთ შეპყრობილი სპარსეთისაკენ, – უპასუხეს ბრმას.
გივი ამილახორიო? მაშ,მოჰკითხა ზენაარსმა გივი ამილახორს შანშე ერისთავის სისხლისა და გაუბედურებისათვის?!. გივისთან მიმიყვანეთო,უბრძანა მხლებლებს შანშემ.
მიიყვანეს.
“გამარჯვება,ამილახორო!”
“გამარჯვება,ერისთავო!”
“ხელი მომეცი,ამილახორო!”
“ხელს ვერ მოგცემ,ერისთავო!”
“რადა,ამილახორო?”
“ხელები გაკრული მაქვს,ერისთავო”.
“მაშინ მე,ბრმა,თვითონ მოვნახავ შენს ხელებს,ამილახორო!”
“მადლობელი ვარ,ერისთავო!”
“შენ სტირი,ამილახორო?”
“საიდან მიხვდი,ერისთავო?”
“ჩემს ხელებზე სცვივიან შენი ცრემლები,ამილახორო”.
“შენი ცრემლებიც სცვივიან ჩემს ხელებზე,ერისთავო!”
“შენ რისთვის სტირი,ამილახორო?”
“შენი უბედურების გამო,ერისთავო”.
“მე კი შენი უბედურების გამო ვტირი,ამილახორო”.
“ჰო,შენ ჩემზე ბედნიერი ხარ,ვინათგან მაინც საქართველოსკენ მიეშურები,ერისთავო”.
“ჰო,მე სწორედ ბედნიერი ვარ,თუმცაღა ვეღარ ვიხილავ,მაგრამ შევიგრძნობ საქართველოს და მის მიწად გადავიქცევი,ამილახორო”.
“ხოლო,მე… რა მელის იქ,ერისთავო?”
“რა მოგახსენო,ამილახორო”.
“მაინც მითხარი,ერისთავო!”
“გახსოვს ანდაზა,ამილახორო?”
“რომელს გულისხმობ,ერისთავო?”
“წასული ბევრი მინახავს,დაბრუნებული აღარავინ,ამილახორო”.
“იქნებ ღმერთმა დამაბრუნოს,ერისთავო?”
“ღმერთმა ინებოს,ჩემებრ ცოცხალი მოგაბრუნოს საქართველოში,ამილახორო”.
“მარტო ცოცხალი,ერისთავო?”
“მაშ,კიდევ რაღა,ამილახორო?”
“იქნებ თვალებიც დამინარჩუნოს მაღალმა ღმერთმა,ერისთავო!”
“ამინ,ინებოს მაღალმა ღმერთმა,ამილახორო!
“მადლობელი ვარ,ერისთავო!”
დიდხანს ტიროდნენ.
ტიროდნენ ერთიმეორის გაუკუღმართებულ წუთისოფელზე.ტიროდნენ მათი სამშობლოს გაუკუღმართებულ ჟამსაბრუნავზე.
წრფელი სინანულის ცრემლებმა შეარიგა აქამდე დანა-სისხლად გადაკიდებული ორი ქართველი.
ერთმანეთს დაემშვიდობნენ და დაშორდნენ.
ბედნიერი უსინათლო საქართველოსკენ მოისწრაფოდა.უბედური თვალხილული კი – ისფაჰანისკენ მილასლასებდა”. (ავტორი გენია.ჯი)