გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულას შესახებ…
ტანად მაღალი იყო,სახით – მეტისმეტად ფერმკრთალი,კისერი და წვივები ძალიან წვრილი ჰქონდა,თვალები და საფეთქლები – ჩაცვენილი,შუბლი – ფართო და კოპებშეკრული,თავზე თხელი თმა ჰქონდა,კეფაზე – სულაც მოტვლეპილი,ტანზე კი ხშირი ბალნით იყო დაფარული.ამიტომ მისი ჩასვლისას ვინმეს რომ ზემოდან გადმოეხედა ან რაგინდარა მიზეზით უბრალოდ სიტყვა “თხა” დასცდენოდა,მომაკვდინებელ დანაშაულად მიიჩნევდა.თავის ისედაც უშნო და სასტიკ სახეს სარკის წინ საგანგებოდ ჭმუხნიდა,მისთვის უფრო მძვინვარე გამომეტყველება რომ მიეცა; მიზნად ჰქონდა,მის დანახვაზე ადამიანები დაზაფრულიყვნენ და შიშს აეტანათ.ვერც სხეულის სიმრთელეს დაიჩემებდა და ვერც სულისას.ბავშვობაში ეპილეფსია სჭირდა.ჭაბუკობაში ბევრი შრომა კი შეეძლო,მაგრამ ზოგჯერ ისეთი უეცარი უძლურება დარევდა ხელს,რომ გაჭირვებით დალასლასებდა,ფეხზეც სიმწრით იდგა და გონზეც ძლივს მოდიოდა.გონი რომ ემღვრეოდა,თავადვე გრძნობდა,ყველაფერს თავს ანებებდა და ტვინის დაწმენდის მიზნით განმარტოებას ცდილობდა.ირწმუნებიან,რომ ცოლმა,ცესონიამ დაალევინა რაღაც შესაყვარებელი წამალი,რამაც სიყვარულის ნაცვლად ჭკუა აურია.განსაკუთრებით უძილობა ტანჯავდა; მართლაც,ღამით მხოლოდ სამ საათს ეძინა და ესეც არ იყო მშვიდი და მოსვენებული ძილი; უცნაური მოლანდებები უფრთხობდა ძილს.მაგალითად,ერთხელ სიზმრად იხილა,რომ რაღაც ზღვის ურჩხული ესაუბრებოდა.უძილოდ წოლა ეზიზღებოდა და ღამის დიდ ნაწილს ხან მჯდომარე ატარებდა,ხანაც უგრძეს კოლონადებში დაეხეტებოდა.როგორც წესი,მუდამჟამ დღის ნათელს უხმობდა და ერთავად მის მოლოდინში იყო. (ავტორი გენია.ჯი)
შესაძლოა მისი გონების ამგვარ მდგომარეობასაც მიეწეროს მასში ჩაბუდებული სრულიად საპირისპირო ხასიათის მანკიერებები: ერთი მხრივ,სრული თავდაჯერებულობა,მეორე მხრივ კი – განუზომელი სიმხდალე. და მართლაც,კაცი,რომელიც ღმერთებს ამ ზომამდე არად აგდებდა,სულ უმნივნელო ჭექა-ქუხილზეც კი თვალებს ხუჭავდა და თავს იბურავდა,ხოლო უფრო ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს,როგორც წესი,წამოხტებოდა და საწოლქვეშ იმალებოდა.ასეთი შიზოიდური ხასიათის მქონე ადამიანისაგან არ არის გასაკვირი,რომ მან გენიალური ჰომეროსის ნაწარმოებების განადგურება დაისახა მიზნად.იგი კითხულობდა,თუკი პლატონს ჰქონდა უფლება თავისი სახელმწიფოდან ჰომეროსი გაეძევებინა,მე რატომ არ მაქვს ამის უფლებაო.გარდა ჰომეროსის უკვდავი ნაწარმოებებისა,სძულდა ვერგილიუსისა და ტიტუს ლივიუსის ქმნილებებიც და ბრძანა ისინი ბიბლიოთეკებიდან მოეშორებინათ.ვერგილიუსს,რაოდენ კომიკურიც არ უნდა იყოს,კალიგულა,უნიჭოს და მცირემცოდნეს უწოდებდა,ხოლო ტიტუს ლივიუსს კი ჭარბსიტყვაობაში სდებდა ბრალს. (ავტორი გენია.ჯი)
ასე აგვიღწერა გაიუს სვეტონიუს ტრანკვილიუსმა რომის შიზოიდი და პათოლოგი იმპერატორი – “კალიგულა”,იგივე – “ჩექმუკა”.