ალექსანდრე კუპრინის ნაწარმოებიდან – „ჟანეტა”

„ – ის, ვინც ბავშვებისათვის კარგი წიგნი დაწერა ან გამოიგონა ბავშვის შარვალი, რომელიც მოძრაობაში ხელს არ უშლის და არ აწუხებს, უფრო ღირსია მადლიერი უკვდავებისა, ვიდრე ყველა მანქანის გამომგონებელი და ქვეყნების დამპყრობი”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საზრიანი და მამაცი წინამძღოლი ჭანჭრობშიაც იოლად გავა. სულელი ლაჩარი კი სწორ ადგილზედაც კისერს მოიტეხს”.

* * *

„რა არ უჩუქებია პარიზს მთელი მსოფლიოსთვის. ყველაზე უფრო ბრწყინვალე, ყველაზე უფრო მდიდრული, ყველაზე უფრო ძლევამოსილი და ყველაზე უფრო აბსოლუტური მონარქიზმი და ყველაზე უფრო უძლეველი რევოლუციები; პასკალის სიბრძნე და ოფენბახის ოპერეტა, რაბლეს სიცილი და ვოლტერის გესლიანი ირონია, მოაზროვნეთა ღრმა აფორიზმები, კამბრონის ტლანქი, ამასთან საუცხოო ისტორიული სიტყვა, განთქმული პარფიუმერების სუნამო და სუვარენის ბრძნული წიგნი: „გემოს ფიზიოლოგია”.

მრავალი საუკუნის განმავლობაში პარიზი ქალთა მოდების ერთხმად აღიარებული მეფე და მბრძანებელი იყო და კიდევ მრავალ საუკუნეს გაძლებს ამ ტახტზე. ასევე იქნება იგი სხვა ხალხებზე უფრო წინ მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, მშენებლობის, იურისპოდენციის, მედიცინის, საინჟინრო ხელოვნების და მეცნიერებათა და ხელოვნებათა სხვა დარგებში.

პარიზის მარკა – ეს არის დიდებისა და უკვდავების ტაძარში შესასვლელი ბილეთი. ეს იციან არა მარტო მეცნიერებმა, არა მარტო სახელგანთქმულმა მწერლებმა, მხატვრებმა, მოქანდაკეებმა, კომპოზიტორებმა, მუსიკოსებმა, მომღერლებმა, არამედ მეფოკუსეებმა, მკითხავებმა, ჟოკეებმა, კლოუნებმა, მოხეტიალე აკრობატებმა და წინასწარმეტყველებმა. პარიზი მოიძუნწებს ფულის სულელურ ჩუქებაში, მაგრამ მისი ტაში მთელ დედამიწაზე გაისმის. და რა კეთილშობილურად ინახავს პარიზი იმათ ხსოვნას, ვინც სიცოცხლეში მისი სიყვარულის ღირსი გახდა. მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება მეორე ქალაქი, სადაც ასე პარიზულად მდიდრულად უკვდავყოფილიყოს ამ ქვეყნიდან წასული დიდი ადამიანები ქანდაკებებსა და ქუჩათა სახელწოდებებში. ჭეშმარიტად, პარიზი მთელი მსოფლიოს ჩირაღდანი და დედაქალაქია”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მართალი არიან ის ბრძენი მასწავლებლები, რომლებიც გვირჩევდნენ ჩვილი ბავშვი აღვზარდოთ სილამაზისა და სიკეთის გარემოში, მოზრდილი ბალღი – სილამაზისა და საწყისი ცოდნის გარემოში, ყრმა სილამაზისა და  ფიზიკური განვითარების გარემოში, ჭაბუკები და ქალწულები კი – სილამაზისა და სწავლის გარემოში”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>