გიზო ზარნაძის “მოგონებათა ნამცვრევი”-დან…
უნივერმაღის მესამე სართულზე,იქ,სადაც ფართლეულების სექცია იყო,ვაჭრობის მუშაკის ფორმიანი ქალიშვილი დგას დახლში და მის გვერდითვე მდგომ ვიღაც გოგონას,არა ვაჭრობის მუშაკს,რადგან მომხმარებელთა ხალვათობაა,სიცილ-კისკისით უყვება რაღაცას.
გალაკტიონს ჩესუჩის შარვალი და მკერდმოღეღილი პერანგი აცვია,მაგრამ მაინც ოფლად იღვრება.ეტყობა,ალკოჰოლის გამოც.
მიადგა,თურმე,დახლს და ეკითხება გამყიდველს,აი ის,მიხაკისფერი ქსოვილი რა ღირსო. (ავტორი გენია.ჯი)
ამდენი და ამდენიო,მიუგებს იგი და განაგრძობს თანამოსაუბრესთან ჭორაობას.
- კაი დაგემართოს! ხოლო,ეგ გოგონა რა ღირს? – ეკითხება გალაკტიონი ნახევრად ხუმრობით,აქაოდა,თუ თანამშრომელი არაა,დახლში რა უფლებით დგასო!
სწორედ ამ სიტყვებზე დასტყდომია თავს მეხი – იქვე მდგარი დედაკაცი,”გამოსულა სცენაზე”: გოგონა რა ღირსო,არა? შე გათახსირებულო ბერიკაცო! მე შენ გიჩვენებ სეირსო!
შეშფოთებული გალაკტიონი ჩქარი ნაბიჯით ცდილობს,განერიდოს იქაურობას,მაგრამ ძაღლისა არ იყოს,გაქცეულს რომ დაედევნება,გაანჩხლებული დედაკაცი ფეხდაფეხ მისდევს.
- გამსკდარხარ,ჩამხრჩვალხარ ღვინოშია,შენ კი ჩაგასკდეს გულ-გვამი, და რას კადრულობ, ა? შვილიშვილად შეგეფერება! ოი,შე არგასათენებელო,შენა!
ამ დროს სეირის მაყურებელ ხალხს გამოეყო ერთი ჯეელი,მივარდა დიდი პოეტის მთათხავთან და ეკითხება (სწორედ ამ მომენტიდან ვხდები მეც ყოველივეს მოწმე): თქვენ,ქალბატონო,იცით,ვინაა ეს კაცი?!
არ უგდებს ყურს,ვერ იოკებს ნერვებს: გოგონა რა ღირსო! შე უნამუსო,შენა!
- ეე,ქალო! – შეჰყვირა ახალგაზრდამ და მკლავში ჩაავლო ხელი, – მორჩი ლანძღვა-გინებას! ეგ კაცი გალაკტიონ ტაბიძეა,სახალხო პოეტი!
დედაკაცი წამიერად გაყუჩდა და ახედ-დახედა ჭაბუკს,რომელმაც დაუმატა: ხომ უნდა იცოდეთ,ვის ლანძღავთ!
მაგრამ არა! ახლა სწორედ ის ჭაბუკი ამოიღო მიზანში.
- ვინაა სახალხო პოეტი გალაკტიონ ტაბიძე! ესაა?! ვინაა გალაკტიონი?! შე აფერისტო! ნამუსს უწმენდ,არა? ვინაა გალაკტიონი?! გალაკტიონ ტაბიძე იკადრებდა ამას?! გეტყობა,შენც მისი კუდი ხარ!
თვალს ვერ ვწყვეტ პოეტს,კია შეშფოთებული,მაგრამ,ატყობს,სამშვიდობოსაა უკვე.იცნეს,იცნეს საყვარელი პოეტი! ღიმილი უკრთის თვალებში,ისვამს წვერზე ხელს,ჩამოდის კიბეზე და მხრებაწურვილი ჩუმად იმეორებს დედაკაცის სიტყვებს: ვინაა გალაკტიონი?! ესაა გალაკტიონი?! (ავტორი გენია.ჯი)